ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში რუდი გარსიას „ნაპოლი“ სტუმრად „უნიონ ბერლინს“ დაუპირისპირდა და არავინ იცის, მოიგებდა თუ არა, რომ არა ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი მოქმედება. კვარამ 65-ე წუთზე მეტოქეს გვერდი აუარა, საჯარიმოში შევიდა და ჯაკომო რასპადორის ისეთი პასი გაუკეთა, იტალიელს გოლის გატანის გარდა არაფერი დარჩენოდა. ეს იყო ამ შეხვედრაში ნეაპოლელთა ერთადერთი ზუსტი დარტყმა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე პირველი საგოლე პასი გააკეთა, ყველა ტურნირზე კი მისი მონაგარი ასეთია: 11 მატჩი, 3 გოლი, 4 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი.
უეფამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა, რომელსაც სპეციალური ჯილდოც გადასცეს, რაც მატჩის საუკეთესო მოთამაშისთვის ჩემპიონთა ლიგაზეა განკუთვნილი.
„ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით 6 ქულა დააგროვა და ჯგუფში მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „უნიონს“ უკვე შინ დაუპირისპირდება. ჯგუფს მადრიდის „რეალი“ ლიდერობს 9 ქულით, რომელმაც სტუმრად „ბრაგას“ 2:1 აჯობა.
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „უნიონ ბერლინთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. როდესაც გუნდი ზედიზედ 8 მარცხს განიცდის, სტატისტიკური ალბათობა იმისა, რომ დადებით შედეგს მიაღწევს, უფრო მაღალია, ვიდრე იმის, რომ კიდევ წააგებს. გარდა ამისა, ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა, რადგან ფიზიკურად ძლიერი გუნდია, რომელიც კონტრშეტევებზე კარგად თამაშობს.
თუმცა ჩვენ მშვიდად ვიყავით, ჩვენს კართან საფრთხე არ ყოფილა, თუმცა, ისიც მართალია, რომ ჩვენც ცოტა მომენტი გვქონდა. მეორე ტაიმში გამოვიჩინეთ მოთმინება და გონიერება გოლისკენ მიმავალ გზაზე. კვარას პასი მშვენიერი იყო ტექნიკური თვალსაზრისით, მომეწონა გოლი, არა მარტო ლამაზი პასის გამო, არამედ მანამდე დაბრუნებული ბურთის გამოც.
როდესაც თამაში კარგად არ მიგდის და ლამაზად ვერ თამაშობ, საჭიროა ერთად ბრძოლა და დღეს სწორედ ამის ხარჯზე გავიმარჯვეთ. ეს მნიშვნელოვანი 3 ქულაა, მაგრამ ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, რომ ჯგუფიდან გავედით, მომდევნო ტურის შემდეგ უკვე შეიძლება ასეთი დასკვნების გაკეთება, მაგრამ ახლა ადრეა“, – აღნიშნა გარსიამ.
„უნიონ ბერლინის“ მთავარმა მწვრთნელმა ურს ფიშერმა აღნიშნა რომ გოლის მომენტში გამოჩნდა ხვიჩა კვარაცხელიას ხარისხი და ასეთი ძლიერი ფეხბურთელის გაჩერება 90 წუთის განმავლობაში ვერ შეძლეს.
„გუშინ ვთქვი, რომ ყველაზე მეტად „ნაპოლის“ ფლანგების მეშინოდა, მაგრამ კარგად ვითამაშეთ და მათ ბევრი სახიფათო მომენტი არ ჰქონიათ. კომპაქტურად ვითამაშეთ და „ნაპოლის“ ბურთი ბევრჯერ არ დავუთმეთ. სამწუხაროდ, გოლის მომენტში ვნახეთ კვარაცხელიას ინდივიდუალური ხარისხი და ვერ მოვახერხეთ ასეთი ძლიერი ფეხბურთელის 90 წუთის განმავლობაში შეჩერება.
მთლიანობაში, ვფიქრობ, კარგად ვიცავდით თავს და კარიგ თამაში ვაჩვენეთ. ვიცით, რომ „ნაპოლი“ ძლიერი გუნდია და ყველაფრის მიუხედავად, მათი შეჩერება შევძელით. რა თქმა უნდა, „ნაპოლი“ ძალიან ეფექტიანი იყო, მაგრამ გამიკვირდა, რომ გოლის გარდა, მეტი სახიფათო მომენტი არ ჰქონიათ. ჩვენ გვქონდა საგოლე შანსები, ერთი გოლი არ ჩაგვითვალეს მცირე თამაშგარეს გამო, კარგად ვიმუშავეთ. ეს ადასტურებს, რომ ეს გუნდი ისევ ცოცხალია და ამით კმაყოფილი ვარ. ძნელია ჩვენს მდგომარეობაში სიმშვიდის შენარჩუნება, კრიტიკაც იქნება, ეს თამაშის ნაწილია. ამ თამაშში ჩემს გუნდს ვერაფერს დავაბრალებ, ღირსეულად ვითამაშეთ, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში“, – თქვა ფიშერმა.
თავად ხვიჩა კვარაცხელიამ „უნიონ ბერლინთან“ მატჩის შემდეგ, შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„პირველ რიგში, გამარჯვებით და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოთი ბედნიერი ვარ, მაგრამ წინ უმნიშვნელოვანესი მატჩები გვაქვს და ასე უნდა გავაგრძელოთ, გამარჯვებებით. ძალიან ბედნიერი ვარ და მადლობა დაფასებისთვის. კარგი პასი იყო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ რასპამ გოლი გაიტანა და მადლობა მას ამისთვის. ასე უნდა გავაგრძელოთ, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვის ვეთამაშებით, ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ მოედანზე მოსაგებად გავდივართ და დღესაც ასე მოვიქეცით”.
იტალიურმა მედიამ ქართველი ფეხბურთელის თამაში შემდეგნაირად შეაფასა:
Eurosport 7 ქულა – „ერთი ტაიმის განმავლობაში მუდმივად სამი მეტოქე ჰყავდა. შემდეგ სცენაზე გავიდა და მარცხენა ფლანგზე თავისი აჩქარებებით თავის სტილში ოქროს საგოლე პასი გააკეთა“.
Sportmediaset 7 ქულა – „როცა ის ანათებს, „ნაპოლიც“ ანათებს. ნახევარი „უნიონი“ გააყვითლა და ყველა სახიფათო შეტევა მისი ფეხებიდან დაიბადა. რასპადორის უნაკლო პასი გაუკეთა“.
Tuttonapoli 7.5 ქულა – „მოედანზე სივრცე ყოველთვის ცოტა ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად ქართველი ჯადოქარი იგონებს საოცარ პასს რასპადორის გოლზე“.
Il Giornale 7 ქულა – „როცა ანათებს, „უნიონ ბერლინის“ მცველებისთვის მტკივნეულია. გამარჯვების გოლი მისი დიდებული მოქმედებით გავიდა“.
OaSport 7 ქულა – „ყოველ ჯერზე, როცა ბურთს ეხება, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მეტოქისთვის ზიანის მიყენება შეუძლია. ქართველი, როგორც ჩანს, გასული სეზონის პირველი ნახევრის დონეს დაუბრუნდა. მან მეტოქეები გააგიჟა, საოცრად ტექნიკურია. რასპადორიზე საგოლე პასამდე ალბათ მხოლოდ ბოლო პასი აკლდა, მაგრამ მერე რა ქნა? მომაკვდინებელია“.
Tuttomercaweb 7 ქულა – „ერთი საათი მხოლოდ მისი გამონათებები უქმნიდა „უნიონის“ დაცვას პრობლემებს, მერე კი მისმა მოქმედებამ „ნაპოლის“ გზა ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფიდან გასვლისკენ მიმართა“.
Calciomercato 7 ქულა – „მოძრაობები მისია, როგორც დრიბლინგებში, ასევე სივრცეების ათვისებაში. ფიშერმა მის წინააღმდეგ 11 გალია შექმნა, რადგან სადაც არ უნდა წასულიყო, ყველგან ხვდებოდა მეტოქე, ზონური მეურვეობა, რომელსაც უმეტესად ტრიმელი და დოეხი მიმართავდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში მათ გასცდა, მაგრამ კნოხე დარტყმას უბლოკავს. გადამწყვეტია და „ნაპოლის“ ის ჟანგბადივით სჭირდება, განსაკუთრებით, ოსიმენის დაბრუნებამდე“.
ავტორი