ოზურგეთის საკრებულოს ფრაქციის “საქართველოსთვის” თავმჯდომარე, რაიონის ლიდერი ალეკო ბურჭულაძე. თანაპარტიელის გია ცეცხლაძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.
„გვინდა მოკლედ გამოვეხმაუროთ გია ცეცხლაძის განცხადებას. პარტიიდან წასვლის მის მიერ დასახელებული მიზეზი არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ეს კარგად იციან როგორც გია ცეცხლაძემ, ასევე იმ პირებმა, რომლებიც მას აღნიშნული ტექსტის შედგენაში დაეხმარნენ. ამ ნაბიჯით გია ცეცხლაძემ საკუთარი რეპუტაცია გაანადგურა, რადგან მის მიერ გამოქვეყნებული განცხადების შინაარსი არა მხოლოდ მის ამჟამინდელ მიზნებზე, არამედ მის წარსულ ქმედებებზეც მეტყველებს და ცხადი ხდება, რატომ და რა განზრახვით იყო ის ჩვენს პარტიაში.
შესაბამისად, მის მიერ ბოდიშის მოხდა იმ ხალხისთვის, ვინც ვითომდა შეცდომაში შეიყვანა, სრულიად ყალბია. ცხადია, სჯობდა საზოგადოებისთვის სიმართლე ეთქვა. სიმართლე კი ის არის, რომ მას უმუშევრობის პირობებში მაღალი თანამდებობა და ხელფასი სჭირდება. ეს განცხადებაც ამ მიზნის მიღწევას ემსახურება.
სამწუხაროა, რომ ამით მან საკუთარი ავტორიტეტი და წარსულში მცირედი ადამიანების ნდობა მაღალი ხელფასის მოლოდინში გაცვალა. რაც შეეხება ჩვენს პარტიას და მის წევრებს, ჩვენ ვიდექით და კვლავაც ვიდგებით იმ ღირებულებებისა და იდეების ირგვლივ, რომელიც გვაერთიანებდა და რომელიც მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის ბრძოლას უკავშირდება. სამწუხაროდ, ყველას არ შეუძლია ამის გაკეთება”, _ ალეკო ბურჭულაძე.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, გია ცეცხლაძემ, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
გიორგი ცეცხლაძემ, გახარიას მთავარი მოღალატე უწოდა და განაცხადა, რომ მან არაერთ ადამიანს აუბნია თავგზა.
ცეცხლაძის განცხადებას გამოეხმაურა პარტიის აღმასრულებელი მდოვანი ბერდია სიჭინავა. მისი თქმით, “ის, რაც გია ცეცხლაძემ იკადრა, სუს-ში დაწერილი სცენარია”.