გურიაში მომხდარი დამანგრეველი სტიქიიდან უკვე ორი თვე გავიდა, მაგრამ დაზარალებული მოსახლეობის სამომავლო ბედის შესახებ, ჯერ კიდევ გარკვეული ბუნდოვანებაა. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ითვლიან ზარალს, სპეციალისტების დასკვნების მოლოდინში კი დრო გადის, ზამთარიც ახლოვდება და თავად განსაჯეთ, რა დღეშია ისედაც გასაცოდავებული მოსახლეობა.
მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ცხრა სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე სტიქიით დაზარალებულებს პირობა მისცა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად დაეხმარებოდა ყველა ოჯახს, რომელსაც სტიქია შეეხო.
“ეს მართლაც ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩვენი ქვეყნისთვის. სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში დაუდგება ამ ოჯახებს. ჩვენ დავითვლით სტიქიის შედეგებს, ზიანს და მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას, ვისაც ეს სტიქიური უბედურება შეეხო. ჩვენ მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით ჩვენს ხალხს”, _ პირობა მისცა მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა სტიქიით დაზარალებულ ადამიანებს.
თუმცა, კარს მომდგარი ზამთრის ფონზე, როგორც თავად დაზარალებულები ამბობენ, დაპირებული დახმარება იგვიანებს და სრულ გაურკვევლობაში ყოფნა გაუსაძლისი ხდება.
ირკვევა, რომ სტიქიით დაზარალებულთა ნაწილს, რომელთა სახლებიც გეოლოგების პირველადი დასკვნით საცხოვრებლად გამოუსადეგარია, ღამის გათევა ავარიულ და დამეწყრილ სახლებში უწევს. ნაწილი კი, ახლობლებთანაა შეხიზნული და ელოდება, როდის მიიღებს სახელმწიფოსგან კუთვნილ კომპენსაციას, რომ სახლის შეძენა მოახერხოს.
“რამდენიმე დღის წინაც იყვნენ ჩვენთან მოსულები და ვიცით, რომ გასახლებას ვექვემდებარებით, თუმცა, ჯერჯერობით, კონკრეტული არაფერია. სახლიც შერჩეული გვაქვს შესაძენად, მაგრამ ველოდებით, როდის მივიღებთ სახელმწიფოსგან დანაპირებ კომპენსაციას. ზოგი ამბობს, რომ 30 ათასი ლარი იქნებაო, ზოგი კი, 50 ათასი ლარიო, მაგრამ ზუსტად რამდენი იქნება და როდის, ამაზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ჰოდა, სანამ თანხა იქნება, ისევ ჩვენს ავარიულ სახლში ვაგრძელებთ ცხოვრებას. გვეშინია, განსაკუთრებით წვიმის დროს, სულ ცუდის მოლოდინში ვართ, მაგრამ რა ვქნათ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ხელზე ფული თუ არ გვექნება, ნისიაზე ვინ მოგვყიდის სახლს?!” _ ამბობენ “გურია ნიუსთან” საუბარში სტიქიით დაზარალებულები.
სოფელ ნინოშვილის მკვიდრი 86 წლის რობერტ გოგუაძე ერთ-ერთი იმათგანია, რომლის მთელი ცხოვრების ნაშრომ-ნაჯაფი სტიქიამ სრულად გაანადგურა და ახლა, ქალიშვილის ოჯახს შეხიზნული, ელოდება, როდის შეასრულებს ხელისუფლება მისთვის მიცემულ პირობას და როდის შეძლებს, რომ კვლავინდებურად საკუთარი ჭერი ჰქონდეს. როგორც დაზარალებულის შვილი ნანა გოგუაძე ჩვენთან საუბარში ჰყვება, მიუხედავად იმისა, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს არაერთხელ ჰქონდათ მცდელობა, ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიეღოთ კონკრეტული ინფორმაცია, რა ბედი ელით სტიქიით დაზარალებულებს, მათ ეს ვერ შეძლეს და ახლა დახმარებას ჟურნალისტებისგან ელიან, ეგებ, თქვენ მაინც შეძლოთ ინფორმაციის მოძიებაო. მეტიც, იგი ხელისუფლებას სრულ უყურადღებობაში ადანაშაულებს.
ნანა გოგუაძის თქმითვე, მათი სახლი იმდენად დაზიანდა, რომ დედა, რომელიც სტიქიიდან რამდენიმე დღეში გარდაეცვალა, ნათესავის ოჯახიდან გაასვენეს.
“სექტემბერში, გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალდა მამაჩემი. დაუზიანდა საცხოვრებელი სახლი და მისი მთელი ცხოვრების ნაშრომ-ნაწვალები მთლიანად წაიღო მეწყერმა. მამას ორი ქალიშვილი ჰყავს. ერთ-ერთი ვარ მე, ქობულეთში ვცხოვრობ, ნაქირავებ ბინაში. მამა ჩემთან წამოვიყვანე, რადგან გეოლოგებმა არ მისცეს იქ ცხოვრების უფლება, რადგან სახლი მთლიანად დაბზარულ-დახეთქილია.
19 სექტემბერს, სტიქიიდან 10 დღის შემდეგ, დედა გარდამეცვალა და ნათესავის სახლიდან მოგვიხდა მისი გასვენება. ამის შემდეგ, რაც ეს ამბავი მოხდა, არავის ერთი ზარი ან დახმარება, ან თანაგრძნობა არ გამოუხატავს. უბრალოდ, აიღეს და ეს კაცი მოაშორეს, გამოიყვანეს იმ სახლიდან და მორჩა. თანაც, მამას ორმხრივი თიაქარი აქვს და ასაკის გამო ოპერაციას ვერ ვუკეთებდით.
პირადად მე მივწერე მერს, ალექსანდრე სარიშვილს, თუ რას უპირებდა სახლებიდან გამოყრილ ამ ადამიანებს, არსად წასასვლელი რომ არ აქვთ?! სანამდე უნდა იყვნენ სხვის ბინაში, სხვის იმედზე?! სახელმწიფომ როდის უნდა იზრუნოს მათ დასახმარებლად?! ამდენი ხანი გავიდა და ერთი ზარიც კი არავის განუხორციელებია ჩვენთან. მაინტერესებს მათი პასუხი, როდის მიიღებენ ეს ადამიანი ადეკვატურ დახმარებას? რით ეხმარება სახელმწიფო? ერთი განაცხადა ჩვენმა პრემიერმა, ეკონომიკის ცხრანიშნულიანი ზრდით რომ იწონებს თავს, ამ ხალხს დახმარებას გავუწევთო და იმის შემდეგ არც არაფერი, სრული დუმილი.
ყველას ღარიბაშვილისა და პარლამენტის წევრთა მამებივით ხომ არ აქვს მილიონები?! მამაჩემი საკუთარი პენსიის იმედადაა და ყოველდღე ელოდება, რომ მოვა ვინმე და რაიმე ახალ ამბავს ეტყვის, თუ რას უპირებს მას სახელმწიფო. გადის ეს დღეები, ეს თვეები, ზამთარიც მოდის და ხალხი დაბზარულსა და მეწყრისგან წაღებულ სახლში ცხოვრობს. სანამდე?! ხომ უნდა იყოს რაღაც გამოსავალი, ხომ უნდა გაგვაგებინონ, რას გვიპირებენ? ვინმემ ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლებიდან ხომ უნდა მიაწვდინოს ამ ადამიანებს კონკრეტული ინფორმაცია?!
სარიშვილს მივწერე მესინჯერში, მაგრამ წაკითხულიც არ აქვს. ჩვენს ვერ ვახერხებთ მთავრობის წარმომადგენლებთან დაკონტაქტებას და იქნებ, თქვენ, ჟურნალისტებმა გვიშუამდგომლოთ და გაგვიგოთ, რას გვიპირებენ.
ჩემმა დისშვილმა ნაცნობების დახმარებით შეძლო იმის გარკვევა, რომ მამა ნამდვილად იმ სიაშია, ვინც გასახლებას ექვემდებარება. ადგილზე მოსულმა გეოლოგებმაც გვითხრეს, რომ სახლი საცხოვრებლად უვარგისია, თუმცა, ჯერჯერობით, ხელში არანაირი ოფიციალური დოკუმენტი არ გვაქვს.
სტიქიის შემდეგ ჩემი შვილი დადიოდა და ლანჩხუთის მასშტაბით ეძებდა საცხოვრებელ სახლს, რომ გვეყიდა, მაგრამ ისეთი ფასები ადევს, მაგხელა თანხას ჩვენ ვერ გავწვდებით. სახელმწიფოსგან რის იმედი უნდა გვქონდეს, ესეც არ ვიცით. მერიაშიც იყო მისული ამბის გასაგებად, მაგრამ ვერც ერთი პასუხისმგებელი პირი ვერ ნახა ადგილზე, უთხრეს, რომ შესვენებაზე იმყოფებოდნენ. სადამდე უნდა ვიყოთ ასეთ მდგომარეობაში? ხალხზე არავინ ფიქრობს.
ისიც გავიგე, რომ წლევანდელ ბიუჯეტში საჭირო თანხა არ არის გათვალისწინებული და შესაბამისად, წელს ვერ მოხდება დაზარალებულებისთვის დახმარების გაწევაო. 100 პროცენტით ვერ ვიტყვი, რამდენად მართალია ეს, თუმცა, მე ასეთი ინფორმაცია მაქვს და ვშიშობ, რომ მომავალ წლამდე ასე გაურკვევლობაში მოგვიწევს ყოფნა, არადა, წინ ზამთარია”, _ გვიყვება სტიქიის შედეგად დაზარალებული.
ნანა გოგუაძის მხრიდან გაჟღერებულ კითხვებზე პასუხის მისაღებად “გურია ნიუსი” მუნიციპალიტეტის პირველ პირს, ალექსანდრე სარიშვილს დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, საბოლოო პასუხი თუ რამდენი ოჯახი ექვემდებარება გასახლებას სტიქიის ზონიდან, რამდენიმე დღეში იქნება, თუმცა, ვერაფერი გავარკვიეთ კომპენსაციის ოდენობაზე:
“მთავრობის სხდომაზეც და პარლამენტშიც გაკეთდა ამის თაობაზე განცხადებები და ვიცით, რომ რამდენიმე მილიონი ლარიც გამოიყო სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად. ჯერჯერობით, გეოლოგების საბოლოო დასკვნები, რომ ყველა ოჯახზე ერთიანად მოხდეს დახმარების გაწევა, არ არის მოსული. თუმცა, კვირის ბოლოსთვის ველოდებით და სრულად იქნება დასრულებული ეს თემა, რის შემდეგაც ერთიანად მოხდება თანხის ჩამორიცხვა. ამ ეტაპზე რაც მაქვს ინფორმაცია, ლანჩხუთში 264 ოჯახი ექვემდებარება განსახლებას. იმ ოჯახებს კი, რომელსაც წინასწარ სიტუაციაში უწერია გასახლება და იმყოფებიან ნაქირავებ ფართში, სახელმწიფო უხდის ქირავნობის თანხას. სამწუხაროდ, დიდი იყო ზარალი ამ კუთხით და ამიტომაც დროში გაიწელა გეოლოგების სამუშაო პროცესი და როგორც კი დასრულდება ეს საქმე, მაშინვე შესაძლებელი იქნება ფინანსური კომპენსაციების გაცემა ამ ოჯახებზე. კონკრეტულად, რამდენი იქნება თითოეულ ასეთ ოჯახზე გასაცემი თანხა, ამაზე, ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით”, _ გვითხრა სარიშვილმა.
ავტორი