“2026 წლის ბოლის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება”, _ ასეთია საქართველოს მთავრობის დაპირება, რომელმაც 2022 წლის აგვისტოში მასშტაბური პროექტის _ 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პირველი ეტაპი გამოაცხადა. სექტემბერ-ოქტომბერში ტენდერი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადდა. პროექტის თანახმად, დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი 2023-2024 წლებში უნდა გამოცხადდეს და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი უნდა დასრულდეს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც 24 საჯარო და 1 კერძო სკოლა ფუნქციონირებს, უკვე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლას, გიორგი ლომაძის სახელობის სოფელ ლესის საჯარო სკოლას, ქალაქის #3 საჯარო სკოლასა და სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლის გულიანის დაქვემდებარებული კორპუსს.
დღეის მონაცემებით კი, ლანჩხუთში სამ საჯარო სკოლაში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები: ქალაქის პირველ საჯარო სკოლას, სოფელ ღრმაღელის საჯარო სკოლას და სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლას თითქმის თორმეტ მილიონ ლარად გაარემონტებენ. სამივე შემთხვევაში, სამუშაოების მწარმოებელი კომპანია “საბაკონტრაქშენია” და ჯამში, ბიუჯეტიდან 11 926 047,7 ლარის გახარჯვაა საამისოდ გათვალისწინებული.
ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2022-2023-2024-2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით (როცა დამპროექტებელიც და მშენებელიც ერთი და იგივეა), აღნიშნულმა კომპანიამ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციაზე სახელმწიფოსთან გააფორმა ჯამურად 549 203 770,0 ლარის ღირებულების ხელშეკრულება, რომელიც, ჯამში, 75 ობიექტს მოიცავს.
“გურია ნიუსმა” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოითხოვა ინფორმაცია, თუ რომელი სკოლები აღარ ექვემდებარება აღდგენა-გამაგრებას. მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დემონტაჟს ექვემდებარება სოფელ ნიგოითში მდებარე საბაზო სკოლა, რომლის ნაცვლად, ახალი შენობის აგებაა გათვალისწინებული. მართალია, ახალი სკოლის მშენებლობის წინააღმდეგი არავინაა, თუმცა, ძველი შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
ნიგოითის საჯარო სკოლა
ერთ-ერთი, ვინც აღნიშნული სკოლის შენობის დემონტაჟს ეწინააღმდეგება საქართველოს პარლამენტის ლანჩხუთელი ოპოზიციონერი წევრი ნიკა მაჭუტაძეა. მაჭუტაძემ ამის თაობაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს წერილობითი მიმართვაც გამოუგზავნა:
“მოგეხსენებათ, დაიწყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის სკოლის ისტორიული შენობის დემონტაჟი. ნიგოითის სკოლის ისტორიული მნიშვნელობა ცნობილია სპეციალისტებისა და გურიის ისტორიის მკვლევართათვის, ასევე, ფართო საზოგადოებისთვის. ხოლო თავად შენობის სიძველე დადასტურებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში, რომელიც მე, როგორც პარლამენტის წევრს, მომაწოდა განათლების მინისტრმა ბატონმა მიხეილ ჩხენკელმა. დასკვნაში პირდაპირ ვკითხულობთ, რომ სკოლის შენობის მარჯვენა ნაწილი აშენებულია მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში. დასკვნაში ასევე წერია, რომ მზიდი კონსტრუქციების გამოყენების შედეგად, შესაძლებელია სკოლის შენობის გადარჩენა და მისი შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, რომ დასკვნაში საუბარია შენობის გამაგრების და შესაბამისად, შენარჩუნების არარენტაბელურობაზე, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ისტორიულ მემკვიდრეობას გავუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ მასზე ნებისმიერ ფასად.
პატივცემულო საკრებულოს წევრებო, ჩვენი თანამედროვე ლანჩხუთელების უპირველეს და ყველაზე საპატიო მისიად ვრაცხ წარსულის მემკვიდრეობაზე ზრუნვასა და მის გაფრთხილებას. იმედი მაქვს, თქვენი კეთილგონიერებისა და წინაპართა ნაკვალევისადმი შესაბამისი დამოკიდებულების. გთხოვთ, თქვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ ისტორიული მემკვიდრეობის, უმნიშვნელოვანესი კულტურული ფასეულობის გადასარჩენად”, _ მიმართავს მაჭუტაძე ლანჩხუთის საკრებულოს წევრებს.
ნიკა მაჭუტაძე აქცენტს ნიგოითის საჯარო სკოლის შენობის ისტორიულ ღირებულებაზე აკეთებს. მისი თქმით, “ეს ერთადერთი ნაგებობაა ნიგოითში, რომლის ძირითადი ნაწილი ძველია და მისი ასაკი თითქმის ორ საუკუნეს მოითვლის”. მაჭუტაძე მიიჩნევს, რომ ახალი სკოლის ასაშენებლად ალტერნატიული ფართის გამოყოფაა უპრიანი.
“სავსებით უხერხულად მიმაჩნია ისტორიის და წინაპართა მემკვიდრეობის შენარჩუნების რენტაბელურობაზე საუბარი მაშინ, როდესაც ჩვენ პრეტენზიას ვაცხადებთ ეროვნული იდენტობის დაცვასა და ევროპულ მიდგომებზე. ბოლშევიკების საოკუპაციო რეჟიმმა ისედაც ბევრი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლი გაანადგურა ჩვენს რაიონში და განსაკუთრებით კი, სოფელ ნიგოითში: მეცამეტე საუკუნის ციხე-სიმაგრე, უძველესი კოშკები, მეათე-მეთერთმეტე საუკუნის ეკლესია აშენებული წმ. გიორგის სახელობაზე, რომელზეც გამოსახული იყო თვით საქართველოს უდიდესი მეფე დავით აღმაშენებელი და მისი ამირახორი; შემუსრეს, ასევე, კარის ეკლესია, ხოლო მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებში აშენებული წმ. გიორგის ეკლესია გაანადგურეს და მის ნაცვლად მოაწყვეს ჯერ _ კლუბი, შემდეგ კოლმეურნეობის კანტორა; დაანგრიეს ევროპული ყაიდის ორი სასახლე; მოთხარეს და გაანადგურეს საფლავები; აბსოლუტურად გააცამტვერეს ცნობილი საზოგადო მოღვაწის და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკის ისტორიაში კარგად ცნობილი ანა ტარსეის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, ინგლისური პარკი და ა.შ.
ნიგოითის სკოლის შენობა თითქმის ორ საუკუნეს აღწევს უკვე, რომლის დაარსება და აშენება უკავშირდება სწორედ ანა ტარსეის, მისი მეუღლის თავად დიმიტრი მაჭუტაძის, ასევე თავად ალექსანდრე და ივანე მაჭუტაძეების სახელებს. ამის შესახებ ხშირად იწერებოდა იმდროინდელ ეროვნულ პრესაში – ილია ჭავჭავაძის “ივერიაში”, “დროებაში”, “კვალში”… ამ სკოლაზე წერდნენ თავის სტატიებში დიმიტრი ბაქრაძე, ნოე ჟორდანია, ექვთიმე თაყაიშვილი, იოსებ ოცხელი, თედო სახოკია, აკადემიკოსი პ. გუგუშვილი და სხვები.
ისტორიული გადმოცემით, სკოლას მეტად გულშემატკივრობდა აკაკი წერეთელი, რომელიც ნიგოითის ხშირი სტუმარი იყო. სკოლაში მასწავლებლობდა ეგნატე ნინოშვილი, ისიდორე რამიშვილი, გრიგოლ ურატაძე და სხვები.
ეს, პრაქტიკულად, ერთადერთი ნაგებობაა ნიგოითში, რომლის ძირითადი ნაწილი ძველია და მისი ასაკი თითქმის ორ საუკუნეს მოითვლის. გთხოვთ, მიიღოთ ზომები მისი შენარჩუნებისა და გადარჩენისთვის. ჩვენ, ასევე მივესალმებით ახალი სკოლის მშენებლობის ინიციატივას, ოღონდ, არა ისტორიული მემკვიდრეობის ხელყოფის ხარჯზე. ახალი სკოლისთვის ფართობის გამოყოფა, სრულიად შესაძლებელია სათანადო ნების არსებობისა და მისი გამოვლენის შემთხვევაში”.
ეს წერილი დარჩა წერილად და საკითხის განხილვაც კი არ მომხდარა ისე დაიწყო ამ შენობის დემონტაჟის პროცესი, თუმცა მალევე შეჩერდა. ამას წინ უძღოდა ადგილზე მაღალჩინოსანთა ვიზიტი, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და როგორც ამბობენ, ადგილზე ხმამაღალი დიალოგიც შედგა.
რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ნიგოითის საბაზო სკოლის შენობის დემონტაჟი და სამუშაოების დაწყებიდან მალევე რატომ შეჩერდა პროცესი, ამის გასარკვევად “გურია ნიუსი” ნიგოითის მაჟორიტარ დეპუტატს ზაზა წულაძეს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, დემონტაჟის საბაბი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა შეიქნა, პროცესის შეჩერება კი, ოპონენტთა მხრიდან ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნამ გამოიწვია.
“დემონტაჟთან დაკავშირებით გეტყვით, რომ არსებობს სამხარაულის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ ეს შენობა არის არამდგრადი. რაც შეეხება დემონტაჟის პროცესის შეჩერებას, მაჭუტაძესა და კიდევ ორ ადამიანს აქვთ პრეტენზია, რომ თითქოს ამ შენობის რაღაც მცირედი ნაწილი თავის დროზე აშენებულია უცხოეთიდან შემოტანილი ქვებით და რომლებსაც მათი მტკიცებით, გარკვეული ისტორიული ღირებულება გააჩნია. შესაბამისად, ადგილზე იმყოფებოდნენ სათანადო უწყების წარმომადგენლები ; გადაწყდა, რომ ხელმეორე ექსპერტიზა ჩატარდეს და ამის შემდგომ გაკეთდეს საბოლოო დასკვნა, თუ რა ბედი ელის ამ შენობას”, _ ამბობს ჩვენთან საუბარში ზაზა წულაძე.
წულაძის ოპოზიციონერი კოლეგის კახა ასკურავას თქმით კი, ადგილობრივი მოსახლეობის აზრის გათვალისწინებისა და ძირეული შესწავლის გარეშე, ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება არ უნდა ხდებოდეს:
“ამ სკოლაში ძალიან ბევრი სახელოვანი ადამიანი მოღვაწეობდა, მათ შორის, ეგნატე ნინოშვილიც და ვფიქრობ, სხვანაირ მოპყრობას საჭიროებს ეს სკოლა. მიხვიდე და დაანგრიო, სანამ მდგომარეობას არ შეისწავლი, არ არის სწორი. თან, სოფლის აზრიც უნდა გაითვალისწინო. ძველი თაობის ადამიანებს ეს სკოლა ახსოვთ და უყვართ. საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ კაბინეტებში არ უნდა ხდებოდეს, ხალხსაც უნდა დაეკითხონ აზრს. მსოფლიოში ყველა ქვეყანა უფრთხილდება საკუთარ კულტურას და მეც ამის მომხრე ვარ, რომ დაეკითხონ სოფელს, შეისწავლონ საკითხი და ისე მიიღონ გადაწყვეტილება.
ახალი სკოლის მშენებლობას არავინ არ ეწინააღმდეგება, მაგრამ თუკი ეს ძველი შენობა კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, მას გაფრთხილება სჭირდება. ამ სკოლის გაუქმება თავის დროზე კახა ლომაიასაც უნდოდა, რასაც ჩემი მხრიდან მკვეთრი წინააღმდეგობა მოჰყვა. რამდენად ახსოვს ეს ფაქტი სოფელს, არ ვიცი, მაგრამ მე დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ეს სკოლა შენარჩუნებულიყო”.
სოფელ ნიგოითის მკვიდრი ილია გოგეშვილი იმ ადამიანთა რიცხვშია, ვინც თვლის, რომ ნიგოითის საბაზო სკოლის შენობა არ უნდა დაინგრეს. მისი თქმით, პირიქით, სიძველეებს უნდა გავუფრთხილდეთ:
“160 წლისაა ეს შენობა, რაიონში ამ ხნის მეტი არცაა შემორჩენილი, ერთადერთია. ერთი ეს სკოლა გვაქვს სოფელში შემორჩენილი, სხვა არც საბავშვო ბაღია, არც საექიმო უბანი… არადა, ყველაფერი იყო _ სამი ეკლესია, ორი კოშკი იდგა…. ახლა ეს ერთი სკოლაა შემორჩენილი და იმასაც ანგრევენ. მე ახლის აშენების წინააღმდეგი კი არ ვარ, მაგრამ ისტორიული შენობა არ უნდა დაინგრეს”, _ ამბობს ილია გოგეშვილი.
კიდევ ერთი სკოლის შენობა, რომლის ბედიც გაურკვეველია, შრომისუბნის საჯარო სკოლაა. სკოლის ეზო და შენობა რვა სექტემბერს გურიაში მომხდარმა სტიქიამ დააზიანა, თუმცა, ირკვევა, რომ იმ სკოლათა ჩამონათვალში არაა, სადაც ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გახორციელებაა დაგეგმილი, ჯერჯერობით, მაინც. ერთადერთი რაც ცნობილია, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გეგმაში შედის ამ სკოლისთვის ახალი ღობის მშენებლობის დაფინანსება. როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრში გავარკვიეთ, ამ ეტაპისთვის, შრომისუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
შრომისუბნის საჯარო სკოლა სტიქიის შემდეგ _ 1tv.ge-ს ფოტო
“8 სექტემბერს განვითარებული სტიქიის შედეგად, ყველაზე მეტად დაზიანდა სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომისუბნის საჯარო სკოლა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, საგანგებო სიტუაციების სამსახურის და სკოლის ერთობლივი ძალისხმევით მოხდა სკოლის შენობის და ეზოს მაქსიმალური დასუფთავება. სკოლამ საკუთარი ძალებით გააკეთა დროებითი ღობე. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ დაგეგმილია სკოლისთვის ახალი ღობის მშენებლობის დაფინანსება. სკოლაში სწავლა მიმდინარეობს”, _ ასეთია რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნინო ჩიტაძის განმარტება.
არადა, მაშინ სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან ხომერიკი მედიასთან საუბარში ამბობდა, რომ სტიქიამ სკოლის შენობა მნიშვნელოვნად დააზიანა და გაანადგურა სასკოლო ინფრასტრუქტურაც:
“ძლიერი წვიმის შედეგად, გადმოვიდა ღვარცოფი, დააზიანა სკოლის შენობა და გაანადგურა სასკოლო ინფრასტრუქტურა. პირველი სართული სრულად გამოუსადეგარია. საკლასო ოთახები სრულად იყო გარემონტებული, სასწავლო პროცესის დასაწყებად მომზადებული, მხოლოდ დერეფანი იყო სარეაბილიტაციო, თუმცა ახლა ყველაფერი დაზიანებულია. განადგურებულია ეზოც, ღობეც, დამხმარე ნაგებობებიც. წარმოუდგენელია, როგორ უნდა განვაახლოთ სწავლა”, _ აცხადებდა სტიქიის დღეებში შრომისუბნის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
მკითხველს ვთავაზობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებულ რამდენიმე ფოტოს, რომელიც ამ სკოლის მდგომარეობას ასახავს სტიქიის შემდგომ დღეებში. თუ რამდენადაა ამ ინფრასტრუქტურის “დასუფთავება” ისე, რომ ბავშვების ყოფნა სასურველი იყოს, თავად განსაჯეთ.
შრომისუბნის საჯარო სკოლა სტიქიის შემდეგ _ 1tv.ge-ს ფოტო
რვა სექტემბერს მომხდარი სტიქიის შედეგად, ასევე, ზიანი მიადგა ნიგვზიანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ არჩეულში მდებარე დაწყებითი სკოლის შენობასაც, სადაც სულ რვა მოსწავლე სწავლობდა და კლასკომპლექტი მოქმედებდა. ახლა სკოლის შენობა ავარიულადაა მიჩნეული და აქაური მოსწავლეები, უსაფრთხოების მიზნით, სკოლის ძირითად კორპუსში, ნიგვზიანის საჯარო სკოლაში არიან გადაყვანილი. ამ სკოლის შენობის და ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა განახორციელა.
ნიგვზიანის საჯარო სკოლა, სადაც არჩეულის დაწყებითი სკოლის მოსწავლეები აგრძელებენ სწავლას
“ეს არის დაწყებითი სკოლა, თუმცა “სკოლა” ცოტა ხმამაღალი ნათქვამიც კი გამოდის, სულ რაღაც ორი ოთახი იყო გარემონტებული, სადაც ექვსი მოსწავლე სწავლობდა. რვა სექტემბერს მომხდარი სტიქიისას ამ სკოლის შენობის უკან ჩამოწვა მეწყერი და შესაბამისად, უსაფრთხოების მიზნით, ბავშვები გადმოვიყვანეთ სკოლის ძირითად კორპუსში, რომელიც სამი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს ამ შენობიდან. რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილია მოსწავლეთა ტრანსპორტირებაც. ეს ძირითადი კორპუსი არის მილენიუმის მიერ რეაბილიტირებული ყველა საჭირო სტანდარტის შესაბამისად და ბავშვებისთვის საჭირო ყველა პირობაა შექმნილი, რაც არჩეულის კორპუსში არ ჰქონდათ.
სკოლის ადმინისტრაციას დაწერილი აქვს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში განცხადება, რომ გავიგოთ არის თუ არა შესაძლებელი ამ შენობაში მოსწავლეთათვის სწავლის გაგრძელება უსაფრთხო. როგორც კი გვექნება ეს დასკვნა, მივიღებთ გადაწყვეტილებას როგორ მოვიქცეთ შემდგომში”, _ ამბობს ლანჩხუთში საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე.
სკოლის დირექტორი ამირან დობორჯგინიძეც ადასტურებს, რომ არჩეულის სკოლის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და იქ სასწავლო პროცესის გაგრძელება დაუშვებელი იყო ბავშვების უსაფრთხოებისთვის.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა და სტატისტიკა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ასეთია: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე 24 საჯარო და 1 კერძო სკოლა ფუნქციონირებს; აქედან, სრულად რეაბილიტირებულია სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლა, სსიპ გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლა, სსიპ ქალაქ ლანჩხუთის #3 საჯარო სკოლა, სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლის გულიანის დაქვემდებარებული კორპუსი.
უნდა აშენდეს სსიპ-ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის #1 საჯარო სკოლა; სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის დაქვემდებარებული კორპუსი. ამ დროისთვის მიმდინარეობს ამ სკოლების ძველი შენობების დემონტაჟი.
მოცემული მომენტისთვის სრული რეაბილიტაცია უტარდება სსიპ-ქალაქ ლანჩხუთის #1 საჯარო სკოლას _ სამუშაოების შემსრულებელი “საბაკონტრაქშენია” და გამოყოფილი თანხა 5 238 635, 75 ლარს შეადგენს; სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლას და სამუშაოებს აქაც “საბაკონტრაქშენი” _ შეასრულებს 4 294 868,28 ლარად; სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის საჯარო სკოლას _ აქაც “საბაკონტრაქშენი”- იმუშავებს და 2 392 543,63 ლარის სამუშაოებს შეასრულებს; ასევე, რეაბილიტაცია უტარდება სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის საჯარო სკოლას.
8 სექტემბერს რეგიონში განვითარებული სტიქიური მოვლენების დროს, მეწყრული პროცესები განვითარდა სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, სკოლა გადაყვანილია დროებით უსაფრთხო ადგილას (სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის #2 საჯარო სკოლაში). სკოლის ადმინისტრაცია და საგანმანათლებლო რესურსცენტრი ელოდება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას; სკოლის შენობის მდგომარეობის შესაფასებლად მუშაობს გეოლოგიური სამსახური და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო. სწორედ მათი დასკვნის საფუძველზე მოხდება შესაბამისი რეაგირება.
მეწყერი ნინოშვილის საჯარო სკოლასთან
8 სექტემბერს განვითარებული სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზიანდა სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომისუბნის საჯარო სკოლა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, საგანგებო სიტუაციების სამსახურის და სკოლის ერთობლივი ძალისხმევით, მოხდა სკოლის შენობის და ეზოს მაქსიმალური დასუფთავება. სკოლამ საკუთარი ძალებით გააკეთა დროებითი ღობე. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, დაგეგმილია სკოლისთვის ახალი ღობის მშენებლობის დაფინანსება. სკოლაში სწავლა მიმდინარეობს”, _ წერია რესურსცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მოცემულ პერიოდში მოსწავლეების რაოდენობა 3458-ს შეადგენს, რომელსაც 580 მასწავლებელი და 169 პერსონალი ემსახურება.
ახლა კი მოკლე ინფორმაცია შემსრულებელი შპს “საბა კონსტრაქშენის” შესახებ: დაფუძნებულია 2012 წლის 11 აპრილს. დირექტორი ლევან თარგამაძეა; დამფუძნებელი 100% წილით _ “საბა ინვესტი”. ბიზნეს რეესტრის თანახმად, “საბა ინვესტის” 100%-იან წილს ბიზნესმენი სლავა შერაზადიშვილი ფლობს.
tendermonitor.ge-ს მონაცემებით, სახელმწიფო კონტრაქტების საერთო ღირებულება 818,938,980.29 ლარია. 11 გამარტივებული შესყიდვიდან, ხელშეკრულებებით, 74,764,077.79 ლარი უფიქსირდება. ორგანიზაციის სახელს უკავშირდება ევრობასკეტისთვის სპორტის სასახლის მშენებლობის დაჩქარებული შესყიდვის ფაქტი, ასევე, ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენ გიორგი კაპანაძესთან კავშირები, რაც სხვადასხვა დროს, მედიის მსჯელობის საგანი გახდა. საკალათბურთო სასახლის მშენებლობა 91 მილიონი ლარი დაჯდა. “საბა კონსტრაქშენს” გახორციელებული აქვს ძალიან ბევრი პროექტი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. უშუალოდ ლევან თარგამაძის ან დამფუძნებელი შერაზადიშვილების სახელი მმართველი პარტიის შემწირველთა სიაში არ ფიქსირდება, თუმცა, ორგანიზაციის მიერ ახლახან აჭარის ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის მიღებული 200-მილიონიანი შეკვეთა, ოპოზიციამ 2024 წლის არჩევნებისთვის დასახარჯ “შავ ფულად” შეაფასა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გახორციელებული ასეულობით სახელმწიფო შეკვეთა “საბა კონსტრაქშენს” ისტორიაში, მოიცავს ვერეს ხეობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტს, საჯარო რეესტრის შენობას, რომელიც ორთაჭალაში შენდება, მასშტაბურ პროექტს ბათუმში, სადაც უნივერსალური სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, ქალაქების და კურორტების განვითარების ფარგლებში 355 მილიონი ლარის მოცულობის 6 კონტრაქტს; საინტერესოა, რომ კომპანიას პროექტის Design-Build მეთოდით გახორციელება ევალება (ანუ თავად უნდა წარადგინოს პროექტიც და შეასრულოს სამუშაოებიც). შესაბამისად, ტენდერის გამოცხადების დროს, თავად სახელმწიფოს არ ჰქონდა მომზადებული პროექტები და ნახაზები იმისა, თუ სამშენებლო სამუშაოები უნდა გახორციელებულიყო თითოეულ ქალაქში. ამასთანავე, როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა, სახელმწიფომ “საბა კონსტრაქშენს” პროექტის გახორციელებისთვის მსხვილი ავანსები უკვე გადასცა, რაც ჯამში 6 კონტრაქტზე 113.7 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიამ 2023 წლის ივნისში 81-მილიონიან ტენდერში გაიმარჯვა, რომელიც ქალაქ რუსთავში 800 დევნილი ოჯახისთვის ბინების მშენებლობას ითვალისწინებს.
რაც შეეხება გურიას, “საბა კონსტრაქშენი” აგრძელებს პრემიერის ინიციატივით დაწყებულ პროგრამას რეგიონების განვითარებისთვის, ასევე, სკოლების რეაბილიტაციის პროექტებს, რომელსაც შპს “ქუთაისი აღმაშენებელი” ასრულებდა და ვერ დაასრულა, თუმცა, 12 მილიონი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გასამრჯელოდ მაინც მიიღო.
ავტორი