საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) რძესა და რძის ნაწარმთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული საფრთხეებისა და სახელმწიფო კონტროლის თაობაზე ჩატარებული თვისებრივი კვლევის შედეგები გაასაჯაროვა.
მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია თბილისში “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა. შეკრებულ საზოგადოებას შედეგები ვახტანგ კობალაძემ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორმა გააცნო.
კვლების მიხედვით, 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში CSRDG-ის 9 პარტნიორმა ორგანიზაციამ საქართველოს 13 მუნიციპალიტეტში სასურსათო მაღაზიების მონიტორინგი ჩაატარა.
მონიტორინგის დროს შემოწმდა რძისა და რძის ნაწარმის შენახვის პირობები (ინახებოდა თუ არა პროდუქტები შესაბამის ტემპერატურაზე), ვადები (ხომ არ იყიდებოდა ვადაგასული პროდუქცია).
ეტიკეტირება (ეტიკეტის არქონის შემთხვევაში, თანდართული დოკუმენტაციის არსებობა).
მონიტორინგმა 76 მაღაზია და 226 პროდუქტი მოიცვა. დაფიქსირდა 8 დარღვევა, 3
მუნიციპალიტეტის 8 მაღაზიაში. 3 პროდუქტი ვადაგასული აღმოჩნდა, 3 პროდუქტს ეტიკეტი
ან თანდართული ინფორმაცია არ ჰქონდა, ხოლო 2 შემთხვევაში ეტიკეტი არ იკითხებოდა.
კვლევაში აღნიშნულია, რომ მიღებული შედეგების განზოგადება მთელი ქვეყნის მასშტაბით არ იქნება სწორი, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ საშუალო და დიდი ზომის მაღაზიებში (სადაც შესაძლებელია მომხმარებელმა დახლებზე განთავსებული პროდუქცია დაათვალიეროს), რძის ნაწარმის შენახვის პირობების, ვადებისა და არაეტიკეტირებული პროდუქციის გაყიდვის მხრივ, დიდი პრობლემები არ იკვეთება. თუმცა, ამგვარი ზედაპირული მონიტორინგის შედეგად, მაღაზიების 10%-ში (76-დან 8 მაღაზია) დარღვევების გამოვლენა მაინც საყურადღებოა.
კვლევის მიხედვით, გამოწვევად რჩება რძისა და რძის ნაწარმის მიკრობიოლოგიური დაბინძურება, განსაკუთრებით წვრილ, მათ შორის, ოჯახურ წარმოებებში ელემენტარული ჰიგიენური მოთხოვნების დაუცველობის გამო. ამაზე CSRDG-ის ინიციატივით 2023 წელს ჩატარებული ყველის ლაბორატორიული კვლევების შედეგებიც მოწმობს. საქართველოს 14 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ლანჩხუთში, აღებული ყველის 42 ნიმუშიდან 12 მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული აღმოჩნდა. აქედან, 11 ნიმუში არაეტიკეტირებული იყო. აქედან მხოლოდ 3 ნიმუშის მწარმოებლების იდენტიფიკაცია მოხერხდა და ისინი წვრილი/მცირე მეწარმეები იყვნენ. დანარჩენი ნიმუშებით მოვაჭრეების ინფორმაციაზე დაყრდნობითაც მათ მიერ გაყიდული ყველის მწარმოებლებიც წვრილი/მცირე მეწარმეები იყვნენ. კოლიფორმებზე შემოწმდა ყველა, 42 ნიმუში, (კოაგულაზა დადებით) სტაფილოკოკზე – 15 ნიმუში, ხოლო სალმონელაზე – 27 ნიმუში. კოლიფორმები აღმოჩნდა 11 ნიმუშში, (კოაგულაზა დადებითი) სტაფილოკოკი – 4 ნიმუშში, ხოლო სალმონელა – 1 ნიმუშში. მწვავედ დგას სავაჭრო ქსელში არსებული სურსათის, მათ შორის, რძის ნაწარმის მიკვლევადობის საკითხი.
რაც შეეხება სურსათის ეროვნული სააგენტოს რეაგირებას, სეს-ის შეტყობინება მოხდა 12 მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული ნიმუშის შესახებ. სეს-მა 18 სურსათის ბიზნესოპერატორი შეამოწმა (უმეტესად მცირე მასშტაბის ბიზნესოპერატორები), შეუსაბამობები დაუფიქსირდა 10 მეწარმეს და მათი გამოსწორება დაევალა, 8 მეწარმე დაჯარიმდა. აქედან 6 მეწარმე ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა, რის გამოც მათ, რეგისტრაციის გავლამდე საქმიანობა აეკრძალათ.
რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა რძის პროდუქციის შეძენისას და როგორ უნდა მოხდეს მომხმარებლების ცნობიერების ამაღლება_ ამ საკითხების შესახებ “გურია ნიუსი” ვახტანგ კობალაძეს ესაუბრა.
როგორც მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ადამიანების ინფორმირებულობა ბაღის ასაკიდან უნდა დაიწყოს.
_ ამაზე მარტივი პასუხი არ არსებობს. გაცილებით მეტია გასაკეთებელი, ვიდრე დღეს კეთდება. მომხმარებლის ინფორმირება თუ განათლება, უნდა დაიწყოს საბავშვო ბაღიდან. საბავშვო ბაღიდანვე ადამიანმა, წესები სურსათის უვნებლობისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ უნდა ისწავლოს, შემდეგ ეს უნდა გაგრძელდეს სკოლაში და დამთავრების შემდეგ უკვე ადამიანს ფართო თვალსაწიერი ექნება იმის შესახებ თუ რა არის მისი უფლება და როგორ დაიცვას. იგივე სურსათს თუ შევეხებით, სად შეიძინოს უვნებელი სურსათი და რა მოთხოვნები დაიცვას, რომ დაცული იყოს მისი ჯანმრთელობა და ა.შ. საზოგადოების მეტი ინფორმირებულებაა საჭირო სახელმწიფოს მიერ გაწეულ საქმიანობაზე, კონტროლის შედეგებზე და ა.შ.
_ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება რძის ნაწარმის შეძენისას?
_ რთულია ადამიანს რჩევა მისცე და შეუქმნა იმის ილუზია, რომ თუ ამ რჩევას გაითვალისწინებს დაცული იქნება. ჩვენ საკუთარი ძალებით არ შეგვიძლია ამის გაკეთება. არსებობს სახელმწიფო სტრუქტურები იმისთვის, რომ გააკონტროლონ. პირველ რიგში მეწარმეა პასუხისმგებელი რომ უვნებელი პროდუქცია აწარმოოს და გაყიდოს. ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთებთ. რიგითმა მომხმარებლებმა არ უნდა შეიძინონ მალფუჭებადი პროდუქტი ისეთ ადგილას, რომელიც არ არის სათანადო პირობებში შენახული, დევს სიცხეში და არა მაცივარში, გარევაჭრობის ადგილას, სადაც არაჰიგიენური მდგომარეობაა, როცა ასეთ ადგილას ვიძენთ პროდუქტს მაღალია რისკი იმისა, რომ პროდუქტმა გვავნოს, ვიდრე ორგანიზებულ, მოწესრიგებულ ადგილას შეძენისას.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, კვლევაში წერია, რომ უნდა გადაიხედოს მიდგომები სურსათის სექტორში მომუშავე წვრილი მეწარმეებისა და გლეხური მეურნეობების ხელშეწყობისა და კონტროლის მიმართ. დასახულ იქნეს კონკრეტული ვადები სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მეწარმეთა ყველა კატეგორიაზე გასავრცელებლად და გადაიდგას კონკრეტული და თანმიმდევრული ნაბიჯები განუკითხაობის „შავი ხვრელების“ ამოსავსებად, მეტი ძალისხმევა იქნეს მიმართული ვეტერინარის პროფესიის მიმზიდველობის გაზრდისა და კადრების მომზადებისაკენ: სახელმწიფოს მიერ დასაქმებული ვეტერინარების სამუშაო პირობების გაუმჯობესება, უმაღლეს სასწავლებლებში (განსაკუთრებით კი რეგიონებში) ვეტერინარიის სწავლებისა და სწავლის მეტი ხელშეწყობა, გადაიხედოს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსახლეობისა და მეწარმეების ინფორმირების აქამდე არსებული პრაქტიკა და განხილულ იქნეს მისი გაუმჯობესების შესაძლებლობები, სურსათის უვნებლობის კონტროლში მოქალაქეთა მონაწილეობას მეტად შეეწყოს ხელი, სასურსათო ლაბორატორიების სექტორის განვითარებისა და მის მიმართ მეწარმეთა ხელმისაწვდომობის გაზრდის მწყობრი სტრატეგია შემუშავდეს და თანმიმდევრულად განხორციელდეს.
ავტორი