“რუსეთი შესაძლოა თავის იზოლირებულ მოკავშირეს ჩრდილოეთ კორეას მსოფლიო საბანკო ქსელთან დაკავშირებაში და მილიონობით დოლარის გაყინული აქტივების გათავისუფლებაში ეხმარება, სანაცვლოდ კი შეიარაღებას იღებს”,- ამის შესახებ The New York Times წერს.
გასულ თვეში თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მას აქვს მტკიცებულება იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები მიაწოდა რუსეთს და 2,5 მილიონი ვაზნა გაუგზავნა და სანაცვლოდ სამხედრო ტექნიკა მოითხოვა.
გამოცემა წერს, რომ ჯერ უცნობია, მიაწოდა თუ არა რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას სამხედრო ტექნიკა.
დაზვერვის წარმომადგენლების ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის გაყინული 30 მილიონი დოლარის აქტივიდან რუსეთმა 9 მილიონი დოლარი განბლოკა, რომლებიც რუსულ საფინანსო უწყებებში ინახებოდა. ამ ფულს, როგორც ისინი ამბობენ, ფხენიანი ნედლი ნავთობის შესაძენად გამოიყენებს.
დაზვერვაზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ ჩრდილოეთ კორეულმა ფასადურმა კომპანიამ სხვა რუსულ ბანკში ანგარიში გახსნა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვი ფხენიანს შესაძლოა გაეროს სანქციებისგან გვერდის ავლაში ეხმარება, რომლებიც ბანკების უმეტესობას კრძალავს ჩრდილოეთ კორეასთან ბიზნესის კეთებას. ამ სანქციებმა ჩაახშო ჩრდილოეთის ეკონომიკა და დიდწილად დახურეს ქვეყანა საერთაშორისო ფინანსური ქსელებისგან.
NYT წერს, რომ ეს ანგარიში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გაიხსნა.
,,ახალი საბანკო ანგარიში განთავსებულია სამხრეთ ოსეთში, თვითგამოცხადებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოში კავკასიის რეგიონში, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან, აცხადებენ ოფიციალური პირები, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს მგრძნობიარე დაზვერვის საკითხებზე.“ – წერს გამოცემა.
ბირთვული იარაღის გამოცდის პასუხად, გაერომ და აშშ-მა ჩრდილოეთ კორეას სანქციები დაუწესა, მათ შორის საბანკო სექტორთან დაკავშირებული.
ავტორი