პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების 2 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით, “რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერით.”
“ზუსტად 2 წლის წინ, ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის თავზე უდიდესი უსამართლობა დატრიალდა. რუსეთის სამხედრო აგრესიამ ათიათასობით უკრაინელის, მათ შორის ასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, 10 მილიონზე მეტი ადამიანი ლტოლვილად ან დევნილად იქცა, განადგურდა ქვეყნის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა, ოკუპირებულია უკრაინის ტერიტორიის 20 პროცენტი. ომს ყოველდღიურად მოაქვს მსხვერპლი და ნგრევა, რაც აუცილებლად უნდა დასრულდეს.
საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით, რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით. ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას!” – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ზუსტად 2 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა ომს “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” უწოდა და განაცხადა, რომ მისი მიზანი უკრაინის “დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაცია” იყო.
ომის დაწყებას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 30 სექტემბერს კი რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები.