ჯანდაცვის ახალ მინისტრთან დაკავშირებით ჯერ არავითარი გადაწყვეტილება არ არის, ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი, ეს უნდა გადაწყდეს ფართო კონსულტაციები საფუძველზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, იქნება კონსულტაციები როგორც გუნდის წევრებთან, ასევე შესაძლოა, დარგის წარმომადგენლებთან.
„რაც შეეხება ახალ მინისტრს, ეს პრაქტიკულად დღეს გადაწყვეტილი საკითხია. ჯერ არავითარი გადაწყვეტილება არ არის. ჩვენ გვექნება კონსულტაციები როგორც გუნდის წევრებთან, ასევე შესაძლოა, დარგის წარმომადგენლებთან. გვექნება ჯანსაღი პროცესი. გუნდის წევრებზე როცა მაქვს საუბარი, ჩვენი გუნდის ლიდერია, საპატიო თავმჯდომარეა ბიძინა ივანიშვილი. რა თქმა უნდა, სადაც არის საჭირო გუნდთან კონსულტაციები, პირველ რიგში, ბატონი ბიძინა არის გუნდის წარმომადგენელი. რაც შეეხება ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი, ეს უნდა გადაწყდეს ფართო კონსულტაციები საფუძველზე. კონსულტაციები უნდა იყოს ფართო, გუნდის წევრებთან, დარგის წარმომადგენლებთან,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.
როგორც ირაკლი კობახიძემ დღესვე ჟურნალისტებს განუცხადა, ჯანდაცვის მინისტრთან კომუნიკაციის კუთხით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში, რაშიც, მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე თავად დარწმუნდა.