დღევანდელი ჩვენი სტუმარი, ოზურგეთელი სტუდენტი, ზაზა სურგულაძეა. იგი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მესამე კურსზე სწავლობს და მალე უცხოეთში სასწავლებლადაც გაემგზავრება.
ზაზა სურგულაძეს, ზაზუკას , როგორც ოჯახის წევრები და მეგობრები ეძახიან, სამწუხაროდ, მამა ადრე გარდაეცვალა. როგორც თავად ამბობს, სხვადასხვა ფქტორებიდან გამომდინარე, ბავშვობიდან მოსწონდა იურისტის პროფესია, თუმცა…
_გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყველაფერი, არ მიმდინარეობდა ისე, როგორც სინამდვილეში მსურდა. მაგრამ მე გავიმარჯვე საკუთარ თავზე და გავხდი ის, ვინც ვარ და ვინც მინდა ვიყო! ყველაფერი კი იქედან დაიწყო, როცა გავხდი აბიტურიენტი და დავდექი გზაგასაყარზე! დავფიქრდი, რა უნდა ამერჩია. არჩევანი რამდენიმე პროფესიას შორის იყო და აქ განსაკუთრებით იჩინა თავი ჩემი ბავშვობის ოცნებამ. ამ სურვილმა დაჯაბნა სხვა დანარჩენი ფაკულტეტებისკენ სწრაფვა. ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი, _ გვიამბობს ის და კიდევ ერთ სერიოზულ გამოწვევად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ პირველკურსელობის ნეტარი ხანა, კოვიდპანდემიის პერიოდს დაემთხვა.
_ეს იყო სულ სხვა გარემო, ვიდრე სკოლის პერიოდი, რომლის მსგავსთანაც არასდროს მქონია შეხება. რა უნდა მექნა? ისევ ჩემ თავს ვუთხარი, რომ ეს გამოწვევა უნდა გადამელახა, უნდა შევჩვეოდი ამ გარემოს, რადაც უნდა დამჯდომოდა. არ ჩამოვრჩენოდი დროს და მესწავლა ძალიან კარგად, რათა დასახული მიზნის მისაღწევად, მაქსიმუმი მიმეღო, _ ამბობს ის და მოკრძალებულად აღნიშნავს მთავარზე _ საუნივერსიტეტო გამოწვევაზე. როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და საქართველოს მასშტაბით რვა საუკეთესო სტუდენტს შორის მოხვდა, დარწმუნდა, რომ სანუკვარი მიზნის მისაღწევად, ფრთები ძლიერად გაშალა.
მანამდე კი, რაკი ეროვნულ გამოცდებზე გრანტი არ მიუღია, პირველი კურსიდანვე ნაბიჯ-ნაბიჯ დაადგა გულის გულში ჩაფიქრებული მიზნის მიღწევის გზას.
„მართალია, გრანტი ვერ მივიღე, მაგრამ სწავლის დაფინანსების დიდი შანსი არსებობს, თუ კარგად ვისწავლიო” _ ფიქრობდა…
და მალე, სემესტრიდან სემესტრამდე, კურსიდან კურსამდე შიდა საუნივერსიტეტო სტიპენდიის ზედიზედ მოპოვება შეძლო! აქედან ორჯერ _ ასპროცენტიანი დაფინანსებით!
მანამდე კი იყო ასეთი პერიოდი _ რაკი კიდევ ერთი უცხო ენის (გერმანულის) შესწავლა სურდა და ამისთვის საჭირო იყო ფინანსური გადასახადი, მუშაობა დაიწყო ერთ-ერთ მარკეტში. ასევე მუშაობდა ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრში, სტაჟიორის პოზიციაზე. ამ ერთწლიან მუშაობას ის ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკული ცოდნის მიღების პერიოდს უწოდებს.
ასე შეძლო უცხო ენის სწავლის საფასურის გადახდა და განაგრძო წინსვლა!
ზაზა სურგულაძე ახლა ისწრაფვის უმთავრესი მიზნისკენ _ გახდეს საუკეთესო ადვოკატი, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მასშტაბით. მისი ინტერესი, როგორც ხაზგასმით აღნიშნავს, სულ უკავშირდება საჯარო ან კერძო სამართალს.
_დღესაც ამ დილემის წინაშე ვდგავარ. თუმცა ძირითადად ვიცი, რომ უფრო საგადასახადო სამართალს დავეუფლები. ველოდები ჩემი ძირითადი მიზნის, სწავლის დაფინანსებას. საზღვარგარეთ, სამხრეთ კორეაში გავემგზავრები. ეს მოხდება უფრო ამ წლის სექტემბრიდან, 2025 წლის იანვრის ჩათვლით, თებერვლამდე! როცა დავბრუნდები და სწავლას გავაგრძელებ, მომდევნო უფრო დიდი მიზანი მაქვს_ მაგისტრატურის და დოქტორანტურის უცხოეთში დამთავრება მსურს და აუცილებლად უნდა შევძლო! ჩემი ცოდნა და გამოცდილება სრულფასოვანი და და სრულყოფილი, ვთვლი, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება! _ ამბობს ზაზა.
კითხვაზე, მიზნის მიღწევის შემდეგ, აპირებს თუ არა მიღებული ცოდნა მშობლიურ ოზურგეთს მოახმაროს და დაბრუნდეს მშობლიურ ქალაქში, უყოყმანო პასუხი აქვს:
_სხვანაირად წამითაც არ მიფიქრია! მე და ჩემი მეგობრები ყველაზე ბედნიერები ვართ, როცა აქ, ოზურგეთში ვიმყოფებით. დღეს ამ ქალაქში ნაკლებად რჩებიან ახალგაზრდები! ეს კი გულს მტკენს! მე და ჩემი მეგობრები აუცილებლად მოვახერხებთ იმას, რომ დავბრუნდეთ აქ, ვიმუშაოთ, ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ ისე, რომ ახალგაზრდების ასეთი მასობრივი გადინება არ მოხდეს ქალაქიდან! ჩვენ აქ დავბრუნდებით ჩვენი განათლებით, გამოცდილებით და უზრუნველვყოფთ აქ მათ დარჩენას! _ ამბობს და უსასრულოდ სუფთა, ლურჯ თვალებში ლამის სამყაროს სამყოფი სინათლე უნთია!
მისი ასაკისთვის ყველაზე რომანტიულ კითხვაზე, უყვარს თუ არა და რას ფიქრობს უახლოეს ადამიანებზე, ალალად იღიმება:
_არ ვიცი არაერთხელ მყვარებია, უფრო მომწონებია. ერთი და განუმეორებელი სიყვარული კი, როგორც გამიგია, ცხოვრებაში ერთხელ მოდის და მოვა, ალბათ, თავის დროზე! ჩემი ძვირფასი ადამიანებია დედა, ჩემი ძმა, უახლოესი მეგობრები, ვისითაც ვარ ძლიერი და იმედით სავსე!
ჩვენი დროის ერთ-ერთ წარმატებულ და უკვე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რჩეულ სტუდენტთან ზაზა (ზაზუკა) სურგულაძესთან საუბრის დასაწყისში თუ დასრულებისას, შეუმჩნეველი არ დაგვრჩენია, ორჯერ თუ როგორი გულწრფელობით გაიმეორა : „სკოლის პერიოდში იყო გარკვეული მონაკვეთი, როცა ყველაფერი არ მიმდინარეობდა ისე, როგორც მე მსურდა, თუმცა შევძელი და გავიმარჯვე ჩემ თავზე და გავხდი ის, ვინც ვარ და ვინც მინდა ვიყო!“
ვგულშემატკივრობთ და წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ ასე შემართებულ, მოტივირებულ სტუდენტს, მომავალ სამართალმცოდნეს, ზაზა სურგულაძეს! უეჭველია, მისი სახით, სამშობლოს მოსიყვარულე შვილი და კომპეტენტური კადრი ეყოლება!
ავტორი