სოფელი მერია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი დიდი და მრავალფეროვანი სოფელია. ერთ თემში სამი სოფელი შედის.
ამ სოფლის კომუნისტური ეპოქის გამოხატულებაა არა ერთი შემორჩენილი ძველი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც წინა საუკუნეში სამხედრო დასახლებას ეკუთვნოდა. ახლა აქ სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსულის, ზოგიც ადგილობრივი მცხოვრების ერთგვარი თავშესაფარია, ვიდრე საცხოვრებელი ბინა.
სოფლის ცენტრალურ სივრცეს კვეთს ოზურგეთი-ურეკის გზა, რომლის გასწვრივ, სოფელ თხინვალის გადასახვევთან მდებარეობს ეს რამდენიმე ძველი საცხოვრებელი კორპუსი.
ოთხ საცხოვრებელ, სიძველისგან საკმაოდ დაზიანებულ სახლში, როგორც აქ გვითხრეს, სულ 19 ოჯახი ცხოვრობს; უმეტესობა მარტოხელაა.
მათი მოთხოვნა, როგორც ყოველთვის, უცვლელია _ ითხოვენ გარე განათებას, სახურავის შეცვლას, წყალს, მიუსაფარი ძაღლებისგან დაცვას. ასევე, საუბრობენ უმუშევრობასა და გასაჭირზე.
_ კომუნისტებისდროინდელი სამხედრო ქალაქის შესახებ გაგონილი მაინც ხომ გაქვთ? იქნებ, გახსოვთ კიდეც. აი, იმ დანგრეულ კორპუსებში ვცხოვრობთ დღესაც და ქარი რომ დაუბერავს ან ამ ცენტრალურ ტრასაზე მძიმე ტვირთმზიდები რომ ჩაიქროლებენ, აკვანივით ირწევა ეს სახლები. კედლები ყველა დაბზარულია. წყალი ჩვენ არ გვაქვს, გარე განათება აქ არ არის. არჩევნების დროს კი გვპირდებიან ყველაფერს, _ ამბობს, აქ, ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრები ლია კრივინდა და გვიხსნის, რომ მისი ქორწინებამდელი გვარი მარგველაშვილია.
მისივე თქმით, აქ მცხოვრებლებს დაპირდნენ იმ დიდ, ხუთსართულიან კორპუსში გადაყვანა, რომელიც მახლობლად, სოფელ მერიის ცენტრში მდებარეობს და მთავრობის მიერ წინა წლებში კომპლექსურად გარემონტდა: _ კი გვინდოდა გადასვლა. მერე აქ მცხოვრებმა რამდენიმე ადამიანმა აღარ ისურვა იმ ბინებში იმ იმედით, რომ ეს კორპუსებიც გაერემონტებინათ. დაპირებაც იყო, თუმცა, დღემდე დაპირებად დარჩა, _ ამბობს ის.
მიუსაფარი ძაღლების პრობლემა, რომელიც თითქმის ყველა სოფელში და თვით ქალაქშიც საკმაოდ მოუგვარებელია, ხსენებულ ბინებში მცხოვრებნი ამბობენ, რომ აქ ყველაზე მეტ ძაღლს ტოვებენ უკეთური და უპასუხისმგებლო ადამიანები.
_ სავსეა ყველაფერი. შეხედეთ, ერთი მანქანა ან ტრაქტორი გაივლის გზაზე და სამი ძაღლი მაინც მისდევს. მერე ისევ ბრუნდებიან უკან. საჭმლის მოლოდინში მისდევენ. რა ვქნათ? აგერ ერთი ძაღლი, მონადირე, საკმაოდ საშიში, შემოგვეკედლა. ადგილობრივებს, ბინების იქეთ რომ კერძო ოჯახებია, ქათმები შეუჭამა. აქ კი პირდაპირ სადარბაზოში წევს. აუტანელი სუნი დადგა. ძაღლის რჩენა რომ შემეძლოს, მე თვითონ მოვიყვანდი და ვუპატრონებდი. ახლა ასე მშიერს ხომ არ დავტოვებთ? და მაინც ვიკლებ და ვაჭმევ. თუმცა, დიდხანს ვერ გავუძლებთ ასე. დავრეკეთ, იქნებ, წაიყვანონ-თქო და ფული მოგვთხოვეს… _ ამბობენ აქ მცხოვრები ქალბატონები.
კითხვაზე, კონკრეტულად ვინ მოსთხოვა ფული ან თუ ჩააყენეს საქმის კურსში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, ამბობენ, რომ თავადაც კარგად ხედავენ, რამდენი მიუსაფარი ძაღლია სოფლის ცენტრში და რომ ეს ძაღლები, ძირითადად, თავს სწორედ ამ ძველი საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ იყრიანო…
_ კიდევ კარგი, ეს ძველი სახლები 1958 წელშია აშენებული და მაშინ ხარისხიანი იყო ყველა სამშენებლო მასალა, თორემ აქამდე ესეც არ მოაღწევდა. ახლა ჩვენ ძლივს ვაფარებთ აქ თავს და ამდენი ძაღლიც შემოგვესია. ვინ უნდა გვიპატრონოს. ამდენს საუბრობენ ძაღლების მოვლასა და დაცვაზე და ამ უპატრონო ძაღლების რიცხვი კი იზრდება. ბარემ გამოგვყარონ აქედან და იცხოვრებენ ეს ძაღლები, _ ამბობს აქ მცხოვრები კიდევ ერთი ქალბატონი კლავდია მუშინი.
_ 30 ქათმიდან ორიც არ მყავს. ბოლოს ხუთი მყავდა და ისიც შემიჭამეს ამ გადმოყრილმა ძაღლებმა. სოფელში ვცხოვრობ და ახლა, ამ ძაღლების გამო, კვერცხს ვყიდულობ. ესაა საქმე? ძაღლს ხმა არ უნდა გასცე უბატონოდ და აჰა, ბატონო. ვინ მოგვხედავს, იქნებ, დაგვეხმაროთ. ამიტომ მოგიხმეთ აქ. ჩვენ არავის არ ვაწუხებთ ზედმეტად. სოფლის მშრომელი ხალხი ვართ. ჩვენს საქმეს ვუძღვებით. მაგრამ ხომ უნდა დაგვაყენონ? ახლა ქათამიც ვეღარ გავზარდოთ? იქეთ ძროხები ვერ გაგვიდენია საძოვარზე. იმხელა მძიმე ტვირთმზიდი მანქანები დაქრიან. გვინდა ისეთი საგზაო ნიშანი, რომელიც მიანიშნებს, რომ აქ საქონელი გადაადგილდება და ცოტა ნელა იარონ. გადავარდა დამფრთხალი ძროხა ხრამში. აქეთ გვაჯარიმებენ, გზაზე თუ გაიარა პირუტყვმა. ის შეიძლება, ამხელა მანქანები რომ ტყვიასავით დაქრიან? _ ამბობს ვენერა შაქარაძე.
_ პირუტყვის ქუჩაში თავისუფლად გადმოშვება კანონით იკრძალება. ან მწყემსი უნდა, ან დაბმული ან დამწყვდეული გყავდეთ. საძოვარი თუ გაქვთ ან მწყემსი თუ გყავთ?
_ საძოვარი, საბალახოები არის ქვემოთ, მდინარის ნაპირას. მაგრამ იქამდე ხომ უნდა ჩავიდეს? რანაირად ჩავა, თუ გზაზე მანქანა დაეტაკა?
_ სწორედ ამიტომ სჭირდება მეთვალყურე და ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ვერავინ დაგეხმარებათ, რადგან მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ექნება ადგილი… მწყემსის გამოყოფა თუ შეგიძლიათ ან დამწყვდევა, დაბმა, როგორც მოსახლეობა ეძახის “ხელზე გყავდეთ”?
_ სად დავაბა? დავაბი, ხბო უნდა მოეგო. გავაჩერე შინ სამი დღე და კინაღამ დამეხრჩო. ასეა თუ ისე სოფლების, თხინვალის და შრომის გადასახვევის სიახლოვეს, საკმაოდ რთულ მოსახვევთან, საგზაო ნიშანი დაგვიდგან. ჭიშკართან მოსული ძროხა რომ მოგვიკლას მანქანამ, მაინც ჩვენ უნდა ვაგოთ პასუხი? ელემენტარულ წესრიგს ვითხოვთ… _ ამბობს ვენერა შაქარიძე.
ქალბატონ ვენერას დაეთანხმა მეზობლად მცხოვრები ლალი გიორგაძე: _ მეც აქვე, ახლოს, იმ ძველ, პრობლემურ ბინებში ვცხოვრობ. ამ ოჯახებთან, ვისაც პირუტყვი ჰყავთ და საშინაო მეურნეობას ეწევიან, ჩვენ ხელს გვიწყობენ, გვეხმარებიან. ახლა, ამათ თუ ცოტა გასაქანი არ მიეცათ და ამხელა ტრასაზე პირუტყვი მანქანამ მოუკლა, უპატრონო ძაღლმა ქათმები შეუჭამა, რა ქნან მათ და მერე ჩვენ რა ვქნათ?
ქალბატონები საუბრობენ წყლის მომარაგების მარადიულ პრობლემაზე:
_ ქუჩის განათება რომ არ გვაქვს, ყველგან რომ არის და მაინცდამაინც აქ ვართ ჩაბნელებული, ეს საქმეა? კარგი, ვთქვათ და ეს მოვითმინეთ, ავიტანთ როგორმე, მაგრამ წყალი როდის გვექნება, ცარიელი დაპირება რომ გვესმის და მეტი არაფერი? ყველა არჩევნების წინ გვპირდებიან. ყველამ იცის, რა მდგომარეობაა ამ მხრივ სოფელ მერიაში. აქვე, მდინარე ნატანებიდან ხრეშს ყოველდღე ეზიდებიან _ ღამითაც არ ჩერდება მათი მოძრაობა. შედეგი კი ისაა, რომ წყალი დაშრა. ყველა ოჯახში, ყველა ეზოში რომ ჭას ამოიღებ, ისეც არ იქნება წყალი და აქა-იქ თუ არის, ზაფხულში ისიც შრება. საინტერესოა, სადამდე გაგრძელდება ამ ხრეშის მოპოვება, რომელსაც ურეკისკენ ეზიდებიან, უცნობია. წყალს კი გვპირდებიან, თუმცა, სადაა? დაპირება სულ გვესმის, როგორ სრულდება, ისაა საქმე. რას ვითხოვთ ისეთს, რომ შესრულება არ შეიძლებოდეს? _ ამბობს ლია კრივინდა.
ის, ასევე, გამოთქვამს საყვედურს, რომ გასულ წელს აქ ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, ერთჯერადად საკმაო რაოდენობის “შებენი” მოიტანეს და კორპუსებს შორის დაყარეს, რომ აქ არსებული დაჭაობებული გზა ამოევსოთ. მერე კი გაესწორებინათ. თუმცა, ზოგიერთი აქ მცხოვრები არაკეთილსინდისიერად მოიქცა და შინ წაიღო, სახლის წინ რომ დაეყარაო…
ძველი კორპუსის მცხოვრები თენგო ბუცხრიკიძე: _ მე ვარ ერთი უპრეტენზიო კაცი. ჩემი პენსია მყოფნის. არავისი არაფერი არ მინდა და არ ვთხოვ მაგათ. აჰა, ესენი რომ ითხოვენ, მერე რა? კი ითხოვენ სამართლიანად _ არის ეს პრობლემები, მაგრამ ვინ რის მომცემია? ან გამკეთებელი? ამიტომ ვარ ჩემთვის. ვმუშაობ აგერ, საგაზაფხულოდ ვთესავ ჩემს ბოსტანს…ეგაა სულ. დაწერ თუ არა, ერთბაშად არ მოაგვარონ… _ მოგვაძახა და ბოსტნის ბარვა განაგრძო.
ჩვენ დავუკავშირდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ მერიაში. კონტაქტზე წარმომადგენლის თანაშემწე გოჩა მარგალიტაძე გამოვიდა, რომელსაც გავაცანით მოსახლეობის ყველა მოთხოვნა გზის, წყლის, პირუტყვის თუ ძაღლების მომრავლების, დაზიანებული სახურავების გადახურვის თაობაზე. მან “გურია ნიუსთან” ვრცელი კომენტარი გააკეთა:
_ კარგად მოგეხსენებათ, რომ ყველაფერი ერთბაშად არ კეთდება. პირველ რიგში, გეტყვით იმ გადასახური სახლების თაობაზე. ის, რომ თითქოს მხოლოდ პირდებიან გადახურვას, ტყუილია. განა, თავადაც იქ არ იყვნენ, როცა მუნიციპალიტეტის მერიიდან, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსო გოჩა აბაშმაძე და კომისიის სხვა წევრები მოვიდნენ? აზომეს, ჩაინიშნეს, რომ არსებული ოთხი კორპუსიდან სამი გადაიხურება? ერთი კი არ ექვემდებარება შეკეთებას. ძალიან მიკვირს, როგორ ამბობენ, რომ თითქოს არავინ ყოფილა იქ. ახლა რაც შეეხება მიუსაფარ ძაღლებს, ეს ცნობილი პრობლემაა , ყველამ ვიცით და ვეცდები, მოვაგვაროთ. წყალს რაც შეეხება, კიდევ უფრო გულსატკენია ის ფაქტი, რომ თქვენ გეუბნებიან, თითქოს წყალი არ აქვთ. 25 მილიონიანი პროექტია, რაც ჭაბურღილების გაკეთებას ითვალისწინებს. მთელ სოფელ მერიაში, ანუ მის თემში არსებულ სოფლებში _ გოგორეთში, თხინვალში, ხვარბეთში მალე თანამედროვე სახით მოხდება წყლის მიწოდება. ერთ წელში მთავარი სამუშაოები დასრულდება. გოგორეთის მხრიდან, ყველაზე მაღალ წერტილზე იგეგმება წყლის მასიური ავზის გაკეთება. ვერ გეტყვით, რომ ეს ორიოდე თვეში გაკეთდება, თუმცა იმ ოჯახაშენებულებმა ხომ იციან, არაერთხელ ვუთხარით, რომ ეს პროექტი არსებობს, ტენდერიც მოგებულია და აუცილებლად გაკეთდება? ახლა გარე განათებას რაც შეეხება, ესეც არის. თუ სადმე გაფუჭებულია ან ძაღლმა თუ შეაწუხა ან რაიმე ზიანი მიადგათ, არ შეუძლიათ, გვაცნობონ? ხაზგასმით აღვნიშნავ და გავიმეორებ _ სახლების გადახურვა მოხდება, წყალიც იქნება და ეს შეგიძლიათ, თქვენც გაიგოთ და გადაამოწმოთ.
გოჩა მარგალიტაძემ შეგვპირდა ისიც, რომ თუ საშიში ძაღლი არსებობს და აწუხებს მოსახლეობას აღნიშნულ დასახლებაში, შეეცდება, რომ ეს საკითხი მოაგვაროს მუნიციპალიტეტში, შესაბამის სამსახურთან. პირუტყვის ქუჩაში გაშვებას კი კანონი კრძალავს და ამას საგზაო ნიშანი ვერ უშველის. აუცილებლად უნდა შეძლონ ან მწყემსის გამოყოფა ან იმორიგეონ საძოვარზე პირუტყვის გასარეკად ან შინ განათავსონ და ისე მიხედონ.
ბუნებრივია, ჩვენ თვალს მივადევნებთ სოფელ მერიის მოსახლეობის სპეციფიური უბნის მცხოვრებთა პრობლემის მოგვარების საკითხს. როგორც თავად თქვეს, ძირითადად, ისინი მართლაც არაფერს ითხოვენ შეუძლებელს.
ავტორი