ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ქართველი ზედიზედ მეორედ დაასახელეს „ნაპოლის“ ფანებმა გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად – თებერვლის და ახლა უკვე მარტის.
კვარა „ნაპოლის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც გუნდის თვის „MVP“-ს ჯილდო ზედიზედ ორჯერ მოიპოვა.
მარტში კვარაცხელიამ „აძურის“ რიგებში ყველა ტურნირზე 4 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.
ნეაპოლურმა გამოცემამ „Il Mattino“ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
გამოცემის მტკიცებით, „ნაპოლიში“ არ არის ფეხბურთელი, რომელიც შეიძლება დე ლაურენტისმა არ გაყიდოს, მათ შორისაა ქართველიც. ნეაპოლელები თუ დაახლოებით 100 მილიონი ევროს შეთავაზებას მიიღებენ, დე ლაურენტისი მზადაა კვარაცხელიას შეელიოს. ხვიჩას ამჟამად „ბარსელონას“ და „პარი სენ-ჟერმენს“ უკავშირებენ.
ხვიჩას ნეაპოლურ კლუბთან ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მას იტალიური კლუბის მაისურით ჩატარებულ 82 მატჩში 24 გოლი გაიტანა, 20-ჯერ კი საგოლე პასი მიითვალა.
განცხადება გაავრცელა ვებ-გვერდი „Tuttomercatoweb“-ის დირექტორმა ნიკოლო ჩეკარინიმაც.
„დე ლაურენტისი დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელს კონტრაქტის განახლებით შეინარჩუნებს. სამწუხაროდ, თანამედროვე ფეხბურთში არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც არ იყიდება, ამიტომ, თუ მიიღებენ შეთავაზებას, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელი იქნება, შეიძლება წასვლა მოუწიოს. თუმცა, „ნაპოლი“ ყველაფერს გააკეთებს მის შესანარჩუნებლად, ახლა ძნელია იმის გაგება, თუ ვინ ეცდება ქართველის შეძენას. არა მარტო „ბარსელონაა“, არამედ, პრემიერლიგის კლუბებმაც შეიძლება სცადონ“, – თქვა ჩეკარინიმ.
საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა ნეაპოლელმა ჟურნალისტმა ჯოვანი სკოტომ.
„საკუთარ მომავალს მხოლოდ კვარაცხელია გადაწყვეტს. ჯერჯერობით, მას წასვლა არ მოუთხოვია. ელოდება კონტრაქტის გაუმჯობესებას, რომელსაც დაჰპირდნენ, მასთან თითქმის იგივე შეთანხმებაა, რაც აქვს ოსიმენს, რომელიც ზაფხულში „პსჟ“-ში გადავა. კვარა ფიქრობს, რომ კარიერა „ნაპოლიში“ გააგრძელოს. ის ჭკვიანი ბიჭია და ურჩევნია მთავარი გმირი იყოს „ნაპოლისნაირ“ გუნდში, ვიდრე ევროპულ გრანდში ჩვეულებრივი მოთამაშე. „ნაპოლისთვის“ არანაირი საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, დე ლაურენტისი მზადაა, მის შესანარჩუნებლად არა ერთი, არამედ, ორი-სამი კედელი აღმართოს“, – განაცხადა სკოტომ.
გამოცემა „Il Mattino“-ს მტკიცებით, “ლაციომ” “ნაპოლის” შეიძლება გუნდის კაპიტანი ჩირო იმობილე ჯოვანი სიმეონეში გაუცვალოს.
„ლაციოს“ გულშემატკივრები იმობილეს თამაშით უკმაყოფილოები არიან და ახალი მწვრთნელი იგორ ტუდორი მისი გასხვისების წინააღმდეგი არაა. ჩიროს აგრეთვე კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელების ვარიანტი აქვს.
34 წლის იმობილეს რომაულ კლუბთან ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში ყველა ტურნირზე 38 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი ფასი 7 მილიონი ევროა.
28 წლის სიმეონეს ანგარიშზე კი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 31 შეხვედრაში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა, “ნაპოლისთან” ხელშეკრულებით 2026 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული. მისი სატრანსფერო ღირებულება 13 მილიონ ევროს შეადგენს.