ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და კონკრეტულად პარლამენტში განსახილველად და დასამტკიცებლად შეტანილ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ეხმაურება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მანანა სირბილაძე და იქვე დასძენს, რომ ეს კანონი ახლა კი არა, ადრეც უნდა მიეღოთ.
მანანა სირბილაძე სამტრედიის მესამე მოწვევის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა, 2012 წლიდან “ქართული ოცნების” წევრი და აქტიური ფიგურაა.
,,არ მეგულება ადამიანი, ვისაც ევროპასთან ყოფნა უნდა, არ მოსწონდეს გამჭვირვალობა; მით უფრო, ფინანსური კუთხით.
ჩვენ, ნებისმიერი თანამდებობის პირები, წელიწადში ერთხელ ვაკეთებთ დეკლარაციას ჩვენი შემოსავლების შესახებ. თუ არ წარვადგენთ, 1000 ლარით გ აჯარიმებენ.
ამიხსენით, რატომ არ უნდა ხდებოდეს ენჯეოების ფინანსური გამჭვირვალობა, სადაც ამხელა ფული ტრიალებს, რომელსაც ქვეყნის ასარევად იყენებს და არა სასიკეთოდ? ყველაზე არ მაქვს ლაპარაკი, რა თქმა უნდა.
კანონში არაფერია ისეთი, რასაც არ დაეთანხმები, მანიპულირების ადგილიც კი არ დატოვეს.
წაიკითხონ ეს კანონი _ პირდაპირ არის გამოკვეთილი, რომ არ ეხება ფედერაციებს, ფიზიკურ პირებს, სპორტის, კულტურის მუშაკებს, არამედ ეხება ენჯეოებს, რომელთა შემოსავლებშიც უცხოეთიდან შემოდინებული თანხა 20 პროცენტზე მეტია.
კეთილი ინებონ და წელიწადში ერთხელ გაგვაგებინონ თანხების მიზნობრიობის შესახებ.
თუ ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვთ ეს კანონი, თუ სჭირდება იგი საფრანგეთს, ჩვენ რატომ არ გვჭირდება? ვისი უფლებები ირღვევა, რატომ არ სცემენ ამას პასუხს? ამას გეუბნებით არა როგორც თანამდებობის პირი, არამედ, როგორც მოქალაქე.
დავიღალეთ ამდენი სიცრუით. რატომ არის რუსული, ამერიკაში ,,ფარას” კანონი რომ არის? ესეც იგივეა.
არავის სჭირდება ძლიერი, დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველო, მაპატიეთ, არც იმ ჩვენს პარტნიორებს. რატომ ტყდება ასეთი ამბავი?
სულ 6 გვერდი და 11 მუხლია კანონი _ წაიკითხონ და გაერკვიონ.
როცა პირველად გამოიტანეს ეს კანონპროექტი, მაშინაც მანიპულირებდნენ, რომ თითქოს, მისი მიღების შემთხვევაში საზღვარგარეთ სწავლის უფლება ჩამოერთმეოდათ ჩვენს ახალგაზრდებს.
რა მდგომარეობაშიც ჩვენი ქვეყანაა, ახლა კი არა, ადრეც უნდა მიეღოთ ეს კანონი.
ვინც არის ამ კანონის შემოქმედი, ეუბნება ოპოზიციას, რომ დადონ თავიანთი ალტერნატიული ვარიანტი.
გაუგებარია ოპოზიციის პოზიცია. საფრანგეთის კანონი რომ ავიღოთ შედარებისთვის, ის გაცილებით მკაცრია _ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ჩვენთან მხოლოდ ჯარიმა ფიქსირდება.
ლეგიტიმური პოზიცია მიჩნდება _ ისეთი შემოსავლები მოედინება ჩვენთან, რომელიც ქვეყნის საზიანოა.
ყოფილი პროკურორი რომ იტყვის, მიზნობრიობა არ აქვს მისთვის გადმორიცხულ თანხას, მიუღებელია. მილიონი დოლარი გადაუხადეს მიხეილ სააკაშვილის გამო ,,ფარას” საქართველოს გაშავების, დაჯარიმების და სანქცირებისთვის.
ეს გავიგეთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ასე უნდა გავიგოთ ჩვენც, რა ხდება ჩვენს პატარა ქვეყანაში.
მომავალში რა იქნება, არავინ იცის, ისეთ არასტაბილურ სამყაროში ვცხოვრობთ, შეიძლება ეს კანონი საერთოდ გაუქმდეს, ისე კარგად წავიდეს საქმე“, _ ამბობს მანანა სირბილაძე.
ავტორი