დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება 30 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოქალაქეთა მრავალრიცხოვანი მშვიდობიანი აქციის დაშლის ფაქტს და აცხადებს, რომ შსს-ს აქციის დასაშლელად არ გააჩნდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.
“აქციის დასაშლელად გამოყენებული არაპროპორციული ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები, ასევე, აქციის მონაწილეთა დაკავების უკანონო პრაქტიკა მოწმობს, რომ შსს თავის ქმედებებში გასცდა კანონიერების ფარგლებს.
აქციის დასაშლელად საპოლიციო ღონისძიებების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოყენების გარდა, სამართალდამცავების მხრიდან ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკურ ძალადობას. აქციის მონაწილეთა დასაკავებლად გამოყენებული ტაქტიკა, რა დროსაც, სავარაუდოდ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 7-8 ნიღბიანი თანამშრომლისგან შემდგარი ჯგუფი მიზანში იღებდა ცალკე მდგომ დემონსტრანტებს, წრეში აქცევდა, სამართალდამცველების კორდონისკენ მიათრევდა ან უზღუდავდა ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობას, არ წარმოადგენს კანონიერ საპოლიციო ღონისძიებას.
DRI-ის შეფასებით, პარლამენტის ოპოზიციონერი წევრებისთვის მიყენებული ფიზიკური დაზიანების ხასიათი ასევე მოწმობს, რომ დაზიანებები არ შეიძლება იყოს კანონიერი საპოლიციო ღონისძიებების შედეგი და წარმოადგენს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ აშკარა ანგარიშსწორებას.
DRI მოუწოდებს:
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
- სწრაფად და ობიექტურად გამოიძიოს სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების აშკარა ფაქტები;
- შეამოწმოს 30 აპრილს სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ ბრძანების კანონიერება;
- მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას მყისიერად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
- შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის უკანონოდ დაშლის მანკიერი პრაქტიკა;
- იმოქმედოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და უზრუნველყოს დემონსტრანტთა ფიზიკური უსაფრთხოება;
- დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის იდენტიფიცირებისას, ლოკალურად, ინდივიდუალური ღონისძიებების განხორციელებით აღმოფხვრას შესაბამისი ფაქტი, მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობისთვის ხელშეშლის გარეშე”.