ამქვეყნად ორი ოცნება ჰქონდა: გამხდარიყო კაპიტანი და ცოლად შეერთო ქართული კინოს ვარსკვლავი ნატო ვაჩნაძე. მან ორივე ოცნება აისრულა, უფრო მეტიც, თავადაც ლეგენდად იქცა!
მას დღემდე ლეგენდარულ კაპიტანს უწოდებენ. მახსოვს, მისმა ქალიშვილმა დოდო კაჭარავამ მამის ფოტოები რომ მაჩვენა, მონუსხულივით ვუყურებდი. კინოგმირივით იყო, თითქოს რომელიღაც “ოსკაროსანი” ფილმიდან გადმოსული. სამწუხაროდ, მისი სიმამაცისა და გმირობის ამბები ჩვენთან ბევრმა არც იცის, ვიკიპედიაში მხოლოდ რამდენიმე წინადადებით არის გადმოცემული მისი ვრცელი და დრამატული ბიოგრაფია, არადა, წარმოვიდგინე, გმირი კაპიტნის თავგადასავალზე რა დიდებული მხატვრული ფილმის ან სერიალის გადაღება შეიძლება, მაგრამ… ფილმს ვინ დაეძებს, დღევანდელ საქართველოში დიდი ადამიანების გახსენებაც კი უძნელდებათ, თუნდაც ამ სტატიის გმირის – ანატოლი კაჭარავასი.
ანატოლი კაჭარავა 1910 წლის 15 აგვისტოს სოხუმში დაიბადა, იქვე გაიზარდა. ზღვა იყო მისი ბედნიერებაც და ტრაგედიაც, სიცოცხლეც და სასიკვდილო ბედისწერაც. ამქვეყნად ორი ოცნება ჰქონდა: გამხდარიყო კაპიტანი და ცოლად შეერთო ქართული კინოს ვარსკვლავი ნატო ვაჩნაძე. მან ორივე ოცნება აისრულა, უფრო მეტიც, თავადაც ლეგენდად იქცა!
16 წლის იყო, იალქნიანი ხომალდით შავი ზღვის სანაპიროზე რომ დაცურავდა, 19 წლისა უკვე კაპიტანი გახდა. მერე ვლადივოსტოკის ტექნიკუმი დაამთავრა და არქტიკისკენ გაემგზავრა, წლების შემდეგ კი შორეული ნაოსნობის კაპიტნებისთვის საოცნებო “საპატიო პოლარელის” წოდებაც” მიიღო. 1940 წელს ანატოლი კაჭარავა კაპიტნის მოვალეობას ყინულმჭრელ „”სადკოზე” ასრულებდა, ბევრჯერ დალაშქრა არქტიკა, მაგრამ ერთი ავარიაც არ მოსვლია. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ უკვე სახელგანთქმულმა კაპიტანმა იმჟამინდელი ლენინგრადის მაკაროვის სახ. უმაღლესი საზღვაო სკოლაც დაამთავრა. მშობლიური ქართულის გარდა, შესანიშნავად იცოდა რუსული, ინგლისური, ფრანგული და გერმანული ენები.
1942 წლის 25 აგვისტოს ყინულმჭრელი “ალექსანდრ სიბირიაკოვი”, რომელსაც კარის ზღვაში დიქსონიდან ჩრდილოეთის მიწაზე ახალი პოლარული სადგურისთვის აღჭურვილობა და პერსონალი გადაჰყავდა, კუნძულ ბელუხასთან გერმანელების კრეისერ “ადმირალ შეერს” შეეჩეხა. გერმანელებმა კაპიტანს დროშის დაშვება და დანებება მოსთხოვეს, კაპიტანი ანატოლი კაჭარავა არ დაემორჩილა და მტერს ცეცხლი გაუხსნა. პატარა გემმა დარტყმა საკუთარ თავზე აიღო, თვითონ შეებრძოლა უზარმაზარ, შესანიშნავად აღჭურვილ მრისხანე კრეისერს და, ფაქტობრივად, მტერს თავი შეაკლა. ამით “სიბირიაკოვმა” უკან მომავალი 25 საბჭოთა გემისგან შემდგარი ქარავანი განადგურებას გადაარჩინა – გემები სამშვიდობოს გავიდნენ, გემი “ალექსანდრ სიბირიაკოვი” კი ჩაიძირა, მის გემბანზე მყოფი ასობით ადამიანიდან ცოცხალი მხოლოდ 19 გადარჩა. კაპიტანი კაჭარავა ფეხსა და მუცელში მძიმედ დაიჭრა და გონება დაკარგა. ეკიპაჟის წევრებმა რომ ნახეს, კაპიტანი ცოცხალი იყო, სასწრაფოდ კაპიტნის ფორმა გახადეს და რიგითი მეზღვაურის ფორმა ჩააცვეს, რათა გერმანელებს არ ამოეცნოთ. “ადმირალ შეერის” ეკიპაჟმა გადარჩენილი “სიბირიაკოველები” ტყვედ აიყვანა. მეზღვაურებიდან ერთმაც არ გასცა კაპიტანი, რომელიც ფაშისტებისთვის დიდებული ნადავლი იქნებოდა.
გერმანელების ტყვეობიდან სტალინის ტყვეობაში
ტყვეებმა საკონცენტრაციო ბანაკებში სასტიკი დღეები გაიარეს, ბოლოს ყველაზე საშინელ – პოლონეთის ბანაკში აღმოჩნდნენ, სადაც ანატოლი კაჭარავამ 2 წელზე მეტი გაატარა. ბოლოს სათავეში ჩაუდგა წინააღმდეგობის მოძრაობას და მონაწილეობდა ამბოხებაში. ის სასწაულებრივად გადაურჩა დახვრეტას – 1945 წლის 10 მარტს სხვა ტყვეებთან ერთად დასახვრეტად გაჰყავდათ, როდესაც მე-10 სატანკო დივიზიამ მიუსწრო და გაათავისუფლა, თუმცა… ტყვეობა მაინც გაგრძელდა, ამჯერად სტალინურად – უფის სპეციალურ ბანაკში. როდესაც იოსებ სტალინი გამარჯვებათა ქრონიკას ათვალიერებდა, ანატოლი კაჭარავასთან შეხვედრა მოითხოვა. კაჭარავა კრემლში უფიდან მიიყვანეს. სტალინი მას შეეგება სიტყვებით, გამარჯობა, თანამემამულევ, გამარჯობა, გმიროო, და ორდენიც კაბინეტშივე გადასცა, ოღონდ ნამდვილი გმირი “საბჭოთა კავშირის გმირობის” გარეშე დარჩა – მაშინ გერმანელების ტყვეობაგამოვლილებს საბჭოთა კავშირის გმირობას არ აძლევდნენ, ასე რომ, “სიბირიაკოვის” უმამაცესი კაპიტანი მხოლოდ წითელი დროშისა და სხვა ორდენებს დააჯერეს. ანატოლი კაჭარავას რეაბილიტაცია 1961 წელს მოხდა, ორი ტყვეობის შემდეგ ანატოლი კაჭარავა კვლავ დაუბრუნდა ზღვას და კიდევ 30 წელიწადს დაცურავდა, 1967 წელს კი ბათუმში დაფუძნდა და საქართველოს საზღვაო-სანაოსნო დააარსა. პირველი ხელმძღვანელიც თავად იყო. საბოლოოდ, პორტი “ბათუმი” მისი ცხოვრების შემოდგომად იქცა, კუნძული ბელუხა კი – მუდმივ თანამდევად. კარის ზღვაში, ბელუხასთან, გემები დღემდე აძლევენ სიგნალს მამაცი კაპიტნის, ეკიპაჟისა და ჩაძირული “სიბირიაკოვის” პატივსაცემად.