საზოგადოების უმწვავესი პროტესტის მიუხედავად, კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონად იქცა. კანონის მიხედვით, ის საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც საქართველოს პარტნიორებისგან ან ისეთი ბიზნეს-ორგანიზაციების მიერ ფინანსდებიან, რომლებშიც უცხოური კაპიტალია, უცხოური გავლენის მატარებლად უნდა დარეგისტრირდნენ.
მოგეხსენებათ, რომ მედიის შემოსავლები მხოლოდ კომერციულია, სხვა შემოსავალი, უბრალოდ, მედიას არ აქვს. ამიტომ, კანონის დათქმა, რომ იგი შეეხება მედიასაშუალებას, რომლის არაკომერციული შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოურია, თითქმის ყველა მედიასაშუალებას შეეხება.
ამას გარდა, კანონი შეიცავს არაკანონიერ მოთხოვნას _”აგენტად” დარეგისტრირდეს ყველა ორგანიზაცია, რომლებსაც 2023 წელს მიღებული ჰქონდა უცხოური დახმარება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კანონს უკუშექცევითი ძალა მიენიჭა და კანონის მიღებამდე პერიოდზეც ვრცელდება. სწორედ “აგენტად” დარეგისტრირებაა მთავარი პრობლემა და არა გამჭვირვალობა, როგორც ამის წარმოჩენას “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები ცდილობენ. ამ იარლიყის მიწებება, თან “ნებაყოფლობით”_ კანონის ძალით, შეურაცხყოფის გარდა, ძალიან ბევრ საფრთხეს შეიცავს: რუსეთის მსგავსად, ამ კანონმა, შესაძლებელია, მმართველი პარტიის მიერ არასასურველი პირების სისხლის სამართლებრივ, უფლებრივ დევნას შეუწყოს ხელი.
ეს ყველაფერი მედიის და მესამე სექტორის განადგურებისკენაა მიმართული, რომლებსაც “მოდარაჯის” _ ხელისუფლების მაკონტროლებლის ფუნქცია აქვთ. სწორედ კრიტიკული მედიის და მონიტორინგის გამახორციელებელი ორგანიზაციების არსებობის გარეშე აპირებს მმართველი გუნდი 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში შესვლას, რომ მინიმუმ, 4 წლით გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა.
ამ შიდა პროცესების გარდა, მკვეთრადაა შეცვლილი ქვეყნის საგარეო კურსი _ საქართველოს მთავრობა ჩრდილო-ატლანტიკური და ევროპული კურსის ნაცვლად, რუსულ-ჩინურ-ირანულ ორბიტაზე მოძრაობს. გარდა იმისა, რომ კანონის ძალაში შესვლით, დაიხურება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, გაუარესდება საინვესტიციო გარემო, გაუარესდება ეკონომიკური მდგომარეობა და შეჩერდება დასავლეთიდან დაფინანსებული პროგრამების გახორციელება. არადა, ჩვენი პარტნიორებისგან გაწეულ სიკეთეებს და დახმარებას თუ გავითვალისწინებთ, ყველაზე მსხვილი ბენეფიციარი და დიდი “აგენტი” საქართველოს მთავრობა გამოდის, რადგან ქვეყანაში სწორედ უცხოური გრანტების საშუალებით ხორციელდება ათასგვარი მნიშვნელოვანი პროექტი, ხშირ შემთხვევაში, დონორზე ინფორმაცია საზოგადოების ყურამდე არც მიდის და ამას ხელისუფლება თავის დამსახურებად მიიწერს.
პირველ რიგში, დახმარება შეუწყდებათ სიპ-ებსა და აიპ-ებს, ვისკენაც სამოქალაქო სექტორზე მეტი ფინანსები მიემართება. საქართველოში დაიხურება ბევრი პროექტი, რომლებიც მათი დაფინანსების არეალშია.
ექსპერტების თქმით, ყველა გრანტი და სესხი, რასაც სახელმწიფო იღებს, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა რომ გააჩერონ, პირველივე წელს, მშპ-ს ვარდნა მინიმუმ 15% იქნება!
დღეს და ჩვენს მომდევნო სტატიებში, აუცილებლად შემოგთავაზებთ იმ პროექტების ჩამონათვალს, რომელიც უცხოური გრანტების მეშვეობით გახორციელდა ან ხორციელდება ქვეყანაში და გურიის მუნიციპალიტეტებში.
სკოლა ლაითურელი მოსწავლეებისთვის
ლაითურის საჯარო სკოლა
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერაა რეაბილიტირებული
გურიაში, სკოლების მშენებლობას და რეაბილიტაციას, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების გარდა, ჩვენი მეგობარი ქვეყნები აფინანსებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ არის რეაბილიტირებული. პროექტის ფარგლებში განახლდა სამივე სართულის გარე ფასადი, შენობის შიგნით კი, სრულად აღდგა ორი სართული.
სკოლის დირექტორის ლეილა გაბეჩავას თქმით, ეს ორი სართული საკმარისია, სკოლის ამჟამინდელ 375 მოსწავლესთან სრულყოფილი სასწავლო პროცესი ჩატარდეს.
ლაითურის საჯარო სკოლის შენობა 1975 წელს აშენდა.
_ ძალიან სასიამოვნოა და მისასალმებელია ყველანაირი დახმარება ვისგანაც არ უნდა იყოს ის. როდესაც ადამიანი ან ქვეყანა დახმარების ხელს გამოგიწვდის, მადლობის მეტი რა გვეთქმის?!
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ 2018-2019 წელს ეს პროექტი ლაითურში გახორციელებულიყო. ზუსტად 2019 წლის 1სექტემბერს ახალგარემონტებულ სკოლაში განახლდა სასწავლო პროცესი.
მანამდე, მცირე-მცირე რემონტი ყოველთვის კეთდებოდა ლაითურის საჯარო სკოლაში. განათლების სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ არაერთხელ შეცვლილა სახურავი და ასევე, ჩაისვა ფანჯრის მინები, _ ამბობს ჩვენთან საუბარში სკოლის დირექტორი.
მისივე თქმით, სკოლაში, მასწავლებლების და მოსწავლეების აქტიურობით, შექმნილია მკვლევართა, სამოქალაქო, თეატრალური კლუბები, რომლებიც სასწავლო პროცესებში არა ერთ ღონისძიებას ატარებენ. ასევე, არის წიგნის კითხვის წრე და არის თვითმმართველობა.
“ამ ეტაპზე, აუცილებლობას წარმოადგენს გვქონდეს ბუფეტი და სააქტო დარბაზი. 2023 წელს სკოლის ავტორიზაციისას, რეკომენდაცია მოგვცეს, რომ ეს საკითხები 2025 წლისთვის იყოს მოგვარებული. ჩვენ მივწერეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას და გვაქვს მათი იმედი”, _ აღნიშნა ქალბატონმა ლეილამ.
დაბა ლაითურის საჯარო სკოლაში ყოფნისას, უფროსი კლასის რამდენიმე მოსწავლეს გავესაუბრეთ.
“მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტის გახორციელება. როდესაც სახელმწიფოს არ აქვს საშუალება სწრაფ ტემპში მოაგვაროს ინფრასტრუქტურული პრობლემები სკოლაში, ასეთი მხარდაჭერა ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან მისასალმებელია”, _ გვითხრეს ლაითურის საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა.
მათივე თქმით, იყო პერიოდი, როდესაც სკოლაში არ იყო გამათბობლები, მწვავედ იდგა სხვა არაერთი პრობლემა:
“ახლა გვინდა, რომ სკოლაში იყოს ბუფეტი და დიდი ბიბლიოთეკა. სკოლაში სხვადასხვა კლუბებია შექმნილი და მათ მუშაობაში სკოლის მოსწავლეები აქტიურად ვართ ჩართულები”.
საინტერესოა, რომ დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მოსწავლეები არა ერთ უცხოურ გაცვლით პროგრამებშიც მონაწილეობენ.
“USAID”-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის’’ წლის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
სტატიის მომზადების პერიოდში, სწორედ მაშინ, როცა “ქართული ოცნების” 84 დეპუტატი პარლამენტში”უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონის მიღებას უჭერდა მხარს, ქალაქ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლაში “USAID- ის სამოქალაქო განათლების პროგრამის’’ წლის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
“USAID ის სამოქალაქო განათლების პროგრამის’’
წლის შედეგების პრეზენტაცია ოზურგეთის #1 საჯარო სკოლაში
პროგრამის პარტნიორი 36 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობებისა და სამოქალაქო კლუბების წევრებმა წარმოადგინეს მათ მიერ გახორციელებული გამორჩეული აქტივობები, პროექტები, პროგრამის მცირე გრანტების კომპონენტით დაფინანსებული პროექტები.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ლანჩხუთის #3 და ჩოხატაურიდან ქვენობნის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. შემოსულ თანხას მოსწავლეები ქველმოქმედებას მოახმარენ.
შეხვედრაზე დასახელდა ტექნიკის კონკურსის გამარჯვებულები: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კოხნარის, ხიდისთავისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლები.
“ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო განათლების პროგრამა, სხვადასხვა სახელწოდებით, 13 წელზე მეტია ხორციელდება საქართველოში და მათ შორის, გურიის 36 სკოლაში. ტექნიკის კონკურსი ამ პროექტის ერთ-ერთი აქტივობაა. ყოველწლიურად ვლინდება გამარჯვებული; წელს, სამ სკოლას გადაეცა პროექტორი, პრინტერი, სკანერი და ა.შ. გამარჯვებულები გამოავლინა კომპეტენტურმა ჟიურიმ”, _ გვითხრა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის კოორდინატორმა გურიის რეგიონში ინგა დუმბაძემ.
თაზო _ აქტიური მოქალაქე სოფელ ასკანიდან
“თაზო ჯოჯუა, 18 წლის. თემზე დაფუძნებულ სათემო ფონდს წარმოვადგენ, რომელიც ჯერ საინიციატივო ჯგუფის და შემდგომ, ფონდის სახელით უკვე 4 წელია სოფელ ასკანასა და მზიანში არსებობს”, _ ასე იწყებს ჩვენთან საუბარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში მცხოვრები ახალგაზრდა.
თაზო ჯოჯუა გურიის რეგიონში ერთ-ერთი აქტიური მოქალაქეა და არაერთი პროექტის მონაწილე და ავტორია:
“ჩვენი მიზანია თემში პოზიტიური ცვლილებების მოტანა, რაც სოფელს გააცოცხლებს, გაამრავალფეროვნებს და მასში ცხოვრებას რუტინულს არ გახდის. ყოველივე ამას ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ფონდების დახმარებით ვახერხებთ.
ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ რა შევძელით ჩვენი თემისთვის, გახლავთ ასკანის საჯარო სკოლაში ციფრული სივრცის შექმნა. სივრცის, რომელიც აერთიანებს სასკოლო და სათემო საზოგადოებას. მოზარდს აწვდის თითქმის ყველა ტექნოლოგიურ რესურსს უნარებისა და ცოდნის გასაღრმავებლად. თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები ჩვენს საუკუნეში და რამდენად სამწუხაროა, რომ ბევრი სკოლა ჯერ კიდევ აღჭურვილი არ არის ყველა საჭირო რესურსით, განმარტებას არ დავიწყებ, ისედაც ცხადია. მეორე მხრივ, უნდა აღვნიშნოთ ამერიკელი და ევროპელი ხალხის გულითადი დახმარება, რომელმაც 2020 წელს, ყველაზე კრიზისულ და სტრესულ პერიოდში, შეგვაძლებინა ძალიან ღირებული და მამოტივირებელი საქმის გაკეთება. ახლაც, მიმდინარე კამპანია გვაქვს, რომლითაც გვსურს შევქმნათ მულტიფუნქციური სოციალური სივრცე თემის წევრებისთვის. ვინაიდან, აღარ არსებობს ისეთი სოციალურ-კულტურული სივრცე, სადაც ადამიანები შეიკრიბებიან სხვადასხვა საგანმანათლებლო და სოციალური მიზნებისთვის, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ ჩვენს თემში მსგავსი სივრცის შექმნა. ვთვლით, რომ ეს სივრცე ადამიანებს უფრო მეტად დაახლოებს, ახალი ცოდნისა თუ გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მისცემს. მულტიფუნქციური სოციალური სივრცის შესაქმნელად დაწყებულია კამპანია, რომელშიც უკვე მონაწილეობა მიიღო ადგილობრივმა მოსახლეობამ, დონორმა ორგანიზაციებმა. ამჟამად 9000 ლარი არის შეგროვებული, მაგრამ ეს თანხა არ არის საკმარისი…
რაც შემეხება პირად მე, როგორც ქალაქის ცენტრიდან კილომეტრებით დაშორებულ სოფელში მცხოვრებს,სადაც ტრანსპორტიც კი არ დადის, სწორედ ევროკავშირისა და USAID-ის დაფინანსებით, შესაძლებლობა მომეცა გამევლო ისეთი კურსები, როგორებიც შეეხებოდა ციფრულ ინსტრუმენტებსა და უსაფრთხოებას, დასაქმებისთვის საჭირო საბაზისო კომპეტენციებს, მონაწილეობა მიმეღო სტაჟირების არა ერთ პროგრამაში… სხვა უამრავი სიკეთე და შესაძლებლობა მახსენდება. თუ დღეს მე, რიგით მოქალაქეს, შემიძლია რამეს მივაღწიო ან შევქმნა, სწორედ ამ ორგანიზაციების წყალობით. მათი მხარდაჭერის გარეშე, ძნელად წარმოსადგენია, თუ რა შესაძლებლობები გვექნება ჩვეულებრივ მოქალაქეებს. ხარისხიანი განათლების მიღების, წარმატების მიღწევის შესაძლებლობა თუ დღეს ნებისმიერ მონდომებულ ადამიანს აქვს, და არა მხოლოდ პრივილეგირებულთათვისაა განკუთვნილი, სწორედ ამ ორგანიზაციების დამსახურებაა!” _ გვითხრა თაზო ჯოჯუამ.
რომელი გაცვლითი პროგრამებით სარგებლობენ მოსწავლეები
სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს გამგეობის თავმჯდომარე ნათია გიგიაძე ჩვენთან საუბრისას დეტალურად მოგვითხრობს, თუ რომელი გაცვლითი პროგრამებით მიემგზავრებიან ოზურგეთელი ბავშვები ევროპის სხვადასხვა ქალაქებში.
ნათია გიგიაძე: “სტუდენტურ ახალგაზრდული სათათბირო, წლების განმავლობაში, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფს ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობას საერთაშორისო პროექტებში. ახალგაზრდების უმეტეს ნაწილს ოზურგეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები წარმოადგენენ.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის “ერასმუს+” ფარგლებში ახალგაზრდები ერთვებიან ახალგაზრდულ გაცვლით პროექტებში, რომელთა თემატიკაც მრავალფეროვანია: გარემოს დაცვა, კონფლიქტების მართვა, ინტერკულტურული განათლება, მშვიდობის ხელშეწყობა, არაფორმალური განათლება, მიგრაცია, ციფრული განათლება, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, სამეწარმეო უნარების განვითარება, სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, მწვანე ეკონომიკა, სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პოპულარიზაცია და სხვა მრავალი. თავიანთ ევროპელ თანატოლებთან ერთად, ოზურგეთელი ახალგაზრდები ივითარებენ კომპეტენციებს მრავალი მიმართულებით და იძენენ უნარებს, რომლებსაც შემდგომში აქტიურად იყენებენ ცხოვრებაში. გარდა ამისა, ახალგაზრდები უმეგობრდებიან თავიანთ ევროპელ თანატოლებს, გეგმავენ ერთობლივ ღონისძიებებს და ამზადებენ პროექტებს, რომელთა საერთო მიზანია ახალგაზრდების განვითარების და ჩართულობის ხელშეწყობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, “ერასმუს+” პროგრამა განსაკუთრებით ახალისებს და მხარს უჭერს მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების მონაწილეობას და ჩართულობას, რაც 100 %-ით ფინანსდება უშუალოდ პროგრამის მიერ და აღნიშნული კატეგორიის ახალგაზრდები მონაწილეობა საერთაშორისო პროექტებში სრულიად უფასოა. იგივე შეიძლება ითქვას “ევროპული სოლიდარობის კორპუსის პროგრამის” შესახებაც, რომელში ჩართულობაც ახალგაზრდებს შეუძლიათ 18-30 წლამდე და ყველა ხარჯი უშუალოდ იფარება პროგრამის მიერ; ხოლო მოხალისეობრივ პროექტებში მონაწილეობა ქართველ ახალგაზრდებს ევროპული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას აძლევს და ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას დასაქმების ბაზარზე”, _ ამბობს ნათია გიგიაძე.
ეს მცირედი ჩამონათვალია იმ სიკეთეების, რომელიც ჩვენი მეგობარი ქვეყნები საქართველოს ეხმარება. ჩვენი რესპონდენტები იმედს არ კარგავენ, რომ მსგავსი პროგრამებით მათი თანატოლები და შემდეგი თაობები ისარგებლებენ.