მშვიდობა
სანამ რეალურ პოლიტიკურ მიზნად იქცეოდა, ევროპის გაერთიანების იდეა მხოლოდ ფილოსოფოსებისა და მეოცნებეების იდეალი იყო. მაგალითად, ვიქტორ ჰიუგო
მშვიდობიან, ჰუმანისტური იდეალებით გამსჭვალულ „ევროპის შეერთებულ შტატებზე“ ოცნებობდა.
ეს ოცნება დაამსხვრია იმ საშინელმა ომებმა, მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ევროპის კონტინენტს აურაცხელი ნგრევა რომ მოუტანა.
მაგრამ მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებზე ახლებური იმედი აღმოცენდა. იმ ადამიანებს, ვინც ომის დროს ტოტალიტარიზმს ებრძოდა, გადაწყვეტილი ჰქონდათ,ბოლო მოეღოთ საერთაშორისო სიძულვილისთვის და მტრობისთვის ევროპაში და შეექმნათ პირობები მშვიდობიანი ცხოვრებისთვის. 1945-1950 წლებში რამდენიმე გაბედულმა სახელმწიფო მოღვაწემ, მათ შორის რობერ შუმანმა, კონრად ადენაუერმა, ალჩიდე დე გასპერიმ და უინსტონ ჩერჩილმა გადაწყვიტეს, თავიანთი ხალხები ახალ ეპოქაში გადასვლაში დაერწმუნებინათ.
დასავლეთ ევროპაში საერთო ინტერესებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდებოდა ახალი სტრუქტურები და მათ საფუძვლად დაედებოდა ხელშეკრულებები, რომლებიც კანონის უზენაესობას და ყველა ქვეყანას შორის თანასწორობას უზრუნველყოფდა.
ჟან მონეს იდეით შთაგონებულმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერ შუმანმა 1950 წლის 9 მაისს წამოაყენა წინადადება, შექმნილიყო ევროპის ქვანახშირის მომპოვებელი და ფოლადის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანება. იმ ქვეყნებში, რომლებიც ოდესღაც ერთმანეთს ებრძოდნენ, ქვანახშირის მოპოვება და ფოლადის წარმოება გაერთიანდებოდა და
დაექვემდებარებოდა ერთ უმაღლეს ორგანოს. პრაქტიკული, მაგრამ ასევე ძალზე სიმბოლური სახით ომისთვის გამოყენებული ნედლეული ურთიერთშერიგებისა და მშვიდობის მისაღწევ ინსტრუმენტებად იქცეოდა.
ევროპის გაერთიანება
ევროკავშირი მხარს უჭერდა გერმანიის გაერთიანებას 1989 წელს ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებიც ათწლეულობის განმავლობაში „რკინის ფარდის“ მიღმა იყვნენ მოქცეულნი, მიეცათ შესაძლებლობა, აერჩიათ საკუთარი ბედი. ბევრმა მათგანმა გადაწყვიტა, რომ მათი მომავალი დემოკრატიული ევროპის ხალხთა რიგებშია.
უშიშროება და უსაფრთხოება
21-ე საუკუნეში ევროპის წინაშე კვლავ დგას უშიშროებისა და უსაფრთხოების საკითხები. ევროკავშირმა ქმედითი ზომები უნდა გაატაროს თავისი წევრი სახელმწიფოების უშიშროებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მან კონსტრუქციულად უნდა ითანამშრომლოს მისი საზღვრების მახლობლად მდებარე რეგიონებთან: ბალკანეთთან, ჩრდილოეთ აფრიკასთან, კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთთან. მან ასევე უნდა დაიცვას საკუთარი სამხედრო და სტრატეგიული ინტერესები თავის მოკავშირეებთან (განსაკუთრებით, ნატო-ს წევრებთან) თანამშრომლობით და ევროპის უშიშროებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკის ჩამოყალიბებით.
შიდა და გარე უსაფრთხოება ერთი მედლის ორი მხარეა.ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისათვის აუცილებელია, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყნის პოლიციის ძალებმა აქტიურად და მჭიდროდ ითანამშრომლონ. ევროკავშირის ქცევა „სივრცედ, სადაც გამეფებული იქნება თავისუფლება, უსაფრთხოება და მართლმსაჯულება“, სადაც ყველა ადამიანს თანაბრად შეეძლება მართლმსაჯულებით სარგებლობა და ყველას ერთნაირად დაიცავს კანონი, ახალი გამოწვევაა, რომელიც საჭიროებს მთავრობებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. უფრო აქტიური და ქმედითი როლი უნდა ითამაშონ ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორებიც არის „ევროპოლი“, ევროპის პოლიციის სამსახური, და „ევროჯასტი“, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის
პროკურორებს, მოსამართლეებსა და პოლიციის ოფიცრებს შორის
ეკონომიკური და სოციალური სოლიდარობა
ევროკავშირი შეიქმნა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და ამ მიზნების მიღწევას იგი ეკონომიკაში თანამშრომლობის მეშვეობით აპირებს.
ევროკავშირის ქვეყნებში მსოფლიოს მოსახლეობის საკმაოდ მცირე ნაწილი ცხოვრობს. ამიტომ იმისათვის, რომ უზრუნველყონ ეკონომიკური განვითარება და შეძლონ მსოფლიო არენაზე არსებულ სხვა მძლავრ ეკონომიკურ სისტემებთან კონკურენცია, ამ ხალხებმა უნდა გააგრძელონ გაერთიანება. ევროკავშირის არც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა არ არის საკმარისად ძლიერი საიმისოდ, რომ მარტომ მოახერხოს მსოფლიო ვაჭრობაში აქტიურად ჩაბმა. მასშტაბზე გათვლილი ეკონომიკის მისაღწევად და ახალი მომხმარებლების მოსაპოვებლად ევროპულ კომპანიებს უფრო ფართო ასპარეზი სჭირდებათ, ვიდრე მათი შიდა ბაზრებია და ევროპის ერთიანი ბაზარი სთავაზობს მათ ამ ასპარეზს.
იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს სარგებელი ევროპის ერთიანი ბაზრისაგან, რომელიც 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს მოიცავს, ევროკავშირი ყველა ღონეს ხმარობს, რათა აღმოფხვრას ვაჭრობის წინაშე არსებული დაბრკოლებები და გაათავისუფლოს კომპანიები ზედმეტი ბიუროკრატიისგან.
მაგრამ ევროპის მასშტაბის თავისუფალი კონკურენცია ევროპის მასშტაბის სოლიდარობამ უნდა დააბალანსოს.
ამას ევროპის მოქალაქეებისათვის აშკარა, ხელშესახები უპირატესობები მოაქვს: როდესაც ისინი წყალდიდობებისა და სხვა ბუნებრივი კატასტროფების მსხვერპლნი ხდებიან, ისინი დახმარებას ევროკავშირის ბიუჯეტიდან იღებენ. სტრუქტურული ფონდები, რომელთაც ევროკომისია მართავს, ხელს უწყობს და ავსებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა ეროვნული და რეგიონული ხელისუფლებების მცდელობებს, შეამცირონ ევროპის სხვადასხვა ნაწილს შორის არსებული უთანასწორობა. ფულადი სახსრები ევროკავშირის ბიუჯეტიდან და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი სესხები გამოიყენება ევროპის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად (მაგალითად, ავტომაგისტრალებისა და ჩქაროსნული რკინიგზების გასაფართოებლად), ეს კი იძლევა მოშორებულ რეგიონებში ადვილად მისვლის და ტრანსევროპული ვაჭრობის გაფართოების შესაძლებლობას.
2008 წლის მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა ეკონომიკის ყველაზე მწვავე ვარდნა გამოიწვია ევროკავშირის ისტორიაში. წევრ სახელმწიფოთა მთავრობებს და ევროკავშირის ინსტიტუტებს სწრაფად უნდა ემოქმედათ ბანკების გადასარჩენად და ევროკავშირმა ფინანსური დახმარება გამოუყო ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს. საერთო ვალუტის არსებობამ ხელი შეუწყო ევროს სივრცის დაცვას სპეკულაციისა და დევალვაციისაგან. 2010 წელს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები შეთანხმებულად შეეცადნენ, შეემცირებინათ მათი სახელმწიფო ვალები. მომავალ წლებში ევროპის ქვეყნებისათვის დიდი გამოწვევა იქნება ერთად დგომა გლობალური კრიზისის პირისპირ და კრიზისიდან გამოსავალი და მდგრადი განვითარების გზების ერთად ძიება.
ევროპული ქვეყნების თვითმყოფადობა და მრავალფეროვნება მსოფლიოში, რომელშიც გლობალიზების პროცესები მიმდინარეობს
ევროპის პოსტინდუსტრიული საზოგადოებები სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება. ცხოვრების დონე სტაბილურად იზრდება, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს მნიშვნელოვანი
განსხვავება მდიდრებსა და ღარიბებს შორის. ეს განსხვავებები შეიძლება გაფართოვდეს ისეთი ფაქტორების შედეგად, როგორებიც არის ეკონომიკური კრიზისი, წარმოების ადგილის შეცვლა, მოსახლეობის დაბერება და სახელმწიფო ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემები. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ქვეყნები ერთობლივი ძალისხმევით შეეცადონ ამ პრობლემების მოგვარებას.
მაგრამ ერთობლივი ძალისხმევის გაწევა არ ნიშნავს ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების კულტურული თუ ენობრივი თავისებურებების დაკნინებას. პირიქით, ევროკავშირის მიერ წარმოებული სხვადასხვა საქმიანობა ხელს უწყობს რეგიონული თავისებურებებისა და ტრადიციებისა და კულტურების მდიდარი მრავალფეროვნების შენარჩუნებას.
გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირის ყველა სახელმწიფო ნახავს სარგებელს. ევროპული ინტეგრაციის სამოცწლიანმა ისტორიამ ცხადყო, რომ ევროკავშირი, როგორც მთლიანობა, ბევრად მეტია, ვიდრე მისი ნაწილების ჯამი: მას გაცილებით მეტი ეკონომიკური, სოციალური, ტექნოლოგიური, კომერციული და პოლიტიკური ზეგავლენა აქვს, ვიდრე სათითაოდ მის წევრ სახელმწიფოებს ექნებოდათ, ცალ-ცალკე რომ უწევდეთ მოქმედება. ერთობლივად მოქმედებას და ერთხმად – ევროკავშირის სახით – გამოსვლას დამატებითი სიკეთე მოაქვს დღევანდელ მსოფლიოში მზარდი ეკონომიკის ქვეყნები, როგორებიც არიან ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია, მზად არიან, გაუტოლდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებს როგორც გლობალური ზესახელმწიფოები. ამიტომ დღეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასოდეს ერთად დგომა და „კრიტიკული მასის“ მიღწევა და ამით მსოფლიო არენაზე საკუთარი ზემოქმედების შენარჩუნება.
როგორ ახორციელებს ევროკავშირი ამ ზემოქმედებას?
- ევროკავშირი მსოფლიოს წამყვანი სავაჭრო ძალაა და ამიტომ გადამწყვეტ როლს ასრულებს საერთაშორისო მოლაპარაკებებში, როგორიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის 159 წევრს შორის მოლაპარაკებები ან კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს კონფერენციებია;
- ევროკავშირს მკაფიო პოზიცია უკავია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვეულებრივ ადამიანებზე ახდენს ზეგავლენას, როგორიც არის გარემოს დაცვა, განახლებადი ენერგიის წყაროები, „პრევენციული პრინციპი“ სურსათის უსაფრთხოებაში, ბიოტექნოლოგიების ეთიკური ასპექტები, გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ჯიშების დაცვის საჭიროება და ა.შ.;
- ევროკავშირი გლობალურ დათბობასთან საბრძოლველად მიმართული მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე მცდელობების წინა ხაზზეა. 2008 წლის დეკემბერში მან საკუთარი ინიციატივით აიღო ვალდებულება, 2020 წლისთვის 20%-ით შეამციროს სათბურის აირის ემისიები.
ძველი გამოთქმა „ძალა ერთობაშია“ დღეს ისევე აქტუალურია ევროპელებისთვის, როგორც ყოველთვის.
ფასეულობები
ევროკავშირს ამოძრავებს სურვილი, ხელი შეუწყოს ჰუმანური და პროგრესული ფასეულობების დამკვიდრებას და უზრუნველყოს, რომ კაცობრიობამ ისარგებლოს უზარმაზარი მიმდინარე გლობალური ცვლილებებით და არ შეეწიროს მათ მსხვერპლად. ადამიანების საჭიროებებს ვერ დააკმაყოფილებს მხოლოდ საბაზრო ძალები ან ცალკეული ქვეყნების მიერ განხორციელებული ცალმხრივი ქმედებები.
ევროკავშირი მოწოდებულია, დაამყაროს ჰუმანიზმი და საზოგადოების ისეთი მოდელი, რომელსაც მისი მოქალაქეების უმრავლესობა ემხრობა. ევროპელები უფრთხილდებიან ფასეულობათა მდიდარ მემკვიდრეობას: რწმენას ადამიანის უფლებებში, სოციალურ სოლიდარობას, თავისუფალ მეწარმეობას, ეკონომიკური განვითარების პროდუქტების სამართლიან განაწილებას, უფლებას, გარემო დაცული იყოს, კულტურული, ენობრივი და რელიგიური მრავალფეროვნების პატივისცემის და ტრადიციებისა და პროგრესის ჰარმონიული შერწყმის უფლებას.
ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტია 2000 წლის დეკემბერში ნიცაში გამოქვეყნდა. ლისაბონის ხელშეკრულების (რომელიც 2009 წლის 1 დეკემბერს შევიდა ძალაში) წყალობით იგი დღეს სამართლებრივად სავალდებულო შესასრულებელია. ქარტიაში ჩამოყალიბებულია ყველა ის უფლება, რომლებსაც დღეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და მათი მოქალაქეები აღიარებენ. ამ ფასეულობებს შესწევთ უნარი, წარმოქმნან სიახლოვისა და ერთობის განცდა ევროპელებს შორის. ამის თუნდაც ერთ მაგალითად ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში სიკვდილით დასჯის გაუქმება გამოდგება.
პასკალ ფონტენი, 12 გაკვეთილი ევროპის შესახებ
#ძალაევროკავშირშია