გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გამოაქვეყნა საქართველოში ევროკავშირის დაკვეთით ჩატარებული ახალი კვლევა, რომელმაც ევროკავშირსა და ევროპის ქვეყნებში ექსპორტის რეალური შესაძლებლობების მქონე ეკონომიკის სექტორები და ქვესექტორები გამოავლინა.
კვლევის შედეგად შექმნილი მონაცემთა ბაზა წარმოებისა და მომსახურების მიწოდების 33 სექტორს მოიცავს. ამ სექტორთა შორის გამოვლინდა ექვსი სფერო, რომლის ფარგლებში მოქმედ მცირე და საშუალო საწარმოებსაც ექსპორტის გაზრდის საუკეთესო შანსები აქვთ.
ამ მხრივ უმაღლესი ქულა, 58%, სასმელების წარმოების სექტორმა მიიღო, რაც მეტწილად ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ინდიკატორებში მაღალი მაჩვენებლის დამსახურებაა. 2020-2023 წლებში ძირითადი საექსპორტო პროდუქტი ღვინო გახდა. მას მოჰყვება მინერალური და გაზიანი წყლები, სასმელები დამატებული შაქრით და ყურძნისგან გამოხდილი სპირტიანი სასმელები.
ტრანსპორტის სექტორმა 56% ბაზრის მოთხოვნისა და დასაქმების დინამიკის მიმართულებებით მაღალი მაჩვენებლების ხარჯზე მიიღო.
ტელეკომუნიკაციების, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების სექტორი 54%-ით მესამე ადგილზე გავიდა. სექტორს მაღალი მაჩვენებელი ბაზრის მოთხოვნის მიმართულებით აღმოაჩნდა.
დანარჩენი სამი სექტორია ტანსაცმლის წარმოება (53%), ლითონის მადნების მოპოვება (53%) და ძირითადი ლითონების წარმოება (50%).
კვლევა, რომელიც სხვადასხვა წყაროდან შეგროვებულ რაოდენობრივ და თვისებრივ მონაცემებს ეყრდნობა, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ (ISET) მოამზადა. კერძოდ, სამუშაოები მოიცავდა დოკუმენტების ანალიზსა და მონაცემთა შეკრებას ინტერვიუებიდან, სტატისტიკური სააგენტოებიდან და საჯაროდ ხელმისაწვდომი სხვა წყაროებიდან.