ოზურგეთში თხილის ფასი მნიშვნელოვნად დაეცა. დღეს, 2 სექტემბერს, დილიდან კი ჩაბარებაზეც თავს იკავებდნენ.
_გვითხრეს, რომ ერთი კილოგრამი „გულშიშველა“ ორი ლარი იქნება, „ბერძნულა“ კი 2,50 ლარი _ამბობდნენ ჯიხურებთან მოწყენით მდგარი მიმღები ოპერატორები.
_ხომ ვამბობდით, საარჩევნო სატყუარაა და იმიტომ იბარებენ გაუტეხავად და ცოტა უკეთესი ფასით-თქო? ა, ბატონო, ჩაატარეს უზარმაზარი ტაშფანდურა ოზურგეთში, გადმოყარეს დაპირებები და წავიდნენ თუ არა ოზურგეთიდან, მეორე დილას თხილის ფასიც დაეცა და გატეხვაც დაიწყეს. რა ჰქვია ახლა ამას, თუ არა მაფიოზების თარეში? მანდამაინც იმ დღეს და მეორე დილას გაფუჭდა თხილი ერთიანად, როცა ბიძინა ივანიშვილი და მთავრობა ოზურგეთში წინასაარჩევნო შეხვედრას აწყობდნენ? _ გვითხრა ხელში თხილის ტომრით მოსულმა მოქალაქემ. როცა მიღებაზე უარი უთხრეს, სხვაგან წასვლა დააპირა. ვინაობის დასახელება და საცხოვრებელი ადგილი რომ ვკითხეთ, გაცეცხლებულმა შემოგვიტია:
_რად გინდა ჩემი გვარი და სახელი? მიდი და მადლიერი ჩაწერე ერთი, თუ ვინმეა ამ თხილის ამბავით და გაიგებ, ყველა გვარის და სახელის ადამიანი რომ უკმაყოფილოა. აგერ იყო დაპირების კაცი ბიძინა და გეკითხათ, რა ჰქვია ასეთ ქმედებას, ხალხს რომ პირდაპირ აბუჩად გვიგდებენ. ჩვენ რა ვქნათ , უბრალო ხალხმა? – ყვიროდა ქალბატონი.
ამასობაში თხილიანი ტომრებით მოსული მანქანებიც გაჩერდნენ. ყველა უკმაყოფილებას გამოხატავდა და „ვიღაცის“ მისამართით ილანძღებოდნენ.
კითხვაზე, თავად თუ არიან მობილიზებული ასეთი მდგომარეობის უკეთესობისკენ შესაცვლელად მზად, „მე მზად ვარ ჩემ ბაღჩაში სამუშაოდო“ _ ისევ დაიყვირა ყველაზე გაბრაზეულმა ქალბატონმა და ბუზღუნით გაგვეცალა.
თხილის მიმღებ პუნქტებში მომუშავე პირები მხრებს იჩეჩავენ, ბევრი თხილი მოგროვდა, ჯერ წამღები არავინაა, სარდაფებში გვიწყვია აგერ, გვეშინია, არ გაგვიფუჭდეს და კი მოლოდინის რეჟიმში ასე ვართო.
ავტორი