საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა.
„მე ახლა პროკურატურას მივმართავ, ხალხის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული. თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არა ჩემ მტკიცებულებებს. არავინ არ ელოდება პროკურატურისგან დღეს, ამ სიტუაციაში, რომ პრეზიდენტზე დაიწყოს აშკარად პოლიტიკური პროცესები, რომელიც უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს, არ ვიცი, ვინ ასრულებს და ვინ არა”,_ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ამ მომენტისთვის, ცესკოში შეტანილია 1100-ზე მეტი საჩივარი. მოთხოვნა შედეგების გაბათილების უშუალოდ 246 უბანს ეხება, რაც თავის მხრივ 400 ათასამდე ამომრჩეველს ეხება.
“პირდაპირ ჩანს, რომ ამას შეიძლება ჰქონდეს ძალიან სერიოზული გავლენა თვით არჩევნების შედეგებზე. ყველაზე მთავარი, ხმის ფარულობის სისტემური დარღვევის საკითხია დასმული, რის შედეგადაც შეიძლება 2263 უბნის შედეგების ბათილად ცნობა. ასე რომ, პროკურატურას მე ვურჩევდი, რომ სჯობს, შეუდგეს თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას. ამ მომენტში, როცა საჭიროა და ჩვენი პარტნიორებიც ამას უყურებენ, რომ გამოჩნდეს ბოლოს და ბოლოს თუ შეუძლია პროკურატურას იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ეს აჩენს კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშნებს. შეუდგეს პროკურატურა თავის საქმეს, პრეზიდენტი კი თავის საქმეს მიხედავს.
საზოგადოება განიცდის ძალიან დიდ ფრუსტრაციას, ხედავს თუ რა დონეზე იქნა წართმეული ეს ხმები, ამავე დროს მიდის ფსიქოლოგიური ზეწოლა საზოგადოებაზე, რომ ამ ფრუსტრაციას დაემატოს დაძაბულობა, შიშები, თუნდაც ჩემს მიმართ. მადლობელი ვარ, მივიღე ძალიან ბევრი გზავნილები, რომ „ნუ გეშინია“. არ მეშინია და თქვენც ნუ გეშინიათ, ყველაფერი წყნარად იქნება, მშვიდობიანად და უნდა დადგეს ამ არჩევნების რეალური შედეგები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ინფორმაციისთვის, პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეს შეეხება და პრეზიდენტი გამოსაკითხად პროკურატურაში ხვალ, 31 ოქტომბრისთვისაა დაბარებული.