კარიერებადქცეული გურიის ულამაზეს მდინარეთა კალაპოტები, რომლებსაც ეკოკატასტროფა ყველაზე მეტად ადგილობრივებმა მოუწყვეს, წლების მანძილზე აქტუალური თემაა და ამის შესახებ პერმანენტულად ვსაუბრობთ.
შედეგი?
მდინარე სუფსის და ნატანების კალაპოტებიდან, ქვიშა-ხრეშის გასაზიდად შინაურს თუ გარეულს, ნებართვით თუ უნებართვოდ, ძალ-ღონე არ დაუშურებია და დღეს იავარქმნილი ხეობები, სიზმრად ნანახ ჯოჯოხეთს ჰგვანან.
ერთ-ერთი ასეთია მდინარე ნატანები, რომლის კალაპოტში, სოფელ გურიანთასთან, წასაღებად გამზადებული და მოაზრებული მარაგი, ალბათ მილიონობით კბ.მ. ინერტულ მასალას შეადგენს.
_თქვენ აქ რას ათვალიერებთ? _ გვკითხა ერთ-ერთი კარიერის მეპატრონემ და როცა გაიგო მისვლის მიზეზი, თავის გასაჭირზეც გვიამბო.
_აქ ხუთი ჰა ფართობი ჩემია, რომელიც წამართვეს და სასამართლო დავა მაქვს _ გვითხრა მან და გვიამბო, თუ როგორ დაჩაგრა ერთ-ერთმა კომპანიამ.
კითხვაზე, თუ ინერტული მასალის მოპოვებას არ ანებებენ, როგორ ამუშავებს კუთვნილ ინერტული მასალის გადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც საკმაოდ დიდია და აქვეა განთავსებული, გვითხრა რომ ჩოხატაურში, სუფსის სანაპიროსთან , 12 ჰა ფართობზე აქვს ლიცენზია და ხრეშს იქედან ეზიდება!
კითხვაზე, კანონის დაცვით მუშაობს თუ არა და რა სიღრმეზე შეუძლია ქვიშა-ხრეშის მოპოვება, გვითხრა რომ სამ მეტრზე მეტად არ აქვთ სიღრმეში ჩასვლის უფლება.
ამასობაში კი, კარიერებისგან მიტაცებული საყანე თუ კულტურულ მცენარეთა ფართობების თაობაზე, სასამართლო თაროებზეა შემოდებული დაზარალებულთა საქმეები.
ვრცლად გურიის მდინარეების კარიერების თემაზე, რაც მუდამ აქტუალურია რეგიონში, მალე გიამბობთ.
ავტორი