საპარლამენტო კომიტეტების ფორმირებისთვის საჭირო წევრთა რაოდენობა შემცირდა.
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა რეგლამენტში ცვლილებები, რომლის მიხედვით, კომიტეტის სრული შემადგენლობა არანაკლებ ცხრა დეპუტატით განისაზღვრება, ნაცვლად პარლამენტის 10 წევრისა, ხოლო კომიტეტი უფლებამოსილი იქნება მუშაობას შეუდგეს, თუ დანიშნული იქნება კომიტეტის თავმჯდომარე და არანაკლებ ხუთი წევრი, ნაცვლად, ჯერ კიდევ მოქმედი რეგლამენტით განსაზღვრული არანაკლებ, შვიდი წევრისა.
ამავე პროექტის გათვალისწინებით, მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებსა და მეგობრობის ჯგუფებში შემადგენლობის ცვლილებაზე გადაწყვეტილებას პარლამენტის ბიურო მიიღებს და საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანა საჭირო აღარ იქნება.
გარდა ამისა, პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე “ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომელთაც დელეგატის სტატუსი აქვთ, სადელეგატო ოლქებში ბიუროები ექნებათ.
აქამდე ბიურო მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატებისთვის ფუნქციონირებდა. ბიურო პარლამენტის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა და მისი ფუნქციონირების მთავარი მიზანი ადგილზე მაჟორიტარ დეპუტატსა და მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა იყო.
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების მიხედვით, ბიუროები დელეგატი წევრებისთვისაც შეიქმნება. ბიურო სწორედ იმ დეპუტატებს ექნებათ, რომლებიც პარლამენტში ერთიანი პროპორციული სიით შევიდნენ და დელეგატის სტატუსი აქვთ.
დელეგატ დეპუტატებთან დაკავშირებით რეგლამენტში კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ ოლქის დელეგატს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, მის უფლებამონაცვლეს ფრაქციის წევრთაგან, დელეგატის წარმდგენი პოლიტიკური პარტიის მიერ შექმნილი ფრაქცია დაასახელებს.
პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა.