სენაკელი პედაგოგი, შორენა შამათავა სოციალურ ქსელში წერს, რომ სკოლის დირექციის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა, რის გამოც ჯანმრთელობაზე და გაკვეთილების ჩატარებაში ხელი ეშლება.
“მივმართავ ჩემი სკოლის დირექციას,რაც დღეს გაბედეთ, ფსიქოლოგიური ზეწოლაა ჩემს მიმართ და მეორეჯერ არ გაბედოთ.ცუდად მოქმედებთ ჩემს ჯანმრთელობაზე და გაკვეთილების ჩატარებაში ხელი მეშლება.გაითვალისწინეთ,უსამართლობა ყოველთვის არავის შერჩება”,- წერს შორენა შამათავა.
“გურია ნიუსი” პოსტის ავტორს დაუკავშირდა.
შორენა შამათავას თქმით, მასზე ზეწოლა თვეებია, ხორციელდება.
როგორც ის ჩვენთან საუბარში ამბობს, სკოლის დირექცია პედაგოგის პოსტიდან მის გათავისუფლებას ცდილობს. თუმცა, შამათავას თქმით, ამას არ დაუშვებს და სამართლებრივად იბრძოლებს.
შეგახსნებთ, შორენა შამათავა მანამდე სკოლის დირექტორის პოსტს იკავებდა, თუმცა იგი რამდენიმე თვის წინ, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. ამასთან, მასსა და ნოქალაქევის სკოლის ახალ დირექტორს შორის, ორი თვის წინ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის გამოც მას საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.