ფილოლოგი რუსიკო კობახიძე ამბობს, რომ უცნობმა მამაკაცმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მაშინ მიაყენა, როცა ის აქციიდან შინ ბრუნდებოდა და მეტრო სადგურისკენ მიდიოდა.
მეტროში ჩასვლისას, კობახიძემ პოლიციას ინციდენტის შესახებ უამბო, პოლიციამ ეჭვმიტანილი კაცი დროებით დააკავა, თუმცა, სავარაუდოა, რომ ის გაუშვეს; წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიციას უნდა გამოეკითხა თავად დაზარალებულიც, მაგრამ ქალბატონი რუსიკოს ჩვენებით პოლიციელი არ დაინტერესებულა.
რუსიკო კობახიძე „გურია ნიუსთან“ ინცინდენტს ასე აღწერს: კაცს, რომელმაც მას შეურაცხყოფა მიაყენა, ქალი ახლდა, რომელიც აქციის მონაწილეებს ხმამაღლა ლანღავდა:
“ქალი უკიოდა აქციის მონაწილეებს, რუსთაველზე ვერ გამივლიაო. მე მივაძახე _ ვერც გაივლით-მეთქი. ამ დროს, ქალის თანმხლები მამაკაცი გვერდში ამომიდგა და ფეხს მაბიჯებდა. თავდაპირველად მეგონა, რომ ფეხის დაბიჯება შემთხვევითობა იყო, მაგრამ გააგრძელა და რომ ვკითხე, რატომ მაბიჯებ-მეთქი, პირდაპირ ხელი მკრა, ისე, თითქოს მე ვესხმოდი თავს. კაცი ხელს ძალიან ღონივრად მკრავდა და თან, ვითომ, გარბოდა. გავეკიდე, მერე მომკიდა ხელი და თავისკენ მიმითრია. გადავუღე ფოტო. მეტაკა ხელში და მართმევდა ტელეფონს. მოვიგერიე“…
კობახიძის თქმით, მან მეტროში პოლიციელს აცნობა, რომ კაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა, მისი გამოკითხვა არ მომხდარა და მისი ვარაუდით, საქმეს მსვლელობა არ მიეცა.
ჩვენ შევეცადეთ პოლიციელისგან მიგვეღო პასუხი, გამოკითხეს თუ არა დაზარალებული და დააკავეს თუ არა სავარაუდო მოძალადე, თუმცა, პოლიციელი, პასუხის ნაცვლად, ჟურნალისტს უმტკიცებდა, რომ მეტროში გადაღების უფლება არ ჰქონდა.
მედიაომბუდსმენის იურისტი, ილონა დიასამიძე „გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ მიზეზი, რატომაც პოლიციამ ჟურნალისტს გადაღების საშუალება არ მისცა, მეტროში გამოკრული გაფრთხილებაა, რომელზეც წერია, რომ გადაღება არ შეიძლება. თუმცა, დიასამიძის თქმით, მეტროში ასევე, არ შეიძლება ჭამა და ნასვამ მდგომარეობაში ყოფნაც. ილონა დიასამიძე ამბობს, რომ ასეთ დროს მოქალაქეებმა პოლიციელისგან აუცილებლად უნდა მოითხოვონ აკრძალვის სამართლებრივი საფუძვლის ახსნა.
ავტორი