შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის 2019 წლის ცნობარი გამოაქვეყნა.
ასევე გამოქვეყნდა, ინსტრუქცია და სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი და ინფორმაცია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შესახებ:
- ცნობარი აბიტურიენტებისათვის – ელექტრონული ვერსია
- ინსტრუქცია (გზამკვლევი) და სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი
- ინფორმაცია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შესახებ (ტესტის ნიმუშები)
2019 წლისთვის რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩასაბარებლად და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 12 მარტს 10:00 საათიდან დაიწყო და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე შეეძლებათ.
3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, მაგრამ 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნება.
მონაწილეები საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიებს პირადი გვერდიდან (გვერდი, სადაც რეგისტრირდებიან აპლიკანტები) ამობეჭდავენ. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა. შ.) გარეშე.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის რეგისტრაციის საფასური – 50 ლარია.
საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის ტესტირება ქართულ ენაზე ტარდება.
აბიტურიენტთა ცნობარის ბეჭდური ვერსიის შეძენა შესაძლებელია 12 მარტიდან პრესის ჯიხურებსა და რეალიზაციის პუნქტებში: იხილეთ მისამართები.