მთავრობის ინიციატივით შექმნილი ერთჯერადი პროგრამა, რომელის მიხედვითაც ფიზიკურ პირებს სესხები წინასწარი განსაზღვრული წესებით გაუნულდებათ, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წინასაარჩევნოდ გააჟღერა. პროგრამის ფარგლებში საქველმოქმედო ფონდმა ,,ქართუ“ ფინანსური ინსტიტუტებისგან სესხები გამოისყიდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, ჭარბვალიანობა ქვეყნის ეკონომიკას მძიმე ტვირთად აწევს, რაც ეკონომიკას პრობლემას უქმნის. პროგრამის საშუალებით კი ადამიანები, ეგრეთ წოდებული, ,,შავი სიებიდან“ ამოვლენ და სრულფასოვანი ეკონომიკური საქმიანობის დაწყებას შეძლებენ.
თუმცა, როგორც ირკვევა, ეს ადამიანები ვერ შეძლებენ სრულფასოვან ეკონომიკურ ცხოვრებას და ბანკებთან ურთიერთობას, რადგან ისინი კვლავ რჩებიან ,,კრედიტ ინფოს“ ნეგატიურ სიაში, რაც ბანკებისთვის აღნიშნული ადამიანები რისკ ჯგუფს განეკუთვნებიან.
მთავრობის ინიციატივას ექპერტების ნაწილი სკეპტიკურად შეხვდა, მათი თქმით, მოლოდინები გადაჭარბებულია.
,,საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელის გიორგი კეპულაძის განმარტებით, ადამიანები, რომლებსაც სესხები გაუნულდებათ, მათი უარყოფითი ისტორია მხოლოდ 5 წლის შემდეგ წაიშლება.
,,სესხების განულების აქციის შემდეგ ისინი, ვინც ვალიდან ამოვლენ, კრედიტინფოს ბაზაში მაინც დარჩებიან. სრულად ინფორმაცია უარყოფითი საკრედიტო ისტორიის შესახებ მხოლოდ 5 წლის შემდეგ წაიშლება. ანუ კრედიტის გამცემ ორგანიზაციებს ექნებათ ზუსტი ინფორმაცია იმ მსესხებლების შესახებ, ვისაც 2018 წლის დეკემბერში კრედიტი ეპატიათ. შესაბამისად, გადაჭარბებული მგონია ვარაუდი იმის შესახებ, რომ ვალიდან ამოსული ადამიანები აქტიურად ჩაერთვებიან ეკონომიკურ საქმიანობაში, რადგან ისინი ბანკებისთვის მაინც სარისკო მსესხებლები იქნებიან“, _ განაცხადა გიორგი კეპულაძემ.
,,გურია ნიუსი“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა ,,კრედიტინფოს“ წარმომადეგენელს ლაშა ბაღათურიას.
,,ის ადამიანები, ვისაც სესხები უნულდებათ, ნეგატიური სტატუსის რეპორტში მაინც რჩებიან, ეგ არ იშლება. როცა ჩვენთან გამოიგზავნება ინფორმაცია, რომ ეს სესხი იყიდა ,,ქართუ ფონდმა“ და დავალიანება დახურულია იმ თარიღიდან 5 წლის მანძილზე ბანკებისთვის ამ ადამიანების ნეგატიური სია ხელმისაწვდომი იქნება“, _ განაცხადა ბაღათურიამ.
,,გურია ნიუსი“ დაინტერესდა გავრცელებული ინფორმაციით, რომლის მიხედვით, ,,კრედიტინფო“, შესაძლოა, დაიხუროს, რასაც ლაშა ბაღათურია არ ადასტურებს. მისი თქმით, ,,კრედიტინფო“ ინახავს, არა მარტო იმ ადამიანების შესახებ ინფორმაციას, ვისაც სესხები უნულდებათ, არამედ იმ ადამიანების შესახებაც, რომლებსაც 3 მილიონამდე სესხი აქვთ, ასეთი კი მილიონი ჩანაწერია.
,,კრედიტინფო“ არ წყვეტს მუშაობს, ჩვეულებრივ გააგრძელებს მომავალი წლიდან საქმიანობას, რადგან ,,კრედიტინფო“ ინახავს არა მარტო იმ ნახევარმილიონ ადამიანზე ინფორმაციას, როგორც გამოცხადებული იყო განულებასთან დაკავშირებით, არამედ ინახავს იმ ადამიანების შესახებაც, რომლებსაც 3 მილიონამდე სესხი აქვთ. ნახევარი მილიონის ჩანაწერის გარდა, არის ბევრი მილიონი ჩანაწერი, ასე რომ, ,,კრედიტინფო“ არ დაიხურება. მსგავსი ინფორმაცია ჩვენთან არ არის. მინდა აღვნიშნო, რომ ,,კრედიტინფოს“ დახურვაზე ამბობენ იმიტომ, რომ ვასოცირდებით, ეგრეთ წოდებულ ,,შავ სიასთან“, რადგან შავი სია უქმდება, ფიქრობენ, „კრედიტინფოც“ აღარ არის საჭირო, თუმცა, შავი სია არც არსებობს და არც უქმდება, მაგრამ ნეგატიური რეპორტები ადამიანების შესახებ მაინც ინახება განსაზღვრული დროით“, _ განაცხადა ლაშა ბარათურიამ.