ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ანგარიში, „ადამიანის უფლებათა მდგომარეობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში და გამყოფ ხაზებზე“, რომელიც ასახავს 2020 წლის განმავლობაში (2020 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით) ადამიანის უფლებათა მდგომარეობას რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში, ასევე – ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას შორის გამყოფი ხაზების მახლობლად.
ანგარიშში მიმოხილული და გაანალიზებულია 2020 წლის განმავლობაში გამყოფი ხაზების მახლობლად საოკუპაციო ძალების მიერ ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების სხვადასხვა ფაქტები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პრინციპების ჭრილში: უკანონო ბორდერიზაცია, ადგილობრივი მოსახლეობის ბუნებრივ რესურსებზე წვდომის შეზღუდვა, საკუთრების უფლების დარღვევები, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების შემთხვევები, რაც გრძელდებოდა გლობალური პანდემიის პერიოდში. ანგარიშში ასევე გაანალიზებულია სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევები ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ახალგორის რაიონში, რომლის მოსახლეობას საოკუპაციო ძალების მიერ შეზღუდული აქვს გადაადგილების თავისუფლება და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მისაღებად გადმოსვლის შესაძლებლობა. ანგარიშში ასევე განხილულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებები გლობალური პანდემიის, კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციის კონტექსტში.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ შევიწროებული ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობს მათ ფიზიკურ ხელშეუხებლობასა თუ საარსებო წყაროებზე მუდმივი საფრთხის გამო, ასევე განიცდის ისეთ მწვავე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს, როგორიცაა წყლის შეზღუდული მიწოდება და სასმელად უვარგისი წყალი. საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა გადაჭრან აღნიშნული პრობლემები და უზრუნველყონ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა საკმარისი სასმელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების წყლით. ადამიანის უფლება წყალზე წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას ადამიანის ნებისმიერი უფლების რეალიზაციისათვის და მისი მინიმალური მოთხოვნები საქართველოს ხელისუფლების მიერ დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს.
2020 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა განახორციელეს მონიტორინგის ვიზიტები სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის გამყოფ ხაზთან მდებარე ცხრა სოფელში, სადაც საოკუპაციო ძალების მხრიდან ზემოაღნიშნული დარღვევები დაფიქსირდა, ადგილზე გაეცნენ პრობლემებს და მოახდინეს მათი დოკუმენტირება. ანგარიშში წარმოდგენილია მონიტორინგის ვიზიტებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების დოკუმენტირების ანალიზი.
ადამიანის უფლებათა ზემოაღნიშნული დარღვევები გაანალიზებულია შედარებით-სამართლებრივი ანალიზის მეთოდის გამოყენების გზით. კერძოდ, ადამიანის უფლებათა დარღვევის ზემოაღნიშნული პრაქტიკა და გამყოფ ხაზებთან ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის ვიზიტების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია კონკრეტული დარღვევების შესახებ გაანალიზებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა და რელევანტური გადაწყვეტილებების, გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტისა და გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის რელევანტური მოსაზრებების ჭრილში.