ადამიანის უფლებათა ცენტრმა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე ანალიტიკური დოკუმენტი მოამზადა. 32-გვერდიანი დოკუმენტით ადამიანის უფლებათა ცენტრი ცდილობს, ქრონოლოგიურად წარმოაჩინოს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ირგვლივ განვითარებული სამართლებრივი თუ პოლიტიკური მოვლენები.
„დოკუმენტში შეფასებულია საგამოძიებო უწყებების მიერ გამოძიების ეტაპზე დაშვებული არაერთი შეცდომა თუ სავარაუდო დანაშაული, საქმესთან დაკავშირებული პოლიტიკური მოვლენები, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა და ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნა, მართლმსაჯულების ხარვეზები და ა.შ.“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
„ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას იმ სისტემური პრობლემების სიმწვავე, რომელსაც უშუალო გავლენა აქვს თითოეულ ჩვენგანზე. სწორედ ამიტომ, ეს ინდივიდუალური ტრაგედია მთელი საზოგადოების ტკივილად იქცა და შვილმოკლული მამების ირგვლივ სხვადასხვა შეხედულების მქონე მრავალი ადამიანი გააერთიანა. სიმართლისათვის ბრძოლისას დაზარალებულისა და მისი ინტერესების დამცველი ორგანიზაციის – ადამიანის უფლებათა ცენტრის პრინციპული პოზიციისა და დაზარალებულის მხარდასაჭერად სამოქალაქო საზოგადოების არნახული კონსოლიდაციის შედეგად, თანამდებობა დატოვა მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ. სამწუხაროდ, ამავე დროს, ხელისუფლების მხრიდან მოვლენათა არაადეკვატური შეფასების შედეგია ის, რომ ორი წლის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ცენტრის პროტესტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე აირჩია. საზოგადოების მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად, მოზარდების მკვლელობის საქმის საგამოძიებო პროცესის შესწავლის მიზნით, საქართველოს პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია. ამასთან, ვინაიდან პროკურატურაში კვლავ არსებობდა მიკერძოებული გამოძიების საფრთხე, საქმე საქართველოს მთავარი პროკურატურისგან ხელახალი გამოძიებისათვის გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
დოკუმენტის დასკვნით ნაწილში ვკითხულობთ, რომ „ბრძოლის შედეგად, სახელმწიფოს მოუწია დანაშაულში და მის დაფარვაში მონაწილე არაერთი ადამიანის მხილება, რომელთა ნაწილი უკვე მიეცა ოჯახის ინტერესებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში. თავის მხრივ, ეს ასევე არის სისტემური პრობლემების აღიარება სახელმწიფოს მხრიდან, რომელთა მოგვარება მხოლოდ ამ კონკრეტულ საქმის გამოსწორებით ვერ მოხდება და აუცილებლად საჭიროა სისტემური ცვლილებები, რომელიც უნდა შეეხოს როგორც ქართულ საგამოძიებო უწყებათა დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის გაზრდას, ასევე ქართული მართლმსაჯულების რეალურ რეფორმას“.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიების თავდაპირველი შედეგები მნიშვნელოვნად შეიცვალა და რამდენიმე ადამიანის მიეცა პასუხისმგებლობაში, კვლავ დაუსჯელნი არიან სამოხელეო დანაშაულში მონაწილე პირები. „შესაბამისად, სისტემაში რეალური ცვლილებების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია გამოძიების სრულყოფილი წარმართვა, საზოგადოების დროული ინფორმირება და დამნაშავეთა დასჯა“, – წერია ანგარიშში.
2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უწყვეტი დარჩა – გუგა ბარბაქაძეს კვლავ 11 წლითა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.
ადამიანის უფლებათა ცენტრი ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის ოჯახის ინტერესებს იცავს.