ჩვენი მკითხველები ხშირად გვწერენ საადრეო ყვავილებზე, განსაკუთრებით ადრიანად მოყვავილე ბუჩქოვნებსა და ხალიჩოვნებზე, რომლებიც ლამის გაზაფხულს ასწრებენ შემოსვლას.
მკითხველები გვთხოვენ, ვურჩიოთ, რომელია საადრეო ბუჩქოვანი თუ ხალიჩოვანი ყვავილები, როგორია მათი გამრავლების წესი, განსაკუთრებით აინტერესებთ ბუჩქოვნები, რომლებიც ჩვენში კარგად ხარობენ და დიდხანს ცოცხლობენ.
ბუჩქოვნებიდან ჩვენში ძალიან კარგადაა გავრცელებული წითლად მობრიალე იაპონური კომში, ჩინური დაფნა და ნაირფერი აზალია, რომლებიც განსაკუთრებით ამშვენებენ გარემოს. ეს ყვავილოვნები კარგად ეგუებიან გურიაში არსებულ მჟავე ნიადაგებს.
სასურველია, ნიადაგში ბლომად შეიტანოთ ნაკელი. რაც შეეხება გადარგვას, გამრავლებას, ტოტის ჩარგვითაც საკმაოდ ადვილად ხარობს, უფრო გვიან შემოდგომაზე. ადრე გაზაფხულზე კი ფესვთა ჩაჭრით შეიძლება გადავიტანოთ და საკმარისია, ერთი პატარა ტოტიც, რომელიც მალე დაფესვიანდება და მომდევნო წელს უკვე კვლავ ამ ახალი ძირიდან გამრავლებაა შესაძლებელი.
სასურველია ამ ჯიშის ბუჩქოვნებს თუ ყოველ წელს თუ ისეთი ფორმით მსუბუქად გავსხლავთ, რომ დავამრგვალოთ და ხედ არ ვაქციოთ. თუ სურვილი გაქვთ, პირიქით, შეგიძლიათ სასურველ სიმაღლემდე გაზარდოთ. რაც შეეხება ხალიჩოვნებს, განსაკუთრებით პოპულარულია ივანდა მარია _ “სამფერა იები”, რომელიც ადრე გაზაფხულზე გადარგვის შემდეგ იკეთებს ნამხრევებს, კარგად მრავლდება და დიდხანს ჰყვავის.
ადრიანად ჰყვავის ტიტაც, რომელიც ულამაზესია და მაღალი ტემპერატურა სულაც არ სჭირდება. პირიქით, ბოლქვები ფესვებს შედარებით დაბალ ტემპერატურაზე იკეთებს. ადრე გაზაფხულზე ადვილია მისი გაზრდილი ფორმით გადატანა _ ჩავრგოთ 10 სმ სიღრმეზე და ასევე 10 სმ დავაშოროთ ერთმანეთთან. უხდება ნეშომპალიანი მიწა, რადგან ზომიერ სითბოს ინარჩუნებს, რაც ძალიან უყვარს ტიტას. როცა საბოლოოდ დაყვავილდება და ეს ადრე გაზაფხულზევე ხდება, ბოლქვები არ ამოიღოთ. თუ საბოლოოდ მიწაში ბოლქვების დატოვება არ გსურთ, ის ამოიღეთ შემოდგომაზე, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე.
რაც შეეხება ნიადაგს, ძალზე ადვილია, ავიღოთ მდინარის სილა და ორ-სამ წილს დავუმატოთ ერთი წილი გადამწვარი ნაკელი და ერთი წილი ეზოს ჩვეულებრივი მიწა. ეს ნაზავი გურიაში, სადაც წითელმიწა თიხიანი ნიადაგებია, ძალიან კარგია, როგორც ყვავილებისთვის, ისე აგრარულ საქმიანობაში, კვალსათბურებისთვის.