დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ხელმძღვანელმა პირებმა, აგვისტოს ომის გმირის, თემურ ჭიტაძის საფლავი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
სოფელ გურიანთის გამგებელი, თემურ ჭიტაძის მშობლები და მეგობრები აქ დახვდნენ სტუმრებს და მათ მწუხარებით და ტკივილით გაიხსენეს ომში დაღუპული სოფლის ღირსეული შვილის ხანმოკლე, მაგრამ ღირსეული ცხოვრება.
გმირის დედამ ქეთევან ჭიტაძემ ცრემლები და ემოცია ვერ დაფარა:
_ჩემი უპირველესი ნატვრა და ოცნება არის მშვიდობა. მინდა, ყველა ჯარისკაცს, ვინც სამშობლოს იცავს, მშვიდობიანი დილა უთენდებოდეს და ასეთ პირობებში იცავდეს სამშობლოს! დავკარგე შვილი, თუმცა მშვიდობისთვის ღირს თავის გაწირვა, თავისუფლებისთვის ღირს სიკვდილი. მინდა, ჩვენი დაღუპული შვილები იყოს ბოლო მსხვერპლი. ვუსურვებ ქვეყანას მშვიდობას და ქვეყნის მშვიდობიანი გზით გამთლიანებას! _ გვითხრა მან.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ ისაუბრა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე, გმირების თავდადებაზე:
_ძალიან მძიმე დღეა 8 აგვისტო ჩვენი ქვეყნისთვის. სამშობლოს თავისუფლებას და ერთიანობას შეეწირა თემურ ჭიტაძე და კიდევ მრავალი ვაჟკაცი. დღეს ჩვენ მის საფლავთან ვდგავართ და ქედს ვიხრით მის წინაშე. მისი გმირობა და ღვაწლი ხომ უდიდესია ჩვენი რაიონის, ჩვენი სამშობლოს წინაშე! მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად, ჩვენ, გმირის მშობლიური სოფლის გურიანთის საჯარო სკოლას, თემურ ჭიტაძის სახელი მივანიჭეთ, რითაც კიდევ ერთხელ უკვდავყოფილი იქნება მისი სახელი! _ თქვა მერაბ ჭანუყვაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გმირის ოჯახს, დახმარების სახით, 200 ლარი გადასცა.