“გურია ნიუსს” დახმარების თხოვნით ლანჩხუთში, თბილისის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რამდენიმე მობინადრე დაუკავშირდა. როგორც ისინი ამბობენ, მათ ადგილობრივი ხელისუფლებას კორპუსის შიდა ეზოს მოასფალტების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა, შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა.
“უკვე წლებია, რაც პრობლემის მოგვარებას ვითხოვთ, წინა ხელისუფლების დროსაც და მერეც, არა ერთხელ მივმართეთ დახმარების თხოვნით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, მაგრამ აქამდე არანაირი შედეგი არ გვაქვს. აქ არსებულ პრობლემას მარტო მოხრეშვა ნამდვილად არ შველის. იყო დაპირება, რომ 2017 წელს აქ გახორციელდებოდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ასფალტს დააგებდნენ, მაგრამ ეს დაპირებაც დაპირებად დარჩა _ ხრეში დაიყარა მხოლოდ.
ბოლოს და ბოლოს როდის ჩაგვთვლიან ყურადღების ღირსად და ამ კორპუსის 50-ზე მე ოჯახსაც მოგვხედავენ?!” _ ამბობენ თბილისის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეები.
მათივე თქმით, ეზოში მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაუარესდა, რაც მთავარ ქუჩაზე ღია სანიაღვრე არხი გაკეთდა:
“ჩვენი ეზოს მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც თბილისის ქუჩაზე გამავალი სანიაღვრე არხის მშენებლობა დასრულდა. საქმე ისაა, რომ ცენტრალურ ქუჩაზე გაკეთდა ღია ტიპის სანიაღვრე არხი, რომელიც გაცილებით მაღალია, ვიდრე ჩვენი ეზო და, ბუნებრივია, არხი ეზოში დამდგარ წყალს ვეღარ ატარებს. ამის გამო ყოველი გაწვიმებისას კორპუსის მობინადრეებს დიდი პრობლემა გვექმნება, ისეთი წყალი დგება ყველგან, რომ ნავია საჭირო ეზოს გადასაცურად. ეზოში დამდგარი წყალი ბოლოს სახლის სარდაფში ჩადის. გამოეთხრება ერთ დღეს ძირი ამხელა კორპუსს და ამდენი ოჯახი უსახლკაროდ დარჩება. შეიძლება ასეთი უყურადღებობა?!” _ ამბობენ ადგილობრივები და დასძენენ, რომ თანახმა არიან არსებული პრობლემა კორპუსის ამხანაგობასთან ერთად თანადაფინანსებით მოგვარდეს.
მათივე თქმით, კორპუსის მობინადრეთა მდგომარეობა ზაფხულის თვეებში გაუსაძლისი ხდება:
“ახლა ზაფხული მოდის და აქაურობა ბაყაყებითა და კოღოებით აივსება. შეგვჭამს, იმდენი კოღო იქნება. სხვაგან თუ იგება ასფალტი, საინტერესოა, ჩვენ რით ვერ მივიქციოთ ხელისუფლების ყურადღება, წლების განმავლობაში ასეთ გაუსაძლის ყოფაში რომ გვამყოფებენ?!”
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე “გურია ნიუსთან” საუბარში ადასტურებს, რომ 2017 წელს მართლაც იყო საუბრები, რომ აღნიშნული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შიდა ეზოში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გახორციელებულიყო, თუმცა, საბოლოოდ, ეს ვერ მოხერხდა. ჩხაიძე ამ ეტაპზე ვერც იმას აკონკრეტებს, თუ როდის მოხდება აღნიშნული ტერიტორიის მოასფალტება:
“ამ სახლის მობინადრეთა მოთხოვნები ჩვენთვის ცნობილია. იყო საუბარი, რომ აქ ინფრასტრუქტურული სამუშაოები გასულ წელს გახორციელებულიყო, მაგრამ მაშინ ვერ მოხერხდა. ტყუილი დაპირება რომ არ გამოვიდეს, გეტყვით, ჯერჯერობით, არც მიმდინარე წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებშია გათვალისწინებული ამ ტერიტორიაზე სამუშაოების შესრულება”, _ ამბობს ჩხაიძე.