ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენებასა და ხმაურზე არსებული შეზღუდვები ახალი წლის დღეებში მოიხსნება. შსს-ის ცნობით, 31 დეკემბერს 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00 საათამდე, ასევე 13 იანვრის 21:00 საათიდან 14 იანვრის 21:00 საათამდე პიროტექნიკის გამოყენება ნებადართული იქნება.
ამასთან უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან სიფრთხილის ზომები პიროტექნიკის გამოყენებისას.
2017 წლის დასაწყისში პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოდან დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადაჭარბება იკრძალება. დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი-საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება გამოიწვევს ფიზიკური ან იურიდიული პირის გაფრთხილებას, ხოლო შემდეგ შემთხვევაში კანონდარღვევა ჯარიმით განისაზღვრება: ფიზიკურ პირზე _ 150, ხოლო იურიდიულ პირზე 500 ლარი. შემთხვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება.