დღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში, შპს „ჩინეთის რკინიგზის“ 23-ე ბიუროში დასაქებულმა მუშებმა აქცია გამართეს. ადგილზე დასაქმებულთა ინტერესების დასაცავად იმყოფებოდნენ ტრანსპორტისა და გზის მუშაკთა გაერთიანებული პროფკავშირის წარმომადგენლები, აჭარიდან და სამეგრელოდან ნიკა სიხარულიძე და ინგა გვასალია.
აქციის მსვლელობისას ითქვა, რომ ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა 25 ადამიანი სამსახურიდან ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლა. ისინი კომპანიის წარმომადგენლებისგან სამუშაოზე აღდგენას ითხოვდნენ.
„32 ტონა არმატურა რვა მუშამ დავჭერით, ისე, რომ წესიერად დასვენების უფლებას არ გვაძლევდნენ. თუ საყვედურს იტყვი, ხელს გიშვერენ, წადი, არავინ გაკავებსო. ხელთათმანი რომ დაგვეხა, სამაგიერო არ მოგვცეს, შიშველი ხელებით გვამუშავეს. ახლა კი ისე დაგვითხოვეს სამსახურიდან, წინასწარ არაფერი უთქვამთ. დილით რომ მივედით, აღმოჩნდა, რომ გათავისუფლებულები ვიყავით“, _ ამბობდნენ აქციაზე შეკრებილები.
გარდა სამსახურიდან გათავისუფლებული მუშებისა, აქციაზე ისინიც იმყოფებოდნენ, ვისაც ჩინელებთან სხვა პრეტენზიებიც გააჩნიათ.
„გურია ნიუსთან“ საუბრისას კომპანიაში დასაქმებულმა უჩა ბასილაშვილმა პრეტენზია გამოთქვა ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
„ზესტაფონში გამაგზავნეს სამუშაოდ, დამპირდნენ, რომ იქ ბინითა და კვებით უზრუნველყოფილი ვიქნებოდი, თანაც ანაზღაურებასაც 10 ლარით იმაზე მეტს მომცემდნენ, ვიდრე აქ მქონდა. ადგილზე ჩასულს კი აღარც ბინა და აღარც კვების ფული აღარ დამხვდა. ბოლოს მივაღწიე მხოლოდ იმას, რომ კვების ფული მომცეს10 ლარი. ჩამოვედი, ველოდი დღიურ ანაზღაურებას 35 ლარს, თუმცა, მხოლოდ მომცეს 620 ლარი, როცა 1000 ლარამდე ანაზღაურებას ველოდი. როცა გავაპროტესტე, მითხრეს – 10 ლარი ხომ მოგეცით საკვებისთვისო. სამწუხაროდ, არანაირი ხელშეკრულოება არ არსებობს ჩვენსა და ჩინელებს შორის, ყველაფერი სიტყვიერი შეთანხმებით ხდება და ამიტომ ვერც ვერაფერში ვერ გამოედავები. ხელფასსაც რომ ვიღებთ, ხელს ფარატინა ქაღალდზე გვაწერინებენ“, _ ამბობს ბასილაშვილი.
მუშების ინტერესებს აქციაზე ნიკა სიხარულიძე იცავდა, რომელიც მათი სახელით ჩინური კომპანიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ, როცა ხიდის მშენებლობა განახლდებოდა, სამსახურიდან გათავისუფლებულ 25-ვე მუშას დააბრუნებდნენ.
„ამ ხალხს აქვს უფლება, ღირსეულად იმუშაოს საკუთარ ქვეყანაში. ჩემი მოვალეობაა ადამიანების შრომითი უფლებების დაცვა, ჩვენ მათ სპეციალურ ტრენინგებს ჩავუტარებთ და ვასწავლით როგორ დაიცვან საკუთარი შრომითი უფლება. ახლა ჩინელებთან შევთანხმდით რომ გავაფორმებთ მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც პროფკავშირს ექნება საშუალება დაცვას აქ დასაქმებულტა ინტერესები“, _ გვითხრა ნიკა სიხარულიძემ და მუშებს შორის სამი პიროვნება შეარჩია, ადგილზე პირველადი პროფკავშირის შესაქმნელად.
შეკრებილებს შორის ისინიც იმყოფებოდნენ, ვისაც ჩინური კომპანიის მუშაობის შედეგად საყანე ფართობებში პრობლემები შქმნათ.
„ხვნა-თესვა სადაცაა დამთავრდება, ჩვენ კი ფართობებში ვერ შევდივართ, ღობე აღარ დაგვიტოვეს და რა აზრი აქვს, რომ დავთესოთ, საქონელი გადაგვიჭამს მაინც. დაგვპირდნენ გაგიკეთებთო, ჩვენც ვაცდით რამდენიმე დღე და მერე უკვე ფართომასშტაბიან აქციას გავმართავთ, თუ პირობა არ შეასრულეს“, _ ამბობენ სუფსელები.
მოსახლეობის ინტერესების დასაცავად აქციაზე სუფსის მაჟორიტარი ჯუმბერ ბლაგიძეც იყო, რომელიც მოსახლეობას სრულ სოლიდარობას უცხადებს.
„კეთილი ინებონ და კონტრაქტი, რომელიც გაფორმებული აქვთ საგზაო დეპარტამენტთან, შეასრულონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი უფრო ფართომასშტაბიან აქციებს გამართავს, ქალები და ბავშვებიც გამოვლენ და გზას გადაკეტავენ, ყველა გაფრთხილებულია ამის თაობაზე. კარგია თუ პროფკავშირები ჩაერთვება ამის შემდეგ საქმეში და აქ დასაქმებულთა ინტერესებს დაიცავს. რამდენჯერ მქონდა კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა, თუმცა, მხოლოდამხოლოდ ტყუილი დაპირებები მოდის მათი მხრიდან“, _ ამბობს ბლაგიძე.
თავად ჩინური კომპანიის წარმომადგენლები კი ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ.