ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტის, ლინა ღვინიანიძის ინფორმაციით, პარლამენტის წინ სოლიდარობის აქციაზე წუხელ დაკავებული პირები _ ილია ლეჟავა, გოგა ბრეგვაძე და რამაზ მამაიშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, თუმცა, შემდეგი პროცესი 19 მაისს გაიმართება.
როგორც „გურია ნიუსთან“ საუბრისას ღვინიანიძე განმარტავს, შსს-მ წარმოადგინა ვიდეომასალა მტკიცებულების სახით, რომელსაც ადვოკატები არ იცნობდნენ, ამიტომ სხდომა 19 მაისისთვის გადაიდო.
„ჩვენს უნდა გავცნობოდით ამ მტკიცებულებებს რისთვისაც დრო ვითხოვეთ. ამის გამო გადაიდო პროცესი. სავარაუდოდ, 19-ში უკვე გვექნება საშუალება გავცვალოთ მტკიცებულებები და სამართაკდართღვევის ფაქტებზე ვიდაოთ“, _ აღნიშნავს იურისტი.
რაც შეეხება სამართალდარღვევას დაკავებულების მხრიდან, ღვინიანიძე ამბობს, რომ ძალიან მცირე დრო ჰქონდათ იურისტებს პროცსზე შეყვანამდე დაკავებულებთან ესაუბრათ. ამიტომ ძნელია საუბარი იმაზე, ჩაიდინეს თუ არა რაიმე სახის სამართალდარღვევა ბრეგვაძემ, ლეჟავამ და მამაიშვილმა.
„რამდენიმე მათგანი ლაპარაკობს იმაზე, რომ არანაირ დაუმორჩილებლობას მათი მხრიდან ან ხულიგნობას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, ბუნებრივია, ჩვენ უნდა ვნახოთ მტკიცებულებები, რომ ზუსტად განვსაზღვროთ მათი ქმედება და ამ ქმედებასთან მიმართებით პოლიციის პროპორციული ძალა. იყო თუ არა პროპორციულად გამოყენებული დაკავება მათ მიმართ გამოყენებული. ამდენად, ჩვენ გავეცნობით შსს-ს წარმოდგენილ მტკიცებულებებს ჩვენც ჩვენი მხრიდან გვექნება საშუალება ამ დროისთვის ზუსტად ვთქვათ დაკავებულების ქმედებებში არსებობდა თუ არა რაიმე ტიპის სამართალდარღვევა და ამის საპასუხოდ იყო თუ არა პოლიციის ქმედება ადეკვატური“, _ აღნიშნავს ღვინიანიძე.
მისივე ინფორმაციით, სასამართლო სხდომა 19 მაისს, 16:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ილია ლეჟავა, გოგა ბრეგვაძე და რამაზ მამაიშვილი წუხელ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე დააკავეს. როგორც „გურია ნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, დაკავებულებს უწყება ადმინისტრაციულ სამართალთალდარღვებათა კოდექსის ორი _ 166 და 173 მუხლით ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.