ლანჩხუთში აღმაშენებლის ქუჩის მაცხოვრებლებმა, პროტესტის ნიშნად, გზის სავალი ნაწილი ისე შეამცირეს, რომ ახლა ამ ქუჩაზე მხოლოდ მსუბუქი ატომანქანები თუ ახერხებენ გადაადგილებას.
საქმე ისაა, რომ ამ გზით, წლებია, ავტობანზე მომუშავე მძიმეწონიანი მანქანები სარგებლობენ, რის გამოც, ადგილობრივთა თქმით, გზის საფარიც გამოვიდა მწყობრიდან და მათი საცხოვრებელი სახლებიც. აქაურმა მოსახლეობამ საპროტესტო აქციაც არაერთხელ გამართა, დანიპრებებიც არაერთელ მიიღო, რომ პრობლემა მოგვარდებოდა და მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობა დარეგულირდებოდა, თუმცა, მდგომარეობა წლების განმავლობაში უცვლელი რჩება.
ამ ქუჩის მკიდრთა თქმით, სატვირთო მანქანების ხშირმა მოძრაობამ გზის გაფუჭებასთან ერთად სახლებსაც შეუქმნა პრობლემები და აქ ცხოვრება დღითიდღე გაუსაძლისი ხდება: „როდემდე უნდა ვუყუროთ ამ ტრაილერების სიარულს. სახლები დაიბზარა, გზის საფარი დაზიანდა. ერთხელ გავაკეთე გამაგრებითი სამუშაოები, ახლა ისევ გასაკეთებელია. სახლმა ნელ-ნელა დაიწია და ბზარები აშკარად თვალშისაცემია”.
მოსახლეობისვე თქმით, საქმის კურსშია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და მათგან გზის შეკეთების თაობაზე შეპირებაც მიიღეს.
,,დაგვპირდნენ რომ გზას აგვისტომდე გააკეთებენ, მაგრამ ამ მტვერს და ამ დანგრეულ სახლებს რა ეშველება?! თან ისე დადიან, სიჩქარეს არ უკლებენ, ქუჩაშიც ვეღარ გამოვსულვართ მათი შიშით. ზოგი ავტობანზე მუშაობს, ზოგი ქვიშას ეზიდება, ზოგი _ გაზის მილებს. დავხვდებით აქ, გავაბრუნებთ უკან, მერე ზოგი ხან ვისი ახლობელი აღმოჩნდება და ხან _ ვისი. გვეუბნებიან დღეს გაგვატარეთ, ხვალიდან არ შეგაწუხებთო“, _ ამბობენ ადგილობრივები.
ერთ-ერთი, ვის სახლსაც მძიმეწონიანი მანქანების ხშირი მოძრაობის გამო ბზარები გაუჩნდა, ლასა ჯაჯავაა, რომლის თქმითაც სახლზე ბზარები თითქმის ყოველდღიურად მატულობს: „მე აქ შვილები მყავს და შიშის ქვეშ ვიყო?! აქ ჩვენ ვცხოვრობთ და ჩვენვე გადავწყვეტთ, დიდმა მანქანებმა იარონ თუ არა. ჩვენ გზას იმიტომ არ ვკეტავთ, რომ ვინმეს პრობლემა შევუქმნათ, არამედ იმიტომ ვაკეთებთ ამას, რომ მშვიდი ცხოვრება გვინდა. დილის 6 საათიდან ამ ხმაურში ყოფნა როგორია?!”.
მოსახლეობასთან აღნიშნულ საკითხზე მოსალაპარაკებლად ინერტული მასალის გადამზიდი მანქანების მეპატრონეები მივიდნენ. მათ გზის სარგებლობისთვის ათდღიანი ვადა ითხოვეს, „მერე კი ჩვენვე მოვაგვარებთ, სხვა გზით ვივლითო“. თუმცა, ეს წინადადება არ გაიზიარეს ადგილობრივებმა და ამბობენ, რომ მათი პროტესტი მანამ გაგრძელდება, სანამ აღმაშენებლის ქუჩაზე მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობა არ აიკრძალება: ,,ვიქნებით აქ და გავაკონტროლებთ, დიდი მანქანების მოძრაობას. დღეს 5 გავაბრუნეთ უკან. გზის მეტი რა არის, სხვა გზით იარონ. აქ შარშან აბრა დადგეს, რომ 10 ტონაზე მეტი ტვირთის მქონე ავტომობილი ვერ გაიარდა. ორი იყო ასეთი, სადაა მერე. მოხსნა ვიღაცამ და ესენიც დაგულაობენ თავიანთ ჭკუაზე”.
ლანჩხუთის მერის ალექსანდრე სარიშვილის თქმით, აღნიშნული პრობლემის თაობაზე ის გეგმავს შეხვდეს ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს.