არჩევნებთან და პოლიტიკასთან დაკავშირების გარეშე უნდა დავაკვირდეთ და ამ ამბავს და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდართან დაკავშირებით განაცხადა.
თეა წულუკიანი, ამ ეტაპზე, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს. იუსტიციის მინისტრმა სხვა რეგიონებზეც ისაუბრა, სადაც არჩევნების დღეს დაძაბულობაა მოსალოდნელი. მისი თქმით, შესაბამისი სტრუქტურები ინფორმირებული არიან და სრულად გააკონტროლებენ სიტუაციას, რათა ყოველგვარი დაძაბულობა თავიდან აიცილონ.
„აუცილებელია, ყველამ გავითავისოთ, რომ, ამ ეტაპზე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რაიმე ვერსიებზე საუბარი, რადგან მიმდინარეობს გამოძიება. ამ საკითხის ვერავითარი პოლიტიზება ვერ მოხდება მარტო იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთ დაჭრილ პირს კანდიდატის სტატუსი აქვს.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ თემის არჩევნებთან და პოლიტიკასთან დაკავშირების გარეშე უნდა დავაკვირდეთ პროცესს და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.
რაც შეეხება ქვემო ქართლსა და იმ რეგიონებს, სადაც შეიძლება იყოს გარკვეული დაძაბულობის ნიშნები, რა თქმა უნდა, იქ როგორც ყველა წინა არჩევნებზე, შესაბამისი სტრუქტურები ფლობენ ინფორმაციას და აქვთ პრევენციული გეგმა იმისათვის, რომ ამომრჩეველმა მისთვის სასურველ პარტიასა და კანდიდატს ხვალ დილიდან ხმა მისცეს მშვიდ გარემოში” – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს და მის თანმხლებ პირებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ყიზილაჯლოში გუშინ ღამით ესროლეს.
მაჟორიტარობის კანდიდატსა და მისი თანმხლები პირებიდან ერთს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ.
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაჭრილთაგან ორი მათგანის ოპერაცია დასრულდა და მხოლოდ ერთის მდგომარეობა რჩება მძიმე.
1TV.GE