ჩოხატაურში, 2008 წლის აგვისტოში მომხდარ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ყვავილებით შეამკეს დაღუპულ გმირთა საფლავები, ხოლო გმირებისადმი მიძღვნილი პანაშვიდი წმ. ანასა და იოაკიმეს სახელობის ტაძარში დეკანოზმა მამა თომამ გადაიხადა, რომელსაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავაც დაესწრო.
როგორც მერმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, 8 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა და ამ ტრაგედიის შედეგებს დღემდე ვიმკით.
„ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ამ ომს ასობით ჩვენი უდანაშაულო თანამემამულის სიცოცხლე შეეწირა. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ ვერ ააცილა ქვეყანას ეს ტრაგედია. საქართველომ დაკარგა კონტროლი კიდევ უფრო მეტ ტერიტორიაზე და ჩვენი ქვეყნის 20% დღემდე ოკუპირებულია.
ამ ტრაგედიის შედეგებს დღემდე ვიმკით, მათ შორის, ბორდერიზაციის სახით.
აგვისტოს ომს ბევრი გმირი ჰყავს, მათგან სამი ჩოხატაურელია, მერაბ ახობაძე, ფილიპე (ლერი) მგალობლიშვილი და მურთაზ ირემაძე. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას, ტაძარში აღევლინა დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, ვიყავით მათ საფლავებზე. მათი სახელების და გმირობის უკვდავყოფა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თანამედროვეთათვის, მომავალი თაობებისთვისაც. ამიტომ მათი ხსოვნა არასოდეს მიეცემა დავიწყებას“,_ განაცხადა კუჭავამ.
შეგახსენებთ, რომ ომი 2008 წლის 7 აგვისტოს, ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით დაიწყო ცხინვალის რეგიონში. ოსური დასახლებების მხრიდან, რამდენიმე დღის, განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს, საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად.
რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო.
რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშუტისტები გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში.
აგვისტოს ომმა 162 ქართველი სამხედრო მოსამსახურე შეიწირა _ მათ შორის 9 გურიიდან იყო.