CNN-ს აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი უდასტურებს, რომ ვაშინგტონი კიევს M142 მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს (HIMARS) გადასცემს.
შეირაღების გადაცემა აშშ-ს უკრაინისთვის განკუთვნილ უსაფრთხოების მე-11 პაკეტის ფარგლებში მოხდება.
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინისთვის გადაცემული HIMARS-ის სისტემები აღჭურვილი იქნება საბრძოლო მასალით, რომლის მეშვეობითაც რაკეტების გაშვება 80 კილომეტრის რადიუსზე იქნება შესაძლებელი.
“ამ სისტემებს უკრაინელები გამოიყენებენ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული წინსვლის მოსაგერიებლად, მაგრამ ისინი არ გამოიყენებენ მას რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეების წინააღმდეგ”, – განუცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს.
ეს HIMARS-ის სისტემის მაქსიმალურ რადიუსთან, 300 კილომეტრთან შედარებით ბევრად მცირე მანძილია, თუმცა, ამისდა მიუხედავად, ყველაზე დიდი რადიუსის მქონე იარაღი იქნება, რაც ამ დროისთვის უკრაინას გადაეცა.
უსაფრთხოების დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც ოფიციალურად 1-ელ ივნისს გამოცხადდება, ასევე მოიცავს სადაზვერვო რადარებს, დამატებით ჯაველინებს, ჯავშანსაწინააღმდეგო იარაღებს, საარტილერიო ჭურვებს, ვერტმფრენებს, ტაქტიკურ მანქანებსა და ნაწილებს აღჭურვილობის შესაკეთებლად.
ამერიკის მიერ უკრაინისთვის თანამედროვე სარაკეტო სისტემებს გადასცემასთან დაკავშირებით, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინას ისეთ საბრძოლო მასალას მიაწვდიან, რომლითაც ქვეყანა შეძლებს უფრო ზუსტად დაარტყას მთავარ სამიზნეებს ბრძოლის ველზე.
The New York Times-ში გამოქვეყნებულ წერილში ბაიდენი წერს, რომ ამერიკის მიზანი ცალსახაა – “გვინდა ვიხილოთ დემოკრატიული, დამოუკიდებელი, სუვერენული და აყვავებული უკრაინა შემდგომი აგრესიისგან შეკავებისა და დაცვის საშუალებებით”.
“ჩვენ სწრაფად ვიმოქმედეთ, რათა უკრაინას გავუგზავნოთ მნიშვნელოვანი რაოდენობის იარაღი და საბრძოლო მასალა, რათა მან შეძლოს ბრძოლა ბრძოლის ველზე და იყოს ყველაზე ძლიერ პოზიციაზე მოლაპარაკებების მაგიდასთან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ უკრაინელებს მივაწოდოთ უფრო მოწინავე სარაკეტო სისტემები და საბრძოლო მასალები, რაც მათ საშუალებას მისცემს უფრო მაღალი სიზუსტით დაარტან საკვანძო სამიზნეებს”, – წერს ბაიდენი.
წერილში ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტის სიტყვები მოიხმო, რომ საბოლოო ჯამში ეს ომი “მხოლოდ დიპლომატიური გზით დასრულდება”.
ავტორი