“დღევანდელი გადაწყვეტილება, რაც წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინასწარ პატიმრობას გულისხმობს, სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის”, _ ასე ეხმაურება ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიასთვის პატიმრობის მისჯას
“ამერიკის ხმასთან” საუბარში სენატორმა აღნიშნა, რომ მისი წუხილები ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუარესებაზე, აღნიშნულმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა
“ბატონი მელიასთვის თავისუფლების აღკვეთა კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობაა, რაც ძალიან ხშირ მოვლენად იქცა და აუცილებლად გაართულებს მიმდინარე მოლაპარაკებებს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, საქართველოს მმართველობის შესახებ. ჩემი წუხილები ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუარესებაზე, დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა,”- განაცხადა ჯიმ რიშმა.
შეგახსენებთ, რომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 17 თებერვალს ღამის 10 საათზე შეუფარდა. მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად ამ დრომდე სამართალდამცავებს ნიკა მელია არ დაუკავებიათ.
როგორც შსს- მ განაცხადა, ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის გამო, დროებით გადაიდო.