ამერიკელი მეცნიერები მრავალი წელია მუშაობენ ისეთი სისტემის შექმნაზე, რომელიც ადამიანის ორგანიზმში თირკმლის ფუნქციას შეასრულებს. 2019 წლის ნოემბერში, ვაშინგტონში გამართულ American Society of Nephrology Kidney Week-ზე, კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCSF) მკვლევარებმა წარმადგინეს ექსპერიმენტის შედეგები – მოწყობილობა, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში ქმნიდნენ და ხვეწდნენ, წარმატებით, იმუნური რეაქციისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გართულებების გარეშე ინპლანტირდა ღორის ორგანიზმში.
როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, მსოფლიოს მასშტაბით, თირკმლის დაავადების ბოლო, ურთულეს სტადიას 2 მილიონზე მეტი ადამიანი მკურნალობს. ამერიკაში მათი რიცხვი 750 000-ია. 2016 წლის მონაცემებით, აშშ-ში, თირკმლის გადანერგვა შესაძლებელი გახდა მხოლოდ 21 000 შემთხვევაში, როცა შესაბამისი დონორის პოვნა მოახერხეს. პაციენტთა უმეტესობა დონორს დიალიზზე მიერთებული ელოდება. მიერთებული იმიტომ, რომ მათ კვირაში რამდენჯერმე უწევთ კლინიკაში ვიზიტი, რათა ხელოვნურად გაწმინდონ სისხლიდან ის ტოქსინები, რაც თირკმელს, როგორც ბიოლოგიურ ორგანოს უნდა გაეწმინდა. თუმცა, რა თქმა უნდა, დიალიზი ასრულებს თირკმლის მხოლოდ ერთ ფუნქციას – წმენდს სისხლს ტოქსინებისგან და ბიოლოგიური თირკმლისგან განსხვავებით, არ იღებს მონაწილეობას არტერიული წნევის რეგულირებაში, არ უზრუნველყოფს ელექტროლიტურ ბალანსს და რა თქმა უნდა, არ აწარმოებს ჰორმონებს. შესაბამისად, დიალიზზე მყოფი პაციენტების, საშუალოდ, 35% რჩება ცოცხალი, დიალიზის გამოყენებიდან 5 წელიწადში, იმ შემთხვევაში, თუ მათი თირკმლის დონორი ვერ მოიძიეს.
The Kidney Project – ასე ჰქვია პროექტს, რომელზეც ამერიკაში მოღვაწე ბანგლადეშელი მეცნიერი – შუვო როი მთელი დეკადაა მუშაობს. მოწყობილობა, რომელიც მან თავის გუნდთან ერთად შექმნა, ორი მთავარი კომპონენტისგან შედგება; ესენია: სისხლის ფილტრაციის სისტემა (hemofilter), რომელიც სისხლს ტოქსინებისგან ნანომეტრის სიფართის ფორების მქონე სილიკონის მემბრანებით ფილტრავს და მეორე – ერთგვარი ბიორეაქტორი. ეს უკანასკნელი ადამიანის თირკმლის უჯრედებს შეიცავს და ასრულებს ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა სითხის რაოდენობის რეგულირება, არტერიულ წნევაზე ზემოქმედება, მარილის დონის რეგულირება და რა თქმა უნდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმონების წარმოება. შესაბამისად, მოწყობილობის გამოყენების შედეგად, იხსნება არამხოლოდ დიალიზის, არამედ დონორის საჭიროებაც.
აღსანიშნავია, რომ მოწყობილობის ერთი კომპონენტი – ჰემოფილტრაციის სისტემა, პრეკლინიკური კვლევების საფუძველზე, FDA-ს პასუხს ელოდება, იმისათვის, რომ დაადასტურონ მისი უსაფრთხოება და ნება დართონ მეცნიერებს, გამოიყენონ ის კლინიკური კვლევების დონეზე. კალიფორნიის უნიერსიტეტის ფარმაციისა და მედიცინის სკოლის ბიოინჟინერიისა და თერაპიული მეცნიერების განყოფილება კი, ამ ეტაპზე, აგრძელებს მუშაობას მოწყობილობის მეორე მხარის – ბიორეაქტორის დახვეწაზე.
მეცნიერთა თქმით, ღორზე ჩატარებულ ექსპერიმენტზე დაყრდნობით, მოწყობილობის იმპლანტირება არ იწვევს როგორც სასიცოცხლოთ მნიშვნელოვან გართულებებს (მათ შორის, უცხო სხეულთან შეგუებისთვის დამახასიათებელ იმუნურ რეაქციებს), ასევე, პოსტოპერაციული პერიოდის გასვლის შემდეგ, პაციენტის გადაადგილებასთან დაკავშირებულ დისკომფორტს. თუმცა, ჯერჯერობით, ზუსტად ვერ ვიტყვით, როდის იქნება ტრანსპლანტი ხელმისაწვდომი დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის.
ვიდეო : https://www.youtube.com/watch?time_continue=5&v=7-WcOovPv0M&feature=emb_logo
წყარო: marketer.ge