ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ანა მიქელაძის თქმით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 15.95%, (558 755 ამომრჩეველი).
„აღნიშნულ მონაცემს თუ შევადარებთ 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნების 12:00 საათიან მონაცემს, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 17.15%. 12 საათიანი აქტივობის მონაცემის მიხედვით, დღეს ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ამბროლაურის ოლქში – 27.4%, ხოლო ყველაზე დაბალი ყაზბეგის ოლქში – 12%“,-განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა. ანა მიქელაძემ მედიას ასევე გააცნო ინფორმაცია მცირე პროცედურული ხასიათის ხარვეზების შესახებ:
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ცესკოს მოაწოდა ინფორმაცია, რომ ნაძალადევის №74-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სამკერდე ნიშნით, რომელიც არ იყო ცესკოს მიერ დადგენილი წესით გაცემული, იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი. გადამოწმების შედეგად, აღნიშნული დადასტურდა და საუბნო საარჩევნო კომისიამ დაატოვებინა არაუფლებამოსილ პირს საარჩევნო უბანი; ახმეტის ოლქში, ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და ჩვეულებრივ მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. თუშეთში, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არის რეგისტრირებული 28 ამომრჩეველი, კერძოდ სხვადასხვა პოსტზე მყოფი მესაზღვრეები. მათგან 4 შეძლებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ხოლო დანარჩენებთან უამინდობისა და დაკეტილი გზების გამო ვერ მოხერხდება გადასატანი ყუთის მიტანა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორში, 4 საარჩევნო უბანი დაკეტილი იყო. საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაამოწმა და აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.
ცესკოს პრეს-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. (R)