აფხაზეთის ომში დაღუპული თეიმურაზ ჯორბენაძის ცხედარი წუხელ ღამით თბილისის სამების საკათედრო ტაძრიდან ოჯახში გადმოასვენეს. გმირს ქობულეთის გამგებელმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და თანამოქალაქეებმა პატივი მიაგეს. „მინდა, მივუსამძიმრო თითოეული გმირის ოჯახს, მათ ახლობლებს, მთელს საქართველოს… საამაყოა, რომ მათ შორის ერთ-ერთი ჩვენი თანამოქალაქეა. ფასდაუდებელია მათი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე. სწორედ ასეთი ადამიანების გმირობებზე დგას ჩვენ ქვეყნის მომავალი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები და საუკუნე ნეტარება დაუმკვიდროს“ – განაცხადა ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ.
დღეს სამოქალაქო პანაშვიდი ჯორბენაძის მშობლიურ სახლში გაიმართება, 19 ოქტომბერს ცხედარს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიაში დაასვენებენ და საგვარეულო საფლავზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
თეიმურაზ ჯორბენაძე სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა დახვრიტეს. იგი 24 წლის მანძილზე უგზო-უკვლოდ დაკარგულად იყო მიჩნეული. გმირის ნეშთი 1993 წლის 27 სექტემბერს დახვრეტილ 25 მებრძოლს შორის იაშტუხას ძმათა სასაფლაოზე იქნა აღმოჩენილი.
თეიმურაზ ჯორბენაძეს მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი. იგი 1992 წლიდან გაერთიანებული იყო ავღანელთა კავშირში და იბრძოდა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. თეიმურაზ ჯორბენაძე 1993 წლის 27 სექტემბერს 31 წლის ასაკში დახვრიტეს. ახალგაზრდა გმირს დარჩა მეუღლე და სამი შვილი.
2014 წელს ქობულეთის N3 საჯარო სკოლას თეიმურაზ ჯორბენაძის სახელი მიენიჭა, ასევე ქალაქში ერთ-ერთი გადასასვლელი გმირის სახელს ატარებს. (R)