„მაინც მგონია, რომ ეს 52 % კიდევ უფრო გაიზრდება. მე პირადად მგონია, რომ მოიმატებს მაგრამ არ გამოვრიცხავ მეორე ტურს“- ამის შესახებ განცხადება, გია ვოლსკიმ გააკეთა. ირაკლი კობახიძის შემდეგ, რომელმაც “ქართული ოცნების” ეგზიტპოლების გაგებისთანავე სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა, მმართველი გუნდის სხვა წევრები, შედეგების შეფასებაში შედარებით ფრთხილები. ისინი ამბობენ, რომ დაელოდებიან ცესკოს მონაცემებს და ამასთან არც მეორე ტურს გამორიცხავენ.
პარტიის მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლების შედეგებზე ეხმაურება კახა კალაძეც. ის ამბობს, რომ ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი.
რაც შეეხება სხვა პარტიების მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლებს და ასევე “რუსთავი 2”- ს გამოკითხვის შედეგებს, რომლის მიხედვითაც მეორე ტური გარდაუვალია, კახა კალაძე აცხადებს, რომ მას გაუჭირდება “ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” მონაცემები შეაფასოს.
„ეგზიტპოლი, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა წარმოდგენილი 7 საათის მონაცემებით დიდი უპირატესობით ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი. მე გამიჭირდება პასუხი გაგცეთ მათ მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლის შედეგებზე. ეს ორივე პარტია წარმოადგენს ერთ დიდ „ნაციონალური მოძრაობას“. უხეშად, რომ არ გამომივიდეს და ყველასთვის გასაგები რომ იყოს, ერთი გამხმარი ხის ორი ტოტია,“-განაცხადა კახა კალაძემ.
ცესკოს მონაცემებს ელოდება ეკა ბესელია და თამარ ჩუგოშვილიც. მმართველ გუნდში აცხადებენ რომ ცდომილება იმ შედეგებთან რაც „ქართული ოცნების“ გამოკითხვების მიხედვით დადგა, მინიმალურია.