საოკუპაციო ხაზთან, მცოცავი ოკუპაციის გასაპროტესტებლად დაგეგმილ აქციას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც უერთდებიან და ბერშუეთთან ჩასვლას გეგმავენ. ოპოზიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა გაააქტიუროს.
“თითოეულ ადამიანს აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ ჩვენი ქვეყნის თავისუფალი, ევროპული, ტრანსატლანტიკური მომავალი რუსეთმა ვერ წაგვართვას. არადა ბრძოლა არის ამაზე, ცდილობენ საქართველოს ჩამოცილებას, ერთი ერთზე დატოვებას რუსეთთან და ჩამოცილებას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან,“ – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნიკა რურუამ.
„ევროპული საქართველოს წევრები ამბობენ, რომ ეს პროტესტი მიმართული იქნება ერთის მხრივ, ოკუპაციის, მეორეს მხრივ კი, საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის წინააღმდეგ.
„ოკუპაციის გაპროტესტება უკვე ღირსების საქმეა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რადგან ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად როგორი საფრთხე ექმნებათ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენი ხელისუფლების ვალია, რომ დაიცვას ამ ადამიანების თავისუფლება და სიცოცხლე, რასაც სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ,“ – აცხადებს ირაკლი კიკნაველიძე.
მმართველი გუნდის უმოქმედობასა და მათ არასწორ საგარეო პოლიტიკაზე საუბრობს პოლიტიკური მოძრაობის “სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარეც.
„საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მკაფიო, მტკიცე რეაქცია იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება ერთის მხრივ, ოკუპანტის მიერ და მეორეს მხრივ, იმ უმოქმედობის მიმართ, მორჩილი მდუმარების მიმართ, რაც აქვს საქართველოს ხელისუფლებას,“ – ამბობს ნიკა მაჭუტაძე.
rustavi2.ge