შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ჯ.ჩ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2002 წელს დაბადებულ მ.მ.-ს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ დროისთვის დაჭრილი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მკურნალობს.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მიმდინარე წლის 21 დეკემბერს სოფელ წეროვანში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით, რაც შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.