ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პრეპარატი „რემდესივირი“ კლინიკური კვლევის ფარგლებში, მხოლოდ მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის არის განკუთვნილი. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „აქტუალური თემა” განმარტა, სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, ქვეყანა „რემდესივირს“ იმ პაციენტებისთვის გამოიყენებს, ვინც ამ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.
„რემდესივირი“ დღესაც რჩება სოლიდარობის კვლევის ერთ-ერთ ჯგუფში გამოსაყენებლად. სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, ქვეყანა „რემდესივირს“ იმ პაციენტებისთვის გამოიყენებს, ვინც გარკვეულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. ის ფართო გამოყენებისთვის“ არ არის. არავის ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ „რემდესივირი“ ფართო გამოყენებისთვის იქნება და შესაძლებელი იქნება, ყველამ გამოიყენოს. რა თქმა უნდა, არა. ჩვენების მიხედვით და მხოლოდ კლინიკური კვლევის ფარგლებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კლინიკური კვლევის ფარგლებში, მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის არის მხოლოდ „რემდესივირი“ განკუთვნილი“, – განაცხადა გაბუნიამ.
რაც შეეხება ანტისხეულებს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ინფექციურ დაავადებათა ცენტრი უკვე თანამშრომლობს ამერიკულ ინსტიტუციებთან, რომლებიც საქართველოს კვლევაში ჩართვას სთავაზობენ.
თამარ გაბუნიას თქმით, რა რაოდენობის ანტისხეული შემოვა ქვეყანაში, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი ადამიანი ჩაერთვება კვლევაში.