“გურია ნიუსთან” საუბრისას ჩოხატაურის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თეიმურაზ კუტუბიძე აცხადებს, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საოლქო კომისიაში შესულ საარჩევნო ოქმებში დისბალანსი არ ფიქსირდება.
როგორც კუტუბიძემ განმარტა, დისბალანსი არის იმ შემთხვევაში, როცა ხელმოწერების რაოდენობა ნაკლებია საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე.
“სუბიექტების მიერ აღებული ხმების რაოდენობა უნდა დაჯამდეს, უნდა დაემატოს ამას ბათილი ბიულეტინები, რადგან ვისი ბიულეტენიც ბათილი დარჩა, იმან ჯერ ხელი მოაწერა და ხმა მისცა. ამ ხმების და ბათილი ბიულეტინების ჯამი უნდა იყოს ტოლი ან ნაკლები ხელმოწერების რაოდენობაზე, თუკი მეტია, მაშინ დისბალანსია და ასეთი რამ შეუძლებელია დაიმალოს. როგორ შეიძლება 10-მა კაცმა მოაწეროს ხელი და 12 ხმა დაჯდეს?”,_ ამბობს კუტუბიძე.
ის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის ოქმის შემთხვევას იხსენებს, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, დისბალანსი დაფიქსირდა, მაგრამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საოლქო კომისიის თავმჯდომარე გვეუბნება, რომ შეუძლებელია საარჩევნო უბანზე 1 500-ზე მეტი ამომრჩეველი მისულიყო. შესაბამისად, შეუძლებელია საარჩევნო სუბიექტებს ამაზე მეტი ხმა ჰქონდეთ მიღებული.
„ერთ-ერთი ოქმი აჩვენეს, 1100-ზე მეტი ხმა ჰქონდა ოცნებას, 1000-ზე მეტი ნაციონალებს და სხვა პარტიებსაც ჰქონდათ ხმები მიღებული. საარჩევნო უბანზე მაქსიმუმ 1 500 ამომრჩეველი რეგისტრირდება და უფრო მეტი ამომრჩეველი შეუძლებელია იყოს. შესაბამისად, ყველა ამომრჩეველი რომც მივიდეს ხმის მისაცემად არცერთი საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე ასეთ სისულელეს არ დაწერდა, ამას ვერ დავიჯერებ. ამას კალკულატორიც არ სჭირდება, 1000-ს რომ 1000-ს მიუმატებ 2 000-ია და რად უნდა ამას კალკულატორი?”_ გვეუბნება კუტუბიძე.
როგორც ცესკოში აცხადებენ, სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილი აქტიურად აზიარებს და ამტკიცებს, რომ კონკრეტული შემაჯამებელი ოქმები გაყალბებულია, რადგან არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არ ემთხვევა მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობას.
ცესკოს განმარტებით, პროპორციულ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა ვერ დაემთხვევა მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობისა და ბათილი ბიულეტენების ჯამს.
ცესკოში აცხადებენ იმასაც, რომ ამ ყველაფერს აქვს კამპანიური ხასიათი, რისი ნათელი მაგალითიც არის სოციალურ ქსელში შექმნილი გვერდი სახელწოდებით ,,გაყალბებული ოქმები’’. მსგავს დაფინანსებულ გვერდებზე გავრცელებული ოქმები, რომლებიც თითქოსდა გაყალბებულია, მიზნად ისახავს საზოგადოების აზრის მანიპულაციას, ჩვენი მოქალაქეების დეზინფორმაციას, საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გაჩენას.