“წვეთიზმი” _ ასე ეწოდება ჩოხატაურელი მხატვრის, არჩილ კუტალაძის პერსონალურ გამოფენას, რომელიც დღეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეაში გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები მხატვრის საოცარი გულწრფელობით, სითბოთი და სიყვარულითაა შესრულებული.
არჩილ კუტალაძე დაიბადა 1966 წლის 25 თებერვალს, ჩოხატაურში. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში (ხატვა-ხაზვის ფაკულტეტი).
1987 წლიდან სისტემატურად მონაწილეობს გამოფენებში, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთაც. მხატვრის ნამუშევრები გამოფენილი იყო რუმინეთში, ყაზახეთში, ბელორუსში, აზერბაიჯანში, თურქეთში. მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში. იგი არის საქართველოს მხატვართა ასოციაციის წევრი; დაჯილდოებულია საპატიო სიგელით სახვითი ხელოვნების განვითარებაში გაწეული წვლილისთვის.
გამოფენა ჩოხატაურის სახვითი ხელოვნების გალერეაში პირველ მარტამდე გასტანს.