საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა, _ ამის შესახებ თალაკვაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
უკვე ყოფილი პარლამეტის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერის თანამდებობას დაიკავებს. რომლის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
რაც შეეხება სპიკერის პოზიციას “ქართული ოცნებამ” კახა კუჭავას კანდიდატურა წარადგინა.
ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მისი ადგილი პარლამენტის დარბაზშია და არა სპიკერის პოზიციაზე.
პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას, უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასები, როგორც ექსპერტების მხრიდან, ისე უმრავლესობის წევრებისგან და ოპზიციური სპექტრისგან.
პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, არანაირი საფუძველი და წინაპირობები იმისთვის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გადამდგარიყო არ არსებობდა.
ასევე, მან აღნიშნა, რომ გადადგომის მიღმა რაღაც სხვა უნდა იმალებოდეს, ვიდრე ის, რომ მან თავისი მისია შეასრულა და ახლა ვიღაც უფრო ნეიტრალურმა უნდა გააგრძელოს ეს პროცესი.
„ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარისგან, მითუმეტეს, გადადგომა. იმიტომ, რომ არანაირი წინაპირობა, რომ ეს ნაბიჯი ყოფილიყო გადადგმული, არ იქმნებოდა. წარუმატებელი მოლაპარაკებები რომ ყოფილიყო და გადამდგარიყო, მაშინ გასაგებია, მაგრამ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და თუ ვინმეს წვლილი მიუძღვის ამ მოლაპარაკებებში, მათ შორის არის არჩილ თალაკვაძეც. ამიტომ, რაღაც მთლად ლოგიკური განცხადება, ჩემი აზრით, არ არის. არ ყოფილა ის ცუდი სპიკერი, ამას შეიძლება ხაზი გავუსვათ, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ გადადგომის მიღმა უფრო რაღაც სხვა უნდა იმალებოდეს, ვიდრე ის, რომ მან თავისი მისია შეასრულა და ახლა ვიღაც უფრო ნეიტრალურმა უნდა გააგრძელოს ეს პროცესი. მე მგონია, რომ, პირიქით, პროცესი მას უნდა გაეგრძელებინა, ვინც წარმატებას მიაღწია ამ მოლაპარაკებების დროს. ამჟამად რა შეიძლება ყოფილიყო გადადგომის მიზეზი, ვერ ვხვდები, მაგრამ, ალბათ, გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლოა, უფრო რეალური მიზეზი გამოჩნდეს თუ რატომ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე“, _ განაცხადა ძაბირაძემ.
მისი განმარტებით, „ქართულ ოცნებას“ მიღწეული შეთანხმება საზიანოდ და საკუთარ მარცხად რომ ჩაეთვალა, არა მხოლოდ არჩილ თალაკვაძე, არამედ ირაკლი კობახიძეც უნდა გადამდგარიყო, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარის რანგში სწორედ კობახიძემ მიიღო.
„მარცხად თუ აღიარა „ქართულმა ოცნებამ“ ეს შეთანხმება, მაშინ უნდა ველოდოთ, რომ გადადგება არა მარტო თალაკვაძე, არამედ _ კობახიძეც, იმიტომ, რომ გადაწყვეტილებას საბოლოოდ თალაკვაძე კი არა, კობახიძე იღებს. „ქართული ოცნების“ სტრუქტურა ასეთია _ პარტიის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას. ამიტომ თუ „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ეს შეთანხმება მათთვის წამგებიანია, მაშინ პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, მოდის კობახიძეზე და არა თალაკვაძეზე. თუ ამ განცხადებას გააკეთებს კობახიძე, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ ეს არის მარცხი“, _ განაცხადა ძაბირაძემ.
ოპოციის შეფასებით კი, არჩილ თალაკვაძის გადადგომა იმის მანიშნებელია, რომ ,,ქართული ოცნება“ აგრძელებს რღვევას, პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა ნიშნავს, რომ “ქართული ოცნება“ აგრძელებს რღვევას და ოპოზიცია სწრაფად უნდა გაერთიანდეს.
შეთანხმების ბოლომდე შესრულება მოუწევთ, ადგილობრივზე 42-ს კი არა, 22-ს ვერ აიღებენ, ვადამდელი გარანტირებული იქნება. ჩვენ მხარეს გადმოვიდა ყველაფერი _ დასავლეთის აზრიც, შიდა პოლიტიკური ვითარებაც. იმედია, ჭკუა ეყოფა ოპოზიციას და ერთმანეთის დაჭმას არ გადააყოლებს უტყუარ გამარჯვებას”, _ წერს ის სოციალურ ქსელში.
„ლელოს“ წევრის, ლევან სამუშიას შეთანხმებით “ქართულმა ოცნებამ” აღიარა მარცხი, რის გამო არჩილ თალაკვაძეს დაატოვებინეს თანამდებობა.
“ჩვენ კარგად გვახსოვს, როდესაც მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი იმართებოდა, წარმოუდგენელი უპატივცემულობა განახორციელა “ქართულმა ოცნებამ”, მაშინ, როცა მოლაპარაკების მაგიდასთან არ მოვიდა. მათ წინა დღით ხელი მოაწერეს არალევერანტულ დოკუმენტს, რომელიც განხილვაშიც არ ყოფილა. ამით ისინი ცდილობდნენ აერიდებინათ შეთანხმებაზე ხელის მოწერა. საუბარია პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე, ეს კი პირდაპირ მანიშნებელია, რომ ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმრები და ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულებაა. ასევე, რეალურად გამოჩნდა ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზა. ამ ვითარებიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამ შეთანხმებით “ქართულმა ოცნებამ” აღიარა მარცხი. არჩილ თალაკვაძეს დაატოვებინეს თანამდებობა. მას არ აპატიეს ეს შეთანხმება. არ აპატიეს ის, რომ აღიარებულია უკვე საქვეყნოდ პოლიტპატიმრების არსებობა. ხელი შეაწმინდეს თუ მას დააბრალეს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ცალსახაა “ოცნებამ” და ივანიშვილმა არ აპატია არჩილ თალაკვაძეს მიღწეული შეთანხმება, რომელიც, ჩვენი ფასილიტატორი ელჩებისა და დასავლელი პარტნიორების მეშვეობით დაიდო”, _ განაცხადა პოლიტიკური პარტია “ლელოს“ წევრმა ლევან სამუშიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით კი, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ თალაკვაძის კახა კუჭავათი შეცვლას არანაირი აზრი არ აქვს.
“ერთი პარტიული ადამიანი შეცვლის მეორე პარტიულ ადამიანს, რა ნეიტრალობაზე გვესაუბრებიან”, _ ამბობს სამუშია.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით კი, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებებში თავს დამარცხებულად თვლის და ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი დასაჯა ამისთვის.
“ვფიქრობ, ეს არის პასუხი ოპოზიციის მხარდამჭერებისთვის ან ოპოზიციური პოლიტიკოსებისთვის, რომლებსაც გულით უნდა, რომ ეს შეთახნმება საკუთარ მარცხად გააფორმოს. დღევანდელი დღით ცხადად დადასტურდა, რომ ქართული ოცნება ოცნება ფიქრობს, რომ ის დამარცხდა ამ მოლაპარაკებებში, მას მოუწია ძალიან ბევრ კომპომისზე წასვლა და ვფიქრობ, ეს კარგია ჩვენი ქვეყნისთვის”, _ აცხადებს გიორგი ვაშაძე.
არჩილ თალაკვაძის გადადგომას ეხმიანება, „ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა, რომელიც მიიჩნევს, რომ თალაკვაძის გადადგომით “ოცნებამ” დადებულ შეთანხმებაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა და მისი შესრულება ეჭვქვეშ დადგა.
„არავინ ეკითხება თოჯინას, მონას რა მდგომარეობას დაიკავებს მბრძანებლის ადგილზე, მე ვეჭვობ ასეთ შემთხვევაში ფარატინა ფურცლად იქცევა ის სამარცხვინო შეთანხმება, რომელიც ე.წ. ოპოზიციასთან გააფორმეს. სრულ პასუხისმგებლობას აკიდებენ თალაკვაძეს. დღეიდან შეუძლიათ, ეს გაწიკწიკებული შეთანხმება დაახვიონ კარგად და ისე შევიდნენ პარლამენტში“, _ თქვა გუგავამ.
“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პარლამენტის თავმჯდომარის გადგომას სოციალურ ქსელში გამოეხმარა: ,,ვაშაძემ ჰალსტუხი აახია და კუჭავამ _ თანამდებობა”, _ დაწერა ზურაბ ჯაფარიძემ.
საკადრო ცვლილებებს და როტაცისა მმართველ პარტიის – “ქართული ოცნების” დეპუტატებიც ეხმიანება, წევრების ნაწილი ამბობს, რომ თალაკვაძის გადადგომის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდა.
“არ ვიცოდი… დღეს გავიგე.. ფორსმაჟორულად არ წასულა”, _ ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
უმრავლესობის დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის თქმით კი, “ოცნება” ყველა მნიშვნელოვან საკითხს შეხვედრაზე განიხილავს. ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ასეთი გადანაცვლელები კიდევ ვიხილოთ, დეპუტატი პასუხობს:
“კი… ჩვენ ყოველთვის ვიხილავთ “ქართული ოცნების” ასეთ, თქვენთვის მოულოდნელ გადაწყვეტილებებს, რომელიც იქნება ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის სასარგებლო. ნებისმიერი გადაწყვეტილება და მოლოდინიც ამისი, აუცილებლად უნდა გქონდეთ”, _ ამბობს მაჭარაშვილი.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებით, არჩილ თალაკვაძის თავმჯდომარეობას უკავშირდება საპარლამენტო ცხოვრებაში ერთ-ერთი რთული პერიოდის სწორად მართვა და ურთულესი მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება. მისივე თქმით, მოხარულია, რომ თალაკვაძე, როგორც ძლიერი სპიკერი, საპარლამენტსო ცხოვრების აქტიურ პროცესს შეუერთდება.
“მის სახელს უკავშირდება პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის, მნიშვნელოვანი გაძლიერება, რადგან არაერთ საკვანძო საკითხში ჩვენ, კომიტეტებს, მისი მხარდაჭერა უპირობოდ გვქონდა.
მიხარია, რომ ის, როგორც ძლიერი სპიკერი, საპარლამენტო ცხოვრებას უკვე აქტიურ პროცესში შემოუერთდება. ასევე წარმატებები ჩემს მეგობარ კახა კუჭავას. დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად წარუძღვება საპარლამენტო საქმიანობას”, _ წერს წილოსანი ფეისბუქგვერდზე.