ერგნეთში ცხინვალის ციხეში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე იმსჯელებენ, _ აღნიშნულის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, რამდენიმე წუთში ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრის მონაწილეები არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხის გარდა, ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული პირების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის საკითხზეც იმსჯელებენ.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით, 3 საათზე, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეების არაგეგმიური შეხვედრა ჩაინიშნა, სადაც განხილული იქნება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების და დაკავებულების – ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმოკლეს ვადაში გადმოსვლის საკითხები,“ – აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.