ცხინვალის ციხეში, საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში დაღუპვასთან დაკავშირებით, ევროკავშირი განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაციის საგარეო ქმედებათა სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, კერძოდ კი საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულ დაღუპვა, სერიოზული შეშფოთების საგანია.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია მზად არის მონიტორინგის მისიის მეშვეობით ხელი შეუწყოს მიმდინარე გამოძიებას.
ევროკავშირი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებისგან პატიმრობიდან გათავისუფლებული საქართველოს ორი მოქალაქის, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ გადაყვანის უზრუნველყოფას მოითხოვს.
“ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში”, _ აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს.”